დევიდ მოიესის ბუნდოვანი პერსპექტივა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" კრიზისი ინგლისური მასმედიის მთავარი განსასჯელი თემაა. სწორედ ამ თემას მიუძღვნა სტატია "ტელეგრაფმა", სადაც პრობლემა საინტერესო კუთხით არის დანახული.

- ვერავინ იტყვის, რომ დევიდ მოიესმა არ იცოდა, თუ რაზე მიდიოდა, როცა "იუნაიტედთან" კონტრაქტს აწერდა ხელს. დიდი გუნდის გაწვრთნა ნებისმიერ შემთხვევაში რთულია, ამ შემთხვევაში კი სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ მწვრთნელს ხელთ შერჩა აშკარად დაბერებული გუნდი, რომელიც მას ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სპეციალისტმა დაუტოვა.

მოიესი მზად იყო ზეწოლისთვის, თუმცა შეუძლებელი იყო მას სცოდნოდა, რომ ფერგიუსონმა მემკვიდრეობით აშკარად დეგრადირებული შემადგენლობა გადასცა, რომელიც
აქამდე ტონუსს მხოლოდ სერ ალექსის ნიჭის წყალობით ინარჩუნებდა. მოიესს ურთულესი პერიოდი უდგას. ცხრილში მე-9 ადგილისა და ანტირეკორდების შემყურე გულშემატკივარს ვერანაირი მიზეზი ვერ დაამშვიდებს.

მოიესის მინუსები
როდესაც მოიესს ჰკითხეს, ხომ არ მიაჩნია გუნდის ცუდი ფორმის მიზეზად მომხდარი ცვლილებები, შოტლანდიელმა მიუთითა, რომ მან მხოლოდ ფელაინი იყიდა და ძირითადისკენ გაუხსნა გზა იანუზაის. მისი აზრით, "იუნაიტედი” გარდამავალ პერიოდშია და რყევები, რომელსაც განიცდის, მოსალოდნელი იყო. ისმება შეკითხვა: როგორ შეიძლება გარდამავალი პერიოდი ჰქონდეს გუნდს, როცა მასში ბევრი არაფერი შეცვლილა? თუკი ეს მიზეზი ამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს, როგორ ახერხებს "ევერტონი” მასთან გამკლავებას?

"ჩვენ შეგვიძლია უკეთ თამაში, მაგრამ გაიხსენეთ, რომ "იუნაიტედს" შარშანაც ჰქონდა თამაშები, რომლებიც მან წმინდად გამართლების ხარჯზე მოიგო,” - დიახ, მოიესმა მწარე სიმართლე თქვა.

ვეტერანები: ევრა, ფერდინანდი და ვიდიჩი არც წინა სეზონში იყვნენ ახალგაზრდები, მაგრამ ფერგიუსონმა მოახერხა და გუნდი ლიდერად აქცია, თანაც, მეტოქეებთან უზარმაზარი სხვაობით. რამდენიც უნდა იფიქროს მოიესმა მიზეზებზე, ფაქტია, რომ გუნდს, რომელიც იმავე შემადგენლობით თამაშობს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 ქულით ნაკლები აქვს.

ფერგიუსონის გუნდს სერიოზულად გადახალისება სჭირდებოდა, მოიესს კი ტრანსფერებისთვის მინიმუმ ორი თვე ჰქონდა. მან კი ნამდვილად ვერ აჩვენა მენეჯერის ის თვისებები, რასაც "იუნაიტედის” კალიბრის კლუბში ითხოვენ.

მოიესს შეუძლია მადლობა უთხრას ან უსაყვედუროს წინამორბედს მემკვიდრეობისთვის. ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა და გიგზი უკვე ასაკში არიან; საუკეთესო ნახევარმცველი კერიკი უკვე 32 წლის არის; მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გუნდს ალტერნატივა, პრაქტიკულად, არ აქვს და ამ პირობებშიც კი მენეჯერმა განაცხადა, რომ ტრანსფერებს არ დააჩქარებდა, რადგან მიჩვეულია "საქმის დინჯად გადაწყვეტას”.

თუკი "იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. წინდაწინ იმის თქმაც ძნელია, მისცემენ თუ არა მას დროს გუნდის გადასაწყობად.

მოიესის პლუსები
მთავარი მწვრთნელის დასაცავად ორიოდე სიტყვის თქმაც აუცილებელია. მაგალითად იმის, რომ მან გუნდში წარმატებით ჩასვა ადნან იანუზაი და რაც მთავარია, დადებითად გადაწყვიტა რთული თავსატეხი, სახელად "უეინ რუნი”.

მძიმე სტარტის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც სჯერა მისი პერსპექტივის. გულშემატკივრები მოიესს ტაშს ჯერ კიდევ უკრავენ. მსგავსი მხარდაჭერით პირველ წლებში ფერგიუსონიც კი ვერ დაიკვეხნიდა.

სიმულაცია და სუსტი დისციპლინა
"ტელეგრაფის" მსგავსად, "იუნაიტედის" პრობლემებზე "დეილი მეილმაც" შემოგვთავაზა სტატია, რომლის ავტორიც წარსულში ცნობილი ინგლისელი არბიტრი გრემ პოლია: აი, რას ფიქრობს ის:

"იუნაიტედი" პანიკაშია და ამის დასტური იყო მისი თამაში ამ უქმეებზე. თამაშის დასრულების შემდეგ შეუძლებელი იყო, რომ ორი "მყვინთავის" თამაშზე არ გამემახვილებინა ყურადღება. ვგულისხმობ იანუზაისა და ერნანდესს. ისინი ყველაზე უმნიშვნელო მიზეზსაც კი ეძებდნენ უპირატესობის მოსაპოვებლად.

რეალურად, ეს მხოლოდ სიმულაცია კი არა, თამაშის სისტემის ნაწილია, რაც გუნდის შიგნით დისციპლინის სისუსტეს უსვამს ხაზს. ფაქტი სახეზეა: მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" ყველაზე მეტი "ყვითელი" მიიღო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როცა "იუნაიტედი" დომინანტი იყო, ის ყოველთვის ყველაზე სუფთა ფეხბურთს თამაშობდა"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანატმა საყვარელი გუნდის წაგების გამო თავი მოიკლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული