ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: "არსენალის" ზეობა

AutoSharing Option
მე-13 ტურის წინ "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი პირველად ალაპარაკდა ხმამაღლა, რომ მისი გუნდის მიზანი ინგლისის ჩემპიონობაა. უქმეებზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფრანგის ამბიციები რეალობიდან გამომდინარეობს.

"არსენალმა" ძალების დაძაბვის გარეშე სტუმრად დაამარცხა "კარდიფ სიტი". ამ ეტაპზე "მეთოფეთა" მთავარ კონკურენტებად "ჩელსი", "სიტი" და "იუნაიტედი" უნდა განვიხილოთ. თუმცა ჯერჯერობით არც ერთ ამ კლუბს არ აქვს უმთავრესი, რაც პრემიერლიგის მოსაგებად არის საჭირო, ვგულისხმობთ სტაბილურობას.

ჩრდილოლონდონელებს მალე მოუწევთ პირველ ორთან შერკინება და საბოლოო პასუხი მხოლოდ ამის მერე გვეცოდინება შეკითხვაზე, მართლა ძალუძს თუ არა ვენგერს 10-წლიანი
პაუზის შემდეგ გუნდის მწვერვალზე დაბრუნება.

ტურის ფაქტები
"სანდერლენდმა" "ასტონ ვილას" ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ მოუგო - 3 ფრე, 2 წაგება.
"ვილა პარკზე" ბოლო 4 მატჩში პირველად მოხდა, რომ "შავმა კატებმა" თამაში 11 კაცით დაასრულეს.
"ვილა პარკზე" მასპინძელმა ზედიზედ მე-2 შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
"სანდერლენდს" სტუმრად ჩატარებულ 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აქვს. 31 აგვისტოს შემდეგ კი მას გოლი არ გაუტანია.

****
"კარდიფ სიტი სტედიუმზე" მეოთხედ მოხდა, რომ თამაშის ბედი ბოლო ხუთ წუთში გადაწყდა. "არსენალმა" 86-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა ორი გოლი.
"არსენალმა" სტუმრად ჩატარებული 7 შეხვედრიდან 5 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება).
აარონ რემსის პრემიერლიგაში 117 თამაშში 15 გოლი აქვს ანგარიშზე. აქედან 8 მან მიმდინარე სეზონში გაიტანა, უფრო მეტი, ვიდრე წინა 7 სეზონში ერთად აღებული.

****
"ევერტონი"-"სტოკის" შეხვედრები შედეგიანობით გამორჩეული არასდროს ყოფილა. ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 13 გოლია გასული.
"ევერტონი" საკუთარ მოედანზე 2013 წელს ჯერ არ დამარცხებულა (11 მოგება, 5 ფრე).
მერსისაიდელებს ჩემპიონატში მხოლოდ 1 მარცხი აქვთ - საუკეთესო შედეგი პრემიერლიგაში.
"სტოკმა" 18 გოლიდან 15 სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში გაუშვა.

****
"იადონებს" "არწივებთან" უმაღლეს ლიგაში არასოდეს წაუგიათ (7 თამაში, 4 მოგება, 3 ფრე).
"ნორვიჩმა" "პალასს" ბოლო 11-დან მხოლოდ მეორედ სძლია.
"ნორვიჩმა" ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში იმარჯვა.
"იადონებს" მხოლოდ 2 გოლი აქვთ გატანილი პირველ ტაიმებში - ყველაზე ცუდი შედეგი ჩემპიონატში.

****
"ვესტ ჰემს" შინ "ფულჰემთან" 9-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს - 5 მოგება, 4 ფრე.
"ჩაქუჩებმა" თანაქალაქელი "ბოლეინ გრაუნდზე" ზედიზედ მეორედ დაამარცხეს - 3:0.
კევინ ნოლანმა პრემიერლიგაში თავისი 350-ე თამაში ჩაატარა.
"ფულჰემმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე თამაში დათმო.

****
"ნიუკასლი"-"ვესტ ბრომვიჩის" უკანასკნელ 8 შეხვედრაში საერთო ჯამში 32 გოლი გავიდა.
"ნიუკასლმა" ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაში მოიგო (3 "სენტ ჯეიმს პარკზე").
მიმდინარე სეზონში 19-დან 18 გოლი "კაჭკაჭების" რიგებში ფრანგებმა გაიტანეს. ამ მხრივ უკეთესი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით მხოლოდ "ლიონს" აქვს (20).
"ვესტ ბრომვიჩს" 1 გოლი დააკლდა, რათა ზედიზედ მესამე 2:2 ეთამაშა.

****
"ტოტენჰემმა" "იუნაიტედს" უკანასკნელ 29 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოუგო.
მასპინძელს "უაით ჰართ ლეინზე" "ეშმაკებთან" 2001 წლის მაისის შემდეგ არ მოუგია.
2006 წლის აგვისტო-სექტემბრიდან მოყოლებული, "ტოტენჰემმა" პირველად ვერ მოიგო ზედიზედ 4 შეხვედრაში.
მაიკლ დოუსონმა კარიერაში თავისი მე-300 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში.
"ეშმაკებმა" ყველა ტურნირზე მე-12 თამაში ჩაატარეს წაუგებლად.
13 ტურის შემდეგ 22 ქულაზე ნაკლები "იუნაიტედს" ბოლო წლებში მხოლოდ 2005/06-ის სეზონში ჰქონდა (21). გუნდი მაშინაც მე-8 ადგილზე იყო. "იუნაიტედმა" საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში.
"იუნაიტედმა" სტუმრად ჩატარებულ ზედიზედ მე-10 შეხვედრაში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

****
"ჰალმა" "ლივერპული" ისტორიაში პირველად დაამარცხა (17 თამაში, 4 ფრე, 12 წაგება).
"ვეფხვებმა" საკუთარ მოედანზე პირველად გაიტანეს ერთზე მეტი გოლი.
"ლივერპულს" 16-დან 13 გოლი სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში აქვს გაშვებული.
მერსისაიდელებმა 25-დან 19 გოლი პირველ ტაიმებში გაიტანეს.
სტივენ ჯერარდმა "ჰალს" მე-4 შეხვედრაში მე-4 გოლი გაუტანა.

****
ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" სადებიუტო სეზონში (2004/05) 13 ტურის შემდეგ 5 ქულით მეტი ჰქონდა (32), ვიდრე ამჟამად.
"ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ პრემიერლიგაში კარგად თამაშობს: 4 მოგება, 1 ფრე.
"წმინდანებმა" ლონდონში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს (წინა ტურში "არსენალთან" 0:2) და პირველად მოხდა, რომ თამაშში 3 გოლი გაუშვეს.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდს 10 გოლი აქვს გაშვებული, საუკეთესო შედეგი "არსენალთან" ერთად.
"წმინდანებმა" პირველად წააგეს შეხვედრა, რომელშიც ანგარიში გახსნეს.

****
"სუონსიმ" "სიტისთან" ზედიზედ 8 გასვლითი შეხვედრა დათმო.
"სიტი" ერთადერთ ინგლისურ კლუბად რჩება, რომელსაც ყველა საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს.
"სიტიმ" ზედიზედ 57-ე საშინაო შეხვედრაში გაიტანა და "იუნაიტედის" აბსოლუტურ რეკორდს 9 მატჩიღა აშორებს.

XIII ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

სტატისტიკა XIII ტურის შემდეგ

საუკეთესო ბომბარდირები
10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
9 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

საუკეთესო მეპასეები
6 - მესუთ იოზილი (არსენალი)
5 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ მირალიაში (ევერტონი)

გოლი+პასი
14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 10+4
12 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+4, აარონ რემსი (არსენალი) - 8+4
11 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 9+2, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 7+4

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი), მატიო ფლამინი (არსენალი), ლუკას ლეივა (ლივერპული), მიკელ არტეტა (არსენალი), კერტის დევისი (ჰალი), იუსუფ მულუმბუ (ვესტ ბრომვიჩი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

მომდევნო ტური
3 დეკემბერი: კრისტალ პალასი-ვესტ ჰემი
4 დეკემბერი: არსენალი-ჰალ სიტი, ლივერპული-ნორვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ასტონ ვილა, სტოკ სიტი-კარდიფი, სანდერლენდი-ჩელსი, სუონსი-ნიუკასლი, ფულჰემი-ტოტენჰემი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი

მალენსტენს ტრანსფერები სჭირდება
"ფულჰემმა" მარტინ იოლს 2.5-წლიანი სამსახურის შემდეგ პოსტი დაატოვებინა და მისი ადგილი სამწვრთნელო შტაბში ახლად დანიშნულ რენე მალენსტენს უბოძა. 49 წლის ჰოლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 6 წლის განმავლობაში ალექს ფერგიუსონს ეხმარებოდა, დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება კი ნაკლებად აქვს. 2006/07 წლებში ის "ბრონდბიუს" წვრთნიდა, 2013-ის ზაფხულში კი მახაჩყალის "ანჟის".

"უნდა გვესმოდეს, რომ შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც კლუბის წინაშე აქვთ ნაკისრი,
" - განაცხადა მალენსტენმა BBC-ისთან ინტერვიუში.

ბორუცმა ხელი მოიტეხა
"საუთჰემპტონის" მეკარემ, 33 წლის არტურ ბორუცმა "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრის 55-ე წუთზე რიგით სათამაშო სიტუაციაში ხელი მოიტეხა. მაურისიო პოჩეტინომ მოედანზე მის ნაცვლად პაულო გასანიგა შეუშვა. სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფეხბურთელს ხელი აქვს მოტეხილი. პოლონელი, სავარაუდოდ, თვე-ნახევარი ვერ ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: რეკორდული უქმეები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული