ინგლისის ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "შავი კატები" "ჩელსის" გზაზე

AutoSharing Option
ყოფილი "ლურჯები" "ჩელსის" წინააღმდეგ
სამშაბათ საღამოს "სტედიუმ ოფ ლაითსზე" სენსაციური რამ მოხდა. "ჩელსის" სოლიდური უპირატესობის ფონზე, შეცვლაზე შესულმა "შავმა კატებმა" ფავორიტი ლიგის თასის 1/2-ფინალის მიღმა დატოვეს.

სტუმრებს არაერთხელ შეეძლოთ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა, თუმცა შიურლემ, ეტო'ომ, ლემპარდმა და ვილიანმა შესანიშნავი შანსები გაანიავეს. მასპინძლებმა პირველი გოლი ძირითადი დროის დასრულებამდე 90 წამით ადრე გაიტანეს (ფაბიო ბორინი 2007/11 წლებში ლონდონელთა აკადემიაში ირიცხებოდა). დაახლოებით ამდენივე აკლდა დამატებითი დროის დასრულებას, როცა კი სუნ იონმა მეორეც შეაგდო.

მარცხის მიუხედავად, ჟოზე მოურინიოს საკუთარი ფეხბურთელების მიმართ საყვედური არ დასცდენია.
პორტუგალიელმა თამაშის წინ გუსტავო პოიეტს, პრაქტიკულად, დანებება შესთავაზა, როცა აკადემიის ფეხბურთელებზე დაყრდნობა ურჩია, ძირითადის ხალხი ტყუილად არ გადაღალოო. "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა პროვოკაციულ გამოხდომას ღირსეულად უპასუხა და გამოცდილ კოლეგას გემრიელი ალიყური უთავაზა.

გუსტავო პოიეტი (სანდერლენდი): "ძალიან მინდა ჩემი ფეხბურთელების ტრანსფორმაცია. მინდა, ისინი გამარჯვებულებად ვაქციო. როცა შენს ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ამარცხებ, შეგიძლია იამაყო და დაიჯერო, რომ სხვებთანაც შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში".

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ჩემი ფეხბურთელები თამაშობენ ზუსტად ისე, როგორც მათგან ვითხოვ. გუნდში სერიოზული რეფორმები მიდის და იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ, საჭიროა, მომენტების გამოყენება ვისწავლოთ. შესაძლებელი იყო, რომ ანგარიშის გახსნის შემდეგ უფრო მეტი ყურადღება მიგვექცია დაცვისთვის, თუმცა ეს ჩემს სათამაშო ფილოსოფიაში არ ჯდება. თუკი მხოლოდ თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით".

პელეგრინის მაქსიმალიზმი
"ქალაქელებმა" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. განსაკუთრებით კარგად თამაშობდნენ კოლაროვი, მილნერი და ჯეკო. პირველმა ულამაზესი ჯარიმის გარდა, სახიფათო ფლანგური გადაცემებით დაგვამახსოვრა თავი, მეორემ კი ორჯერ გაუმართა ხელი "სიტის" ერთადერთ თავდამსხმელს. "მელიებს" საბრძოლო განწყობამ არ უშველა.

"კინგ პაუერ სტედიუმზე" ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. მანჩესტერული გრანდის თავკაცს მხოლოდ ერთ რამეზე უნდა დასწყდეს გული, რომ პაბლო საბალეტამ ბარძაყი დაიზიანა და წინასწარი მონაცემებით, ერთთვიანი დასვენება სჭირდება. "სიტისთვის" ბოლო 4 დღეში ეს უკვე მეორე სერიოზული დანაკარგია. მოგეხსენებათ, შაბათს სერხიო აგუეროც დაშავდა.

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "რთული თამაში იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. 7 დღეში ითამაშო ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, მერე პრემიერლიგასა და ლიგის თასზე, მართლა ძნელია. ჩემი აზრით, ჩვენმა გუნდმა თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ლოგიკურია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. "სიტი" კარგ გუნდად რჩება, იმის მიუხედავად, თუ რომელ ტურნირში და როგორი შემადგენლობით თამაშობს".

ლესტერი-სიტი 1:3
გოლები: 0:1 კოლაროვი (8), 0:2 ჯეკო (41), 0:3 ჯეკო (53), 1:3 დაიერი (77)
ლესტერი: შმეიხელი, ვასილევსკი, მორგანი, მიკელი, კონჩესკი, დრინკუოტერი, კინგი, დაიერი, ნოკერტი (46. ვარდი), ნაჯენტი (68. შლუპი), ტეილორ-ფლეტჩერი (46. ჯეიმსი)
სიტი: ჰარტი, საბალეტა (12. ბოაიტა), კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი, როდუელი, ხ. გარსია, ნავასი, მილნერი, დ. სილვა (70. ნასრი), ჯეკო

სანდერლენდი-ჩელსი 1:1 დ.დ 1:0
გოლები: 0:1 კატერმოული (46-ს.კ-ში), 1:1 ბორინი (88), 2:1 კი (118)
სანდერლენდი: მანონე, ჩელუსტკა, ოში, ბრაუნი, დოსენა, კატერმოული, გარდნერი (63. კი), ლარსონი, ჯონსონი (74. ბორინი), ჯაკერინი (120. ბერდსლი), ალტიდორი
ჩელსი: შვარცერი, ასპილიკუეტა (70. ესიენი), კეჰილი, ლუისი, კოული, ლემპარდი, მიკელი, ვილიანი, დე ბრუინი, შიურლე (83. აზარი), ეტოო (74. ბა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამირ ნასრი "მანჩესტერ სიტის" ქომაგების ნოემბრის რჩეულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული