ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: "სიტი" პირველზე [VIDEO]

AutoSharing Option
გუს პოიეტის გუნდმა "ქრევეინ კოტეჯზე" მეტოქეს I წრეში წაგებისთვის (0:1) სამაგიერო გადაუხადა. მართალია, "შავ კატებს" გასავარდნი ზონა ჯერ არ დაუტოვებიათ, მაგრამ პრემიერლიგაში დარჩენის უკეთესი შანსი ნამდვილად აქვთ.

"ფულჰემი" უდისციპლინობამ დაღუპა. მასპინძელთა უკანახაზელების ორ ჯარიმას მათ კარებში ამდენივე გოლი მოჰყვა. ადამ ჯონსონმა ჯერ "ცხრიანში" დაუმიზნა, მერე სუნ უინ კის დაუგორა და კორეელს ახლო მანძილიდან სეზონში მეორე გოლი გაატანინა.

თავის მხრივ, "ფულჰემმაც" სტანდარტულით ისარგებლა - სიდუელმა კუთხურის შემდეგ ანგარიში 1:2 გახადა. ამის მერე ჯონსონმა კონტრშეტევაზე ორჯერ ივარგა: ჯერ მეკარეს დაურტყა შორეულ კუთხეში,
მერე კი ალტიდორის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

ახალი მწვრთნელი არ კმარა
ოლე გუნარ სულშერს ინგლისური დებიუტი არ გამოუვიდა. თამაშამდე წერდნენ, რომ "კარდიფთან" წაგების შემთხვევაში "ვესტ ჰემის" დამრიგებელი სემ ელერდაისი უმუშევარი დარჩებოდა.

"დიდმა სემმა" პოსტი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა.

სტუმრებმა პირველი მომენტი დებიუტშივე შექმნეს, როცა დაუნინგის ჩაწოდება შორეულ ძელს მოხვდა, ტომკინსმა კი ახლო მანძილიდან დაამატა, მაგრამ ადრიანს მაინც ვერ აჯობა.

"კარდიფმა" შეძლო თამაშის გათანაბრება. მომენტი ჰქონდა კიმს - მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა, კემპბელისა და მეკარის ორთაბრძოლაში კი დამნაშავე თავდამსხმელი აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა.

ანგარიში ეფექტური გოლით გაიხსნა: ტეილორმა, ჯარვისმა და კარლტონ კოულმა სამსვლიანი კომბინაციით მასპინძელი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესული კეროლის პასით ნოუბლმა სტუმართა გუნდს გამარჯვება დაუბევა.

16-თვიანი პაუზის შემდეგ
სტივ ბრუსის "ჰალმა" მეტოქეს დებიუტშივე უჩვენა საკუთარი პოტენციალი, როცა ორჯერ აანერვიულა პეტრ ჩეხი. ლივერმორმა შორიდან სცადა, ტერის შეცდომის შემდეგ კი საგბოს შეექმნა მომენტი, თუმცა უკანასკნელმა კარს მცირედით ააცილა.

"ჩელსის" პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა. მაკგრეგორმა ოსკარს ახლოდან დარტყმული საოცარ ნახტომში აუღო. გოლკიპერს მერეც მოუხდა ოსტატობის დემონსტრირება, როცა საჯარიმოდან ლუისს უცნაური ტრაექტორიით დარტყმული აუღო.

ანგარიში აზარმა გახსნა. ბელგიელი მეტოქის რამდენიმე მცველს ინდივიდუალურად გაუსწორდა და საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში დაარტყა. პირადი შემოქმედება გახლდათ ტორესის ბურთიც. ესპანელმა კონტრშეტევაზე მცველები არ გაიკარა, შეიჭრა საჯარიმოში და მეკარისგან ახლო, დაბალ კუთხეში დასცხო.

"ელ ნინიომ" ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა, რაც მას 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუკეთებია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი კვირის თავზე
5 იანვარს ასოციაციის თასზე მარცხისთვის "იუნაიტედმა" რევანში აიღო. "ეშმაკებმა" მოწინააღმდეგის კართან მთელი რიგი მომენტები შექმნეს. მათ 5-6 ბურთის სხვაობით შეეძლოთ გამარჯვება და ეს ყველაფერი რუნისა და ვან პერსის გარეშე.

"იუნაიტედის" რიგებში საუკეთესო გახლდათ ადნან იანუზაი.

18 წლის ნახევარმცველი ბრწყინვალე იყო არა მარტო შეტევაში, არამედ დაცვაშიც. მას ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმშივე შეეძლო, მაგრამ საჯარიმო ხარიხას მოარტყა.

პირველ ნახევარში მასპინძლები სუსტად გამოიყურებოდნენ, რასაც ვერ ვიტყვით მეორეზე, როცა "დამატებითი სიჩქარეები ჩართეს". პირველი გოლი გუნდის ლიდერის აქტიურობას მოჰყვა. იანუზაის გადაცემას კაგავამ თავი შეუშვირა, თუმცა ტრემელმა მოიგერია. დამატებაზე კი ყველას ვალენსიამ დაასწრო.

იმავე იანუზაიმ ჩაშალა "სუონსის" კონტრშეტევა, რასაც "იუნაიტედის" მეორე ბურთი მოჰყვა. საგოლე გადაცემა ევრამ ჩაიწერა აქტივში. ბადე ტრემელის ზურგს უკან კიდევ რამდენჯერმე უნდა შერხეულიყო, მაგრამ კაგავამ და სმოლინგმა ბრწყინვალე მომენტები გაანიავეს.

საკუთარი გუნდის ასეთი უნიათო თამაშის შემდეგ მიკაელ ლაუდრუპმა განაცხადა, დღეს მოგება მხოლოდ ერთ მხარეს უნდოდაო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ევერტონი" ძლიერია
"ევერტონი" "ნორვიჩთან" ფავორიტი იყო და ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ეკადრებოდა. რობერტო მარტინესის გუნდს სჩვევია მოედნის ცენტრის დაპყრობა და მეტოქისთვის საკუთარი პირობების კარნახი.

სტუმარი ზეწოლისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. პირველი გოლი მე-17 წუთზე გარეთ ბერიმ გაიტანა. 32 წლის ნახევარმცველისთვის ეს 50-ე გოლი აღმოჩნდა პრემიერლიგაში. მეორე კევინ მირალიაშმა ლეიტონ ბეინსის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოდან გაიტანა.

"უაით ჰართ ლეინზე", ლონდონურ დერბიში, ანგარიში, წესით, "კრისტალ პალასს" უნდა გაეხსნა. მე-8 წუთზე დემბელე შამახს საჯარიმოში მოურიდებლად დაეჯახა ზურგში. პენალტი ჯეისონ პანჩეონმა სერხიო რამოსის სტილში დაარტყა და ტრიბუნებისგან სამართლიანი დაცინვაც დაიმსახურა.

რაც შეეხება გოლებს: ერიქსენი მეკარესთან პირისპირ დარჩა, დეფომ კი საბოლოო დარტყმამდე ორი მცველი ჩამოიცილა და შარშანდელი აპრილის შემდეგ ჩემპიონატში პირველად გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზედიზედ მეექვსე
"მანჩესტერ სიტი" საოცარ ფორმაშია. მანუელ პელეგრინის კრებულმა ბოლო 12 ტურიდან 11-ჯერ იმარჯვა და ერთხელ ითამაშა ფრედ. უკანასკნელად დაკარგული ქულების შემდეგ კი გუნდმა მიჯრით 6-ჯერ იმარჯვა.

13 იანვარს, ღამით, ბირმინგემის "ვილა პარკის" მატჩის შედეგის მიხედვით, "ქალაქელებმა" შესაძლოა ლიდერის პოზიცია საწყისი ტურის შემდეგ პირველად იგდონ ხელთ.

შესაძლოა, "კაჭკაჭების" გულშემატკივრებმა "სიტისთან" მომუშავე მაიკ ჯონსს მიკერძოებაში დასდონ ბრალი და მაგალითად შეიკ ტიოტეს არჩათვლილი გოლი მოიყვანონ, თუმცა არბიტრის გადაწყვეტილება ამ ეპიზოდში ლოგიკური იყო.

დარტყმის მომენტში მასპინძელთა ერთბაშად სამი ფეხბურთელი იყო თამაშგარეში და აქედან ორი უშუალოდ მეკარის საჯარიმოში. არ დაგვავიწყდეს იანგა-მბივასა და ნასრის ეპიზოდიც, როცა მასპინძელთა ფრანგი მცველი თანამემამულის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის წითელ ბარათს იმსახურებდა.

ტანდემი ისევ მუშაობს
"სტოკის" 20 წლის ნიჭიერ მეკარე ჯეკ ბატლენდს, ვინც ოდესღაც ინგლისის ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა, მორიგი განსაცდელი ეწვია. ფეხბურთელმა კარიერაში მე-4 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში, აქედან 3-ჯერ დამარცხდა და სამჯერვე სერიოზული ფსიქოლოგიური შოკი მიიღო, გაუშვა რა 13 გოლი.

წუხელ ფეხბურთელი საკუთარმა თანაგუნდელებმა გაწირეს, თავადაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა და მივიღეთ ის შედეგი, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა. მარკ ჰიუზის შეგირდთაგან ორი გოლი ყოფილმა ლივერპულელებმა - პიტერ კრაუჩმა და ჩარლი ადამმა გაიტანეს, თუმცა ამან არ იკმარა, რადგან სტუმარს ყველაფერზე თავისი ადეკვატური პასუხი ჰქონდა.

"ლივერპულის" გულშემატკივარი ბედნიერი იყო, რომ მატჩის განაცხადში 6-კვირიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა დენიელ სტარიჯი, ვინც 25 წუთში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ჩვეულად აქტიურად გაისარჯა ლუის სუარესი. ურუგვაელმა მე-6 დუბლი შეასრულა და აქედან მეორედ სტუმრად ჩატარებულ თამაშებში.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური
ჰალი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 აზარი (56), 0:2 ტორესი (87)
ჰალი (3-1-4-2): მაკგრეგორი - ჩესტერი (77. ფრაიატი), ბრუსი, დევისი - ჰადლსტოუნი - ფიგეროა, ლივერმორი, ელ-მოჰამადი, მეილერი (68. კორენი) - ბოიდი (84. ქუინი), საგბო
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ე. კოული - რამირესი, დ. ლუისი - ვილიანი (87. შიურლე), ოსკარი (79. მიკელი), აზარი - ტორესი
გაფრთხილება: ლივერმორი, ფიგეროა - კეჰილი
კარში დარტყმა: 10-14 (2-5) კუთხური: 1-7 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 12-7 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 24 924

კარდიფი-ვესტ ჰემი 0:2
გოლები: 0:1 კ. კოული (42), 0:2 ნოუბლი (90+3)
კარდიფი (4-5-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, ჰადსონი (78. კორნელიუსი), კოლკერი, ჯონი - უიტინგემი, მედელი (65. ვოლფ-ეირკრემი), კიმი, ნუნი, ოდემვინგი (46. ბელამი) - კემპბელი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - დემელი (17. მაკარტნი), ტომკინსი, ჯონსონი, რაცი - ნოუბლი, კოლისონი (75. დიარა) - ტეილორი, ჯარვისი, დაუნინგი - კ. კოული (72. კეროლი)
გაფრთხილება: მედელი - ჯონსონი, მაკარტნი, ტომკინსი
გაძევება: - ტომკინსი (72)
კარში დარტყმა: 19-10 (7-3) კუთხური: 8-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 7-16 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 27 750

ევერტონი-ნორვიჩი 2:0
გოლები: 1:0 ბერი (23), 2:0 მირალიაში (59)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, სტოუნზი, ბეინსი - მაკარტნი, ბერი - ოსმანი (69. ჰეიტინგა), მირალიაში, პიენაარი (71. ნეისმიტი) - ლუკაკუ
ნორვიჩი (4-4-2): რადი - უიტეიკერი, რ. ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ფერი, ჯონსონი, გარიდო (67. რედმონდი), სნოდგრასი - ჰუპერი, ვან ვოლფსვინკელი (88. მერფი)
გაფრთხილება: სტოუნზი - რ. ბენეტი, ბასონგი
კარში დარტყმა: 23-12 (5-3) კუთხური: 10-5 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 7-14 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 36 827

ფულჰემი-სანდერლენდი 1:4
გოლები: 0:1 ა. ჯონსონი (29), 0:2 კი (41), 1:2 სიდუელი (52), 1:3 ა. ჯონსონი (69), 1:4 ა. ჯონსონი (85-პენ)
ფულჰემი (4-4-1-1): სტოკდეილი - რიტერი, სენდეროსი, ამორებიეტა, რიისე - პარკერი, სიდუელი, დაფი (68. დეჟაგა), დემპსი (79. ბენტი) - ტაარაბატი (63. კასამი), ბერბატოვი
სანდერლენდი (4-4-2): მანონე - ბერდსლი, ოში, ბრაუნი, ალონსო - კი, კატერმოული, კოლბეკი, ა. ჯონსონი (87. ჩელუსტკა) - ფლეტჩერი (66. ალტიდორი), ბორინი (75. ლარსონი)
გაფრთხილება: რიისე, სიდუელი, პარკერი - ბერდსლი, კოლბეკი, ა. ჯონსონი
კარში დარტყმა: 17-10 (5-6) კუთხური: 10-6 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 15-13 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 25 564

საუთჰემპტონი-ბრომვიჩი 1:0
გოლები: 1:0 ლალანა (66)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ლოვრენი, ფონტე, შოუ - კორკი (62. G. რამირესი), ს. დევისი, ლალანა (84. ვორდ პრაუსი), ჯ. როდრიგესი (90+1. დო პრადო) - ლამბერტი
ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი - რიდი, მაკაული (81. გერა), ოლსონი, რიჯუელი - მულუმბუ, მორისონი, ამალფიტანო (86. ვიდრა), ბრანტი - ლონგი - ანელკა (77. ბერაინო)
გაფრთხილება: ლოვრენი - ლონგი, ოლსონი
კარში დარტყმა: 18-4 (5-2) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 3-8 ჯარიმა: 11-17 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 28 610

ტოტენჰემი-პალასი 2:0
გოლები: 1:0 ერიქსენი (50), 2:0 დეფო (72)
მე-8 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა პანჩეონმა
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი (48. ნოტონი), დოუსონი, კირიკეში, როუზი - დემბელე, ბენტალები, ლენონი, ერიქსენი (76. შადლი) - ადებაიორი, სოლდადო (58. დეფო)
პალასი (4-4-2): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელეინი, პარი - ბოლასი (69. უილიამსი), ვორდი, ჟედინაკი, პანჩეონი (82. გედიურა), ჯერომი (69. გეილი), შამახი
გაფრთხილება: ნოტონი - ჟედინაკი, მარიაპა
კარში დარტყმა: 10-14 (4-2) კუთხური: 5-11 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 12-12 ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 36 102

იუნაიტედი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ვალენსია (47), 2:0 უელბეკი (59)
იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა (79. ბიუტნერი) - ფლეტჩერი, კერიკი, ვალენსია, კაგავა - იანუზაი - უელბეკი (85. ერნანდესი)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, უილიამსი, ამატი, დევისი - კანიასი (17. ჩიკო), ბრიტონი - პოსუელო, შელვი (63. ვასკესი), რუტლეჯი - ბონი
გაფრთხილება: - რანხელი, ბონი
კარში დარტყმა: 16-13 (5-2) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 9-10 ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 75 035

ნიუკასლი-სიტი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (8), 0:2 ნეგრედო (90+5)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - ტეილორი, იანგა-მბივა (82. აიდარა), უილიამსონი, სანტონი - ტიოტე, ანიტა (73. პ. სისე) - გუფრანი (82. ბენ არფა), კაბაი, სისოკო - რემი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე (61. ხ. გარსია), ნასრი (79. მილნერი), სილვა - ნეგრედო, ჯეკო (52. ნავასი)
გაფრთხილება: კაბაი, სისოკო, ტიოტე, იანგა-მბივა - ფერნანდინიო, საბალეტა
კარში დარტყმა: 16-10 (5-6) კუთხური: 5-6 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 18-15 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 49 423

სტოკი-ლივერპული 3:5
გოლები: 0:1 შოუკროსი (5-ს.კ-ში), 0:2 სუარესი (32), 1:2 კრაუჩი (40), 2:2 ადამი (45), 2:3 ჯერარდი (51), 2:4 სუარესი (71), 3:4 უოლტერსი (85), 3:5 სტარიჯი (87)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი, ნზონზი (81. აირლანდი) - ადამი, უოლტერსი, არნაუტოვიჩი - კრაუჩი
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, კ. ტურე, შკრტელი, სისოხო - ჯერარდი, ლეივა - სტერლინგი, ჰენდერსონი, კოუტინიო (66. სტარიჯი) - სუარესი
გაფრთხილება: შოუკროსი - სისოხო
კარში დარტყმა: 13-13 (4-9) კუთხური: 11-2 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 10-8 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 27 160

13 იანვარი
ასტონ ვილა-არსენალი 00:00

ბომბარდირები:
22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
18 იანვარი:
სანდერლენდი-საუთჰემპტონი, არსენალი-ფულჰემი, კრისტალ პალასი-სტოკი, მანჩესტერ სიტი-კარდიფი, ნორვიჩი-ჰალი, ვესტ ჰემი-ნიუკასლი, ლივერპული-ასტონ ვილა

19 იანვარი:
სუონსი-ტოტენჰემი, ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი

20 იანვარი:
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული