სუარესის კოდი: ანგელოზი ცხოვრებაში და დემონი მინდორზე

AutoSharing Option
ლუის სუარესი ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან შედეგიანობით ყველა ფორვარდს საგრძნობლად აღემატება. მას საშუალოდ ყოველ 58 წუთში ერთხელ გოლი გააქვს და თუ ასე გააგრძელებს, მალე იქამდე მივალთ, რომ ერთ მატჩში საშუალოდ 2 გოლი გამოუვა.

ურუგვაელი მინდორზე შეუდარებელია და პერიოდული გამოხდომების მიუხედავად, დიდი სარგებელი მოაქვს კლუბისთვის. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისი შეძენა არაერთ გუნდს უნდა. თუმცა "ლივერპული" სტაბილურად მაღალ დონეზე თუ ათამაშდა, სუარესი შესაძლოა "ენფილდიდან" დიდი ხანი არ წავიდეს და ხელმძღვანელობის მიზანიც მისი შენარჩუნებაა. ბოლო ინფორმაციით, ახალ კონტრაქტზეც დაიწყო მუშაობა.
"ტოტენჰემთან" შეხვედრაში მას კაპიტნის სამკლავურიც მოარგეს სტივენ ჯერარდის არყოფნაში.

"ლივერპულის" მცველი კოლო ტურე: "ლუისი აქ არის და იმედია, დარჩება. ის ჩვენ გვიყვარს, რადგან დიდი ფეხბურთელია. ის ძალიან კარგი და მორცხვი ადამიანია, მაგრამ მინდორზე ლიდერია. გვყავს ჯერარდი, ლუკასი და გლენ ჯონსონი, მაგრამ სუარესიც ლიდერია, რაც "ტოტენჰემთან" მატჩის დროსაც გამოჩნდა. იგი თანაგუნდელებს მუდამ ელაპარაკებოდა, ეხმარებოდა და თამაშს უძღვებოდა. ამიტომაცაა ძალიან კარგი მოთამაშე.

გუნდმაც მისდამი პატივისცემა გამოხატა და მწვრთნელმა კაპიტნობა ანდო, რაც აჩენს იმას, თუ როგორ ენდობა ბრენდან როჯერსი ლუისს. მან თქვა, რომ უნდა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც ჩემპიონობისთვის, ტიტულებისთვის იბრძოლებს. ამაში განსაკუთრებული არაფერია და ყველას გვინდა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. იმედია, გამოგვივა"
.

მერსისაიდელთა ახალწვეულს ჩვენც უნდა დავეთანხმოთ. გუნდმა მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს და სუარესის ამბიციებიც დაკმაყოფილდება, თორემ სხვა მხრივ, ურუგვაელი "ენფილდით" მოხიბლულია და კლუბსაც არ უნდა მისი გაყიდვა; რომ სდომებოდა, წინა ზაფხულს თუნდაც "არსენალისგან" შეთავაზებულ 40 მილიონ გირვანქას დაყაბულდებოდა.

"მეთოფეებმა" "ლივერპულს" რამდენიმე შეთავაზებით მიმართეს და ყოველ ჯერზე უარს იღებდნენ პასუხად. არსენ ვენგერი ახლაც ოცნებობს სუაზე - ზუსტად ასეთი ჟინიანი და შრომისმოყვარე მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც მინდორზე "მონსტრებად" იქცევიან, იმდენად არიან თამაშში ჩაბმულნიო. სამხრეთამერიკელს მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსიც" უტრიალებენ, რომლებიც თანხის დაშურებას არ აპირებენ.

არსენ ვენგერმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა: "ყველა მცველს ეზიზღება და სძულს მის წინააღმდეგ თამაში. სუარესი ძლიერია და პროვოკატორობაც შეუძლია. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მასზე შევაგროვე, ლუისთან მუშაობა ძალიან ადვილია. ის პატივს სცემს სხვებს და უყვარს ვარჯიში. ერთი სიტყვით, ანგელოზია და დემონად მატჩის დროს იქცევა მინდორზე. ასეთი ფეხბურთელის ყოლაზე ყველანი ვოცნებობთ".

თავად სუარესს საკუთარ მომავალზე ახალი და ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი ის აღნიშნა, რამდენად სერიოზული ამბიციები აქვს გუნდს უახლოეს ტურებში, ამ დატვირთული გრაფიკისას გამოჩნდებაო. ჯორდან ჰენდერსონის თქმისა არ იყოს, "ლივერპულმა" მართლაც მესიჯი გამოგზავნა, რომელიც მიღებული და გათვალისწინებულია, მაგრამ ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ მერსისაიდელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი ხალხმა დააფასა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული