კაცი, რომელმაც 7-იანი დათმო - ინტერვიუ ანტონიო ვალენსიასთან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა ნახევარმცველმა ანტონიო ვალენსიამ, შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე სეზონში თამაში აშკარად გამოასწორა.

28 წლის ეკვადორელმა ამ დღეებში საკლუბო ჟურნალს მისცა მცირე ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

- მოიესი თქვენს თამაშს ხშირად დადებითად აფასებს. თავად რას ფიქრობთ?
- მეც კმაყოფილი ვარ. ბევრს ვშრომობ, რათა ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად ვაკეთო. ჩემი აზრით, მარტო მე კი არა, მთლიანად გუნდიც აღმავლობის გზას ადგას. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამინდელი ფორმა დიდხანს შევინარჩუნოთ.

- ხშირად უსვამთ ხაზს, რომ შარშანდელი სეზონით ძალიან უკმაყოფილო დარჩით.
- დიახ, რადგან 2011/12 წლებში
საკუთარ თავს ისეთი სტანდარტი დავუწესე, რომელსაც ჩემი თამაში შარშან უკვე აღარ შეესაბამებოდა. ამაში ხელს მიშლიდა წვრილმანი ტრავმები, რასაც წელს ჯერჯერობით გავურბივარ. რაკი თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ თავდადებისთვის, მძიმე შრომის შედეგს მოედანზე ვიმკი.

- სათამაშო ნომერი შეიცვალეთ. ამანაც ხომ არ შეგიწყოთ ხელი?
- ეს არ გამიკეთებია არც ცრურწმენის და არც იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ ("იუნაიტედში" 7 ნომრად ყოველთვის დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და მას განსაკუთრებული ფასი აქვს. რედ). უბრალოდ, როცა მანჩესტერში ჩამოვედი, 25 ნომერმა წარმატება მომიტანა და ამიტომაც მოვისურვე მისი დაბრუნება.

- მოიესის მუშაობის სპეციფიკა თუ აისახა თქვენს თამაშზე?
- მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ დავალებები შევასრულო. ცხადია, მოიესს ფეხბურთი თავისებურად ესმის და ყველაზე მეტად ესწრაფვის, რომ ერთიან ორგანიზმად გვაქციოს. პირადად ჩემი ფუნქციები ნამდვილად არ შეცვლილა.

- "იუნაიტედში" ლიდერობას მიჩვეულები ხართ. ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ ეგუებით?
- მტკივნეული შეგრძნებაა. ამხელა ჩამორჩენა ქულების სულელურად კარგვის ბრალია. უახლოეს შეხვედრებში მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ და ლიდერთა ჯგუფს აუცილებლად მივუახლოვდებით. შობის შემდგომი პერიოდი უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის.

- როგორ უნდა დაასრულოს გუნდმა სეზონი, რომ მას წარმატებული ეწოდოს?
- ტრადიციულ პასუხს გაგცემთ: უნდა მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი ტიტული. სხვა მიზანი "იუნაიტედს", უბრალოდ, ვერ ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული