"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო ლაბირინთები

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთი უკვე წერდა, რომ კვირას კალიარის „სტადიო სანტ ელიაზე“ ადგილობრივი კლუბისა და „იუვენტუსის“ შეხვედრას (1:4) „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი დაესწრო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შოტლანდიელი სპეციალისტი მეტოქეთა შემადგენლობებში თითო ფეხბურთელს აკვირდებოდა - დავიდე ასტორის „კალიარიდან“ და კლაუდიო მარკიზიოს „იუვედან“.

ჟურნალისტებმა მოახერხეს მოიესთან დაკავშირება. აი, რა თქვა „ეშმაკების“ თავკაცმა: „იტალიაში მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ თავისუფალი დრო გამომიჩნდა. ტრანსფერები ჩემს ვიზიტთან არაფერ შუაშია“. ახლა მთავარია, დავიჯერებთ თუ არა მოიესის ამ გულისამაჩუყებელ ისტორიას.

მომსვლელები
„რეალიდან“ ფაბიო კოენტრაუს სავარაუდო ტრანსფერი ახლა ყველაზე პოპულარული თემაა.
25 წლის პორტუგალიელის მიმართ ინტერესს „იუნაიტედიც“ ადასტურებს, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია. მოდი, პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონებთან დაკავშირებულ სხვა ხმებსაც გადავწვდეთ, მით უფრო, რომ პრესა მანჩესტერულ გრანდს არაერთ საინტერესო ფეხბურთელს უკავშირებს.

ერთ-ერთი ასეთი ბუქარესტის „დინამოს“ 18 წლის მარცხენა გარემარბი დორინ როტარიუა. რუმინული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ „იუნაიტედის“ წარმომადგენლებს პირადად შეხვდა, სადაც შეიტყო, რომ მას კიდევ დააკვირდებიან ყურადღებით. როტარიუთი დაინტერესებულთა შორის სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც სახელდებიან, მაგალითად, იტალიიდან და ესპანეთიდან. მიუხედავად მომხიბვლელი შეთავაზებებისა, თინეიჯერი რუმინელი არ ჩქარობს სამშობლოდან წასვლას.

„იუნაიტედის“ სახელს ბოლო დღეებში ხშირად ახსენებენ შვედეთშიც. ამბობენ, რომ „ეშმაკებს“ ჰენრიკ ლარსონის 16 წლის შვილის, ჯორდან ლარსონის გადაბირება სურთ. იუნიორი შვედი ოფიციალურად ქვედა დივიზიონის „ჰოგაბორსგს“ ეკუთვნის, თუმცა ამჟამად უმაღლესლიგელ „ჰელსინგბორგში“ ვარჯიშობს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს „დეილი მეილიც“.

წამსვლელები
„იუნაიტედი“ იანვარში რამდენიმე ფეხბურთელთან რომ აპირებს გამოთხოვებას, ეს ბევრჯერ დაიწერა. ყველაზე ხშირად, ვისაც წამსვლელებს შორის ასახელებენ, არიან ანდერსონი, ნანი და ზაჰა, ფეხბურთელები, ვისგანაც წელს გუნდს სარგებელი არ უნახავს.

“ფიორენტინას” სპორტული დირექტორი დანიელე პრადე “სქაი სპორტსთან” ადასტურებს, რომ ანდერსონით არიან დაინტერესებულნი, თუმცა იქვე დასძენს, რომ მათ სიაში 25 წლის ბრაზილიელი ერთადერთი არ არის. თუკი მხარეები საბოლოოდ მაინც შეთანხმდნენ ფეხბურთელთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე ანდერსონი “ვიოლას” იჯარით მიაშურებს და თუკი იმედებს გაამართლებს, იტალიელები მერე მის კონტრაქტს საბოლოოდ გამოისყიდიან კიდეც.

რაც შეეხება ნანის, 27 წლის პორტუგალიელის კრიზისი უკვე წელიწადნახევარია გრძელდება და კლუბში უკვე საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მას გარემოს შეცვლის გარდა არაფერი უშველის. ლისაბონის “სპორტინგი” მზად არის, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით წაიყვანოს.

“კარდიფში” დანიშვნის შემდეგ ოლე გუნარ სულშერმა ხელმძღვანელობას რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვა სთხოვა. 40 წლის ნორვეგიელმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრებს დაადგა თვალი. კონკრეტულად მაგნუს ეიკრემსა და მატს დელის (დუბლებიდან). უელსელებმა მათი ტრანსფერები უკვე გაჩარხეს. ამათ გარდა, “სიტი სტედიუმზე” სათამაშოდ შეიძლება გადავიდნენ ფაბიო და სილვა და ვილფრიდ ზაჰა. “პროცესი არ დასრულებულა. გუნდის გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ, თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას წინასწარ ნუ მომთხოვთ,” – განაცხადა სულშერმა.

დაბოლოს...
ერთია, როცა კლუბი პრაქტიკულად უსარგებლო მოთამაშის გაშვებას თანხმდება და მეორეა, როცა გუნდს კაპიტანი ტოვებს. 32 წლის ნემანია ვიდიჩს “იუნაიტედთან” ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. ლაპარაკი იყო, რომ მხარეები თითქოს შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე, მაგრამ ხმები არ დადასტურდა. სერბი ცენტრალური მცველის გადაბირებას “იუვენტუსი” და “გალათასარაი” აპირებენ. სტამბულელთა შეთავაზება ცნობილია: 2-წლიანი კონტრაქტი და 9 მილიონი ევრო ამ პერიოდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა კლუბის ისტორიაში დგება დღე, როდესაც რაღაც ან ბევრი რაღაც უნდა შეიცვალოს - ერთი ეპოქა დასრულდა, ბუნებრივია უმალ იგივე სიმაღლეების მიღწევა ვერ მოხერხდება. არც ფერგის დაუწყია ტიტულებით პირველივე წლიდან... ვნახოთ, გუნდი კი აშკარად გადასახალისებელი, კი არადა გასაახლებელია - ეს მტკივნეული პროცესია
GiorgiG83
10:43 14-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული