სერხიო აგუერო: "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონობა შეუძლია

AutoSharing Option
“მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, თუმცა მისი პრობლემა თვალშისაცემია. “ეტიჰადზე" არნახულად ძლიერ თამაშს გუნდი გასვლაზე უუნარო ასპარეზობით აბათილებს. სტუმრად ჩატარებულ 6 შეხვედრაში მანუელ პელეგრინის შეგირდებმა 18 ქულიდან მხოლოდ 4 აიღეს, რის გამოც ცხრილში მერვე პოზიციამდე დაქვეითდნენ და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩნენ.

მიუხედავად ამისა, სერხიო აგუერო ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ “სიტის" ჯერ კიდევ შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია უმაღლეს საფეხურზე.

"ჩემი აზრით, სრული უფლება გვაქვს, ჩემპიონობაზე პრეტენზია გვქონდეს, რადგან საშინაო შეხვედრებში ძალიან ძლიერად ვთამაშობთ. ისღა დაგვრჩენია, გასვლით თამაშებში
გავაუმჯობესოთ შედეგი.

პირადად კარგი პერიოდი მაქვს. სეზონი კარგად დავიწყე და ამავე დონეზე ვაპირებ გაგრძელებას. ჩემს შედეგიან თამაშზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდის შედეგებია. მიხარია, რომ ალვარო ნეგრედო იოლად გაუშინაურდა გუნდს. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. იმედი მაქვს, თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

წელს მთელი გუნდი კარგად თამაშობს. ამის თქმა თამამად შეიძლება სამირ ნასრისა და დავიდ სილვაზე. ისინი “სიტის" უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან. სწორედ მათი წყალობით ვახერხებთ ბურთის კონტროლს, რაც თავდამსხმელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური უკვე მოვიპოვეთ. გვესმის, თუ რამდენად დიდი კონკურენციაა ამ ტურნირში. მომდევნო მეტოქისთვის მზადებას მას მერე შევუდგებით, რაც მის ვინაობას შევიტყობთ. ვნახოთ, რამდენად შორს მოვახერხებთ წასვლას.

პელეგრინი ხშირად ურთიერთობს ჩვენთან. გვისვამს შეკითხვებს, გვაძლევს რჩევებს. მასთან ურთიერთობა საკუთარი ძალების რწმენას გვმატებს. პირადად მე, ვცდილობ, რომ მწვრთნელს უზარმაზარი ნდობისთვის მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერხიო აგუერო: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული