"უემბლიზე" ინგლისმა უკანასკნელად მიჯრით თამაშები 1977 წელს დათმო. "სამ ლომს" უხერხემლო და უგულო ასპარეზობას ვერ დავაბრალებთ, თუმცა ისიც გვესმის, რომ გულშემატკივარს ამის მერე უფრო მეტი საფუძველი მიეცა პესიმიზმისთვის. ფეხბურთელთა განწყობაზე დასაწერად იქნება სხვა დროს მოვიცალოთ, ახლა კი, მოდი, გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომ კომენტარს გავეცნოთ.
როი ჰოჯსონი: "ცხადია, გულდაწყვეტილი ვარ, რადგან წაგება არავის უყვ
ვიცოდით, რომ მათი კუთხურები სახიფათო იქნებოდა მერტეზაკერისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის ფაქტორის გამო. მათთან ეფექტურად საბრძოლველად შემადგენლობაში ტანმაღალი უკანახაზელები დაგვაკლდნენ. ამ სათამაშო ასპექტში აშკარად მოვიკოჭლებდით.
მიუხედავად ზედიზედ ორი წაგებისა, ვერ დაგეთანხმებით, რომ წარუმატებლობები ლაქას დაამჩნევს ჩვენ მიერ ჩატარებულ შესანიშნავ წელიწადს. საფეხბურთო ასოციაციისთვის 2013 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაარსებიდან 150 წელიწადი შეუსრულდა. კარგი იყო უშუალოდ ნაკრებისთვისაც, რადგან ბრაზილიაში თამაშის უფლება პირდაპირ მოვიპოვეთ. ოპტიმიზმის საფუძველი აშკარად გვაქვს, გუნდში ხომ სტარიჯი, უელბეკი, უილშირი და ბარკლი გვყავს. ამასთან, ძალიან ძლიერია ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიც."
სასტუმრო თუ თავშესაფარი
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები კომფორტს დიდი ხანია მიეჩვივნენ, რადგან მათი ხელფასების საშუალო ჯამი კვირაში რამდენიმე ათეულ ათას ფუნტს აჭარბებს. მომავალ წელს რიო დე ჟანეიროში სწორედ ეს ხალხი იცხოვრებს სასტუმროში, რომელიც ბრიტანული სტანდარტებით თავშესაფარს უფრო ჰგავს. სასტუმროს "სამეფო ტიტა" ჰქვია.
შესასვლელთან ახლოს კანალიზაციიდან გამოდენილი ფეკალიები მოედინება, დგას აუტანელი სუნი. ამას კიდევ ეშველება, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ 6 თვეში შეიძლება მილის შეკეთება, მაგრამ არის მეორე პრობლემაც, რომელიც სურათს "აგვირგვინებს" და რომლის გადაწყვეტას 6 თვე კი არა ათეული წლები და მილიარდები სჭირდება. ეს არის ხედი ფანჯრებიდან: რიოს ყველაზე დიდი ფაველა.
"სამეფო ტიტას" ყოფილი კლიენტების ჩანაწერები ტურისტულ რესურს "ტრიპედვაიზორზე", რბილად რომ ვთქვათ, შოკის მომგვრელია. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ 2010 წელს ის სასტუმროს ფოიეში ტურისტის ბრმა ტყვიით დაღუპვის მოწმე გახდა. მიზეზი ადგილობრივ ბანდფორმირებებს შორის საქმის გარჩევა იყო. გარე საფრთხეების გარდა არსებობს შიდა პრობლემებიც.
მაგალითად, ანტისანიტარია, ფანჯრების ნაწილი, რომელიც არ იღება, დაჟანგებული სანტექნიკა, გაუგებარი წარმოშობისა და დანიშნულების ხვრელები სასტუმროს ჭერზე, უვარგისი ავეჯი და ასე შემდეგ. არ გეგონოთ, რომ ეს ძველი ამბებია და მას შემდეგ რამე გამოსწორდა. მაგალითად, გაგაცნობთ მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის ჩანაწერს. ავტორი მავანი შოტლანდიელია ქალაქ აბერდინიდან: "ვიმყოფები ნომერ 809-ში. შოკირებული ვარ იმით, რასაც ვხედავ. აქ ყველაფერი ძალიან ბინძურია. თავისუფლად შეიძლება სარკეზე თითით წერა, თითქოს საუკუნეა ხელი არავის დაუკარებია".
საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებს სწორედ "სამეფო ტიტაში" მოუწევს ცხოვრება, თუმცა მფლობელები უკვე იწყებენ რემონტს და პირობას იძლევიან, რომ ინგლისელ ვარსკვლავებს მსგავსი პრობლემები არ შეაწუხებთ.
ბარტონი ჩვეულ ამპლუაში
"ქუინზ პარკის" 31 წლის ნახევარმცველი ჯოი ბარტონი ჩვეულ სტილში აგრძელებს ინგლისის ნაკრების კრიტიკას. იმას, რასაც ძალიან ხშირად ცნობილი სკანდალისტი წერს ხოლმე, შეურაცხყოფა უფრო ჰქვია, ვიდრე კრიტიკა. მან არც ამჯერად შეიკავა თავი რადიკალიზმისგან და ინგლისური ფეხბურთის აპოკალიფსური სურათი დახატა:
"ვფიქრობ იმაზე, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს როი ჰოჯსონი. ახალგაზრდა მწვრთნელები, რომელთა მოსაზრებაც შეიძლება ამ პოსტზე, არც ისე ბევრია. ქვეყანაში სამწვრთნელო სკოლის დონე შოკში მაგდებს. გვიახლოვდება ცუნამი, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს. მეშინია, რადგან არ გვყავს ფეხბურთელები და არ გვყავს მწვრთნელები. არ გაგვაჩნია საფუძველი. როგორც კი პრემიერლიგაში ფული გამოილევა, განწირულები ვიქნებით. ჩვენს ფეხბურთს ჰორიზონტზე დიდი გამყინვარება ელოდება".
რეაბილიტაცია 90 წუთში
ინგლისმა შვებით ამოისუნთქა: გერმანიასთან ჯო ჰარტმა ძალიან კარგად ითამაშა. რომ არა "მანჩესტერ სიტის" 26 წლის მეკარე, მანშაფტი ერთბურთიან უპირატესობას ნამდვილად არ დასჯერდებოდა. მან, როგორც მინიმუმ 2-ჯერ, "მკვდარი" ბურთი აიღო. გუშინდელ გაზეთებს მთელი რიგი შეცდომებისა და სკამზე გატარებული სოლიდური დროის შემდეგ ჯოს რეაბილიტაცია არ გამოპარვიათ. "მანჩესტერ ივნინგ ნიუსი" წერს:
"ჰარტზე ბოლო ათმა დღემ დადებითად იმოქმედა. მას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, მეკარეთა მწვრთნელ დეივ უოტსონთან ემუშავა. ისინი ერთად იყვნენ თავის დროზე "ბირმინგემშიც". სწორედ ამ კლუბში დაამტკიცა ჯომ ის, რომ მისგან უმაღლესი კლასის მეკარე დადგებოდა. ჰარტი მაშინ ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, რის შემდეგაც "სიტიში" დაბრუნდა და გუნდის პირველი ნომერი გახდა".
კმაყოფილია "ევერტონის" ცენტრალური მცველი ფილ იაგიელკაც, ვინც თანაგუნდელზე აღმატებით ტონში ილაპარაკა:
"ჰარტი პირველად გამოჩნდა მინდორზე მას შემდეგ, რაც "სიტიში" გადაწყვიტეს, რომ სკამზე უნდა გადაესვათ. იმ ყველაფრის გამო, რაც მის თავს ხდებოდა, ყოველთვის ვნერვიულობდი. მისი მისამართით საკმარისზე მეტი კრიტიკული შენიშვნა ითქვა. მათ შორის ზოგი უსამართლოც. ჯო პატარა ბიჭი არ არის და სხვებზე კარგად იცის, რომ კრიტიკოსთა გაჩუმება მხოლოდ კარგი თამაშით შეიძლება. ჩვენი მხრიდან მას კომპლიმენტები არ მოუსმენია, რადგან ამაზე ნაკლებს მისგან არც არასოდეს ველოდით".
ჯერარდი დაფიქრდა
BBC-ის ინფორმაციით, "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების 34 წლის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შესაძლოა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს. აი, რას აცხადებს ფეხბურთელი:
"ვფიქრობ, რომ სანაკრებო კარიერის გაგრძელების სურვილი ნამდვილად მექნება, რადგან მინდა, რომ აქტიურ ფეხბურთში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. წავალ ბრაზილიაში, მოედანზე გავიღებ უკანასკნელ ძალებს, ტურნირის დასრულების შემდეგ კი საჭირო ხალხს დაველაპარაკები, რათა საჭირო გადაწყვეტილება მივიღო. მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად ერთი საღამო საკმარისი არ არის".
შეგახსენებთ, რომ სტივისთვის გერმანიასთან თამაში 108-ე აღმოჩნდა "სამი ლომის" შემადგენლობაში, რომელშიც მას 21 გოლი აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისის ძველ-ახალი პრობლემები