გაგრძელება.
დასაწყისი წინა ნომერში (იხილეთ არქივი)
იმისთვის, რომ ხალხი დავამშვიდო, ვიტყვი, რომ დევიდ მოიესის საქმეში ჩარევას არ ვაპირებ. 27 წელიწადი ვაკეთებდი ამ საქმეს და საფეხბურთო სამყაროში დაბრუნების მოტივაცია უკვე აღარ გამაჩნია. ჩემი ცხოვრების ამ ნაწილზე საკუთარი ნებით ვთქვი უარი.
დევიდი უპრობლემოდ განაგრძობს ჩვენს ტრადიციებს. ის კარგად ხედავს ფეხბურთელების ღირსებას და ყოველთვის ძლიერ მოთამაშეებს ყიდულობდა, როცა
ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ წასვლას არ ვინანებდი. იოლია 70 წლისამ თვალის დახამხამებაში დათმო პოზიციები როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. თანაც, კლუბიდან წავედი თუ არა, მაშინვე დავკავდი სხვა საქმეებით. უსაქმურობა მე არასოდეს მემუქრებოდა.
ყველაზე რთული იყო "კერინგტონის" ბაზაზე კლუბის პერსონალისთვის ამ ამბის გამხელა. მახსოვს თანამშრომლების ემოციური რეაქცია, რამაც ჩემში ლამის სენტიმენტალური გრძნობები გამოიწვია. ოფიციალურად გამოცხადებამდე ჭორებმა გავრცელება უკვე დაიწყო. დიახ, რთული პროცესი იყო, განსაკუთრებით, ნიუ იორკის საფონდო ბირჟის ფაქტორის გათვალისწინებით. დროზე ადრე გაჟონილ ნებისმიერ ინფორმაციას, შესაძლო იყო, პირადად ჩემთვის და ჩემი ახლობელი ადამიანებისთვის ევნო.
8 მაისს, დილას, კლუბის პერსონალი ვიდეოანალიზის ოთახში შევკრიბე, მთავარი პერსონალი - სასადილოში, ფეხბურთელები - გასახდელში. როგორც კი გასახდელში შევედი, კლუბის ვებგვერდზე ეს ინფორმაცია განვათავსეთ.
მოთამაშეებს ვუთხარი: "ნამდვილად არც ერთი თქვენგანისთვის არ მიღალატია. ზოგიერთი აქ იმიტომ მოვიდა, რომ ეგონა, ჩემთან მუშაობა კიდევ დიდხანს მოუწევდა, მაგალითად, ვან პერსის და კაგავას. როცა მათ ამას ვეუბნებოდით, ეს სიმართლე იყო. "იუნაიტედიდან" წასვლაზე მაშინ არავინ ფიქრობდა.
ყველაფერი იცვლება. ჩემი მეუღლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცვლილებების დასაბამი გახდა. ამას გარდა, მინდა, რომ ასპარეზიდან გამარჯვებული წავიდე".
ამის შემდეგ საფეხბურთო პერსონალს დაველაპარაკე, რომლის ნაწილმა აპლოდისმენტებით გამაცილა. არ დაველოდე მასმედიის წარმომადგენელთა მოზღვავებას და სახლისკენ გავემართე.
ჩემი ადვოკატი ჯეისონი და პირადი ასისტენტი ლინი შეტყობინებებს მიგზავნიდნენ ტელეფონზე. აღმოჩნდა, რომ 38-მა გაზეთმა, მსოფლიოს მასშტაბით, ეს ამბავი პირველ გვერდებზე გაიტანა, მათ შორის, "ნიუ იორკ ტაიმსმაც". ბრიტანულმა გამოცემებმა კი ამ ყველაფერს 10-12 გვერდი დაუთმეს.
ყურადღების მასშტაბი ჩემს პატივმოყვარეობას მალამოდ დაედო, რადგან მივხვდი, რომ პრესასთან ჩემი კონფლიქტური ურთიერთობის მიუხედავად, ეს ამბები ცუდად არავის გახსენებია. ისინი მზად აღმოჩნდნენ, რომ დაევიწყებინათ ყველანაირი უსიამოვნება და მეტიც, მათ საჩუქარიც კი არ დავიწყნიათ ჩემთვის - ტორტი და ერთი ბოთლი ძვირფასი ღვინო მაჩუქეს.
"სუონსისთან" ბოლო შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე ფრენკ სინატრას "ჩემი გზა" და ნეტ კინგ კოულის "დაუვიწყარი" ჩართეს. ჩვენ ეს შეხვედრა ზუსტად იმ სტილში მოვიგეთ, როგორც ჩემ მიერ მოგებული წინა 895. გოლი თამაშის მიწურულს გავიტანეთ - 87-ე წუთზე.
თამაშის დასრულების შემდეგ ჩემი სიტყვა მთლიანად იმპროვიზაცია იყო. ამ დროს დირექტორებსა და ფეხბურთელებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდათ. მთავარი იყო საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი". ხალხს მხოლოდ ერთი რამე ვთხოვე, ჩემი მემკვიდრისთვის მხარი დაეჭირათ:
"მინდა, შეგახსენოთ, რომ კლუბი ყოველთვის მხარში მედგა ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპებზე. ჩემ გვერდით იყავით ფეხბურთელებიც, კლუბის პერსონალიც და თქვენც. ახლა თქვენი ამოცანაა ახალი მთავარი მწვრთნელის მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია".
"იუნაიტედმა" უნდა განაგრძოს წარმატებული სვლა. მე, როგორც დირექტორს, ისევე მინდა ამ ყველაფრის ნახვა, როგორც სხვებს. ახლა მაქვს შანსი, რომ ბობი ჩარლტონივით დავტკბე თამაშების ყურებით. მინდა, გუნდის საერთაშორისო თამაშებსაც დავესწრო და ყველას ამაყად განვუცხადო, რომ ეს დიდი კლუბია.
სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" შეუძლებელი იყო, პოლ სქოულზი ცალკე არ მეხსენებინა. ვიცოდი, რომ ის ვერ მიტანდა იმის გამო, რომ საკუთარ თავს ვერაფერი მოვუხერხე. ფეხბურთიდან ხომ ისიც მიდიოდა.
რამდენიმე დღეში აეროპორტში ერთი ბიჭი მომიახლოვდა, კონვერტი გამომიწოდა და მითხრა, რომ ისედაც სურდა ჩემთვის მისი გამოგზავნა. კონვერტში ერთ-ერთი ირლანდიური გაზეთის სტატია ვნახე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კლუბი ზუსტად ისე დავტოვე, როგორც წლების განმავლობაში ვწვრთნიდი მას - ჩემი პირობების გათვალისწინებით.
ავტორი წერდა, რომ ეს იყო ფერგიუსონის ტიპური გადაწყვეტილება. დიახ, სწორედ ასე ვხედავდი ჩემს თავს "იუნაიტედში". გამიხარდა, რომ ჟურნალისტმა ზუსტად დაინახა და შეაფასა ყველაფერი.
მე გვერდზე გავდექი. მოიესმა კლუბში თავისი ხალხი მოიყვანა: რაუნდი, ვუდსი და ლამსდენი. ამათ დაუმატა გიგზი და ფილ ნევილი. ეს ნიშნავდა, რომ ჩემი შტაბის ხალხი: მალენსტენი, ფელანი და სტილი უნდა წასულიყვნენ. მე ვუთხარი დევიდს, რომ ძალიან გამიხარდებოდა, თუკი ჩემს თანაშემწეებს დაიტოვებდა, თუმცა ის ვის გვერდით მუშაობას მოინდომებდა, ეს ჩემი გადასაწყვეტი უკვე აღარ იყო.
გაგრძელება მომდევნო ნომერში
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"