"მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზარი: ერერადან გარაიმდე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" სერიოზულად გადახალისება სჭირდება. როგორც ჩანს, დევიდ მოიესს ამჟამინდელი შემადგენლობის მოტივირება უჭირს. პროცესი იანვარში დაიწყება და ზაფხულში გაგრძელდება. ასე რომ, სატრანსფერო ჭორები, რომელთაც ქვემოთ გაგაცნობთ, შესაძლოა შორეულ პერსპექტივაზე იყოს გათვლილი. მაშ ასე:

ანდერ ერერა ("ბილბაო", 24 წლის, ნახევარმცველი): ნიჭიერი ბასკი შუახაზელის ყიდვას "იუნაიტედი" გასულ წელსაც ცდილობდა, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება აღარ შედგა. "იუნაიტედს" ერერას სტილის ფეხბურთელი ჰაერივით სჭირდება. კერიკი უკვე 32 წლისაა, ფლეტჩერი - 29-ის, თუმცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს; ანდერსონისგან სიკეთეს აღარ უნდა ველოდეთ; კლევერლი უფრო სუსტად გამოიყურება,
ვიდრე მისგან ელიან, გიგზის ასაკზე კი რაღა უნდა ითქვას?

იან მვილა ("რუბინი", 23 წლის, ნახევარმცველი): მვილა მიხვდა, რომ რუსულ პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში მისთვის კარი ჩაიკეტა. ფეხბურთელი გამოსავალს ეძებს. მას "ლივერპულიდანაც" აქვს საინტერესო შეთავაზება. "ეშმაკებმა" კონკურენტებს, უბრალოდ, უნდა დაასწრონ.

ივან რაკიტიჩი ("სევილია", 25 წლის, ნახევარმცველი): კლასიკური საყრდენის გარდა, "იუნაიტედს" კვალიფიციური ფეხბურთელი სჭირდება შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც. ვესლი სნეიდერის ტრანსფერზე ხმები მიწყდა. რაკიტიჩი არასოდეს ყოფილა პირველი კლასის ვარსკვლავი, მაგრამ ის 4-5 წელია, მაღალ დონეზე თამაშობს. მას, პრიმერას გარდა, ბუნდესლიგური გამოცდილებაც აქვს. საფეხბურთო ექსპერტები რა ხანია წერენ, რომ ხორვატი ანდალუსიელებისთვის უკვე გადაზრდილია და პროგრესისთვის მეტი გასაქანი სჭირდება.

ესეკილ გარაი ("ბენფიკა", 27 წლის, ცენტრალური მცველი): "იუნაიტედს" 5 ცენტრალური მცველი ჰყავს, რომელთაგან მომდევნო სეზონისთვის მხოლოდ რიო ფერდინანდის ბედია გადაწყვეტილი.

35 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა ბუცები სულაც ლურსმანზე ჩამოკიდოს. ვიდიჩი (32 წლის), სმოლინგი (24), ევანსი (26) და ჯონსი (21) რჩებიან, თუმცა მანკუნიანელები გარაის ყიდვაზე მაინც ფიქრობენ. არგენტინელსა და "იუნაიტედზე" ხმები პირველად არ ვრცელდება, ცეცხლი კი უკვამლოდ არ ჩნდება.

ესეკილი თამაშსაც კარგად კითხულობს, ბურთთანაც შენობით არის და პასიც ეხერხება. მოიესის გუნდს კი დაცვიდან ბურთის ამოტანა საკმაოდ უჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული