ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტურის შეჯამება და სიმბოლური: გოლები, როგორც ხარისხის ნიშანი

AutoSharing Option
უქმეების შემდეგ "მანჩესტერ სიტი" ცხრილის ლიდერად მოგვევლინა, თუმცა ორშაბათის ღამის თამაშმა სტატუს-კვო აღადგინა და I ადგილი "არსენალმა" დაიბრუნა.

"ქალაქელები" კარგ ფორმაში არიან. ამას ადასტურებს პრემიერლიგაში ბოლო 10-დან 9 მოგება და აქედან 6-ჯერ ზედიზედ. მანუელ პელეგრინის სრული საფუძველი ჰქონდა, თამაშის შემდეგ ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ თითქმის არ ითვლება. 78-ე წუთზე მაპუ იანგა-მბივას უხეშმა თამაშმა სამირ ნასრის წინააღმდეგ ჩილელს განწყობა გაუფუჭა. ირკვევა, რომ 26 წლის ფრანგი თვე-ნახევარი ვერ ითამაშებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, მინიმუმ, პირველ შეხვედრას მაინც
გამოტოვებს.

"იანგა-მბივა უნდა გაეგდოთ, რადგან ჩემმა ფეხბურთელმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. ბრალდებები, რომ მაიკ ჯონსი ჩვენ მცირედ მაინც დაგვეხმარა, გადაჭარბებულია. "ნიუკასლი" იოლი მეტოქე არასდროს ყოფილა. თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის". მთავარი, რაც დღეს მოვახერხეთ, იყო ის, რომ თავს ორგანიზებულად ვიცავდით. ჩვენი თამაშის ხარისხზე ყველაზე უკეთ გოლების რაოდენობა მეტყველებს,"
- განაცხადა პელეგრინიმ.

ტურის ფაქტები
"ჰალთან" ფერნანდო ტორესმა ზედიზედ მე-2 ტურში გაიტანა, რაც ესპანელს 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ვერ მოეხერხებინა. "ელ ნინიოსთვის" ეს იყო მე-200 მატჩი პრემიერლიგაში.
"ჩელსისთან" 0:2-მდე "ჰალს" საშინაო შეხვედრებში 6 გოლი ჰქონდა გაშვებული, რაც საუკეთესო შედეგი იყო "არსენალთან", "სიტისთან" და "ლივერპულთან" ერთად.
პეტრ ჩეხმა 209-ე მშრალი თამაში ჩაატარა "ჩელსიში", რაც საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში.

***
"კარდიფმა" "ვესტ ჰემთან" ზედიზედ მე-6 შეხვედრა წააგო ყველა ტურნირზე და აქედან მეხუთედ "მშრალად".
"კარდიფი" ერთადერთ გუნდად რჩება პრემიერლიგაში, რომელსაც პენალტი არ დაურტყამს.
"კარდიფის" მხოლოდ 7 ფეხბურთელს აქვს მიმდინარე სეზონში გატანილი, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატში.
უელსელთა დამრიგებელ ოლე გუნარ სულშერს სამწვრთნელო დებიუტი იმავე გუნდთან ჰქონდა, რომელსაც ფეხბურთელის რანგში უკანასკნელად დაუპირისპირდა.

***
"ევერტონმა" წერტილი დაუსვა "ნორვიჩთან" 5-მატჩიან მოუგებელ სერიას (4 ფ, 1 წ).
"ევერტონს" 21 ტურში 12-ჯერ აქვს გატანილი პირველი გოლი საწყის 20 წუთში. გარეთ ბერიმ ამჯერად 3 წუთი "გადააცილა".

***
"ფულჰემმა" "ქრევეინ კოტეჯზე" "სანდერლენდთან" ბოლო 10 შეხვედრიდან მე-3 დათმო (2 ფ, 5 მ).
"შავმა კატებმა" სტუმრად მე-5 თამაში ჩაატარეს წაუგებლად (2 მ, 3 ფ).

***
"საუთჰემპტონის" მხრიდან გოლის ავტორმა ადამ ლალანამ პროფესიულ კარიერაში პირველი გოლი სწორედ "ვესტ ბრომვიჩს" გაუტანა 2008 წლის აპრილში.
"საუთჰემპტონმა" "სენტ მერიზე" ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა.

***
"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ისტორიაში მე-200 ლონდონური დერბი ჩაატარა (63 მ, 63 ფ, 74 წ).
"ტოტენჰემმა" "კრისტალ პალასს" მეხუთედ უმასპინძლა "უაით ჰართ ლეინზე" და პირველად დაამარცხა (3 ფ, 1 წ).
მთავარ მწვრთნელად ტიმ შერვუდის დანიშვნის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა მწვრთნელს ნდობა გაუმართლეს: კრისტიან ერიქსენმა 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, ემანუელ ადებაიორმა კი ასევე 5 მატჩში 3 გოლი და 2 პასი გააკეთა.

***
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სუონსისთან" პრემიერლიგაში მე-6 თამაში ჩაატარა და მეხუთედ დარჩა გამარჯვებული (1 ფრე).
"ეშმაკების" 32 წლის მცველმა ნემანია ვიდიჩმა პრემიერლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.
დენი უელბეკმა ბოლო 5 ტურში 5 გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა "გედებს" პირველ წრეშიც გაუტანა, თანაც ორჯერ.

***
"ნიუკასლს" "მანჩესტერ სიტისთან" საშინელი სტატისტიკა აქვს: ბოლო 15 თამაშში 13 წაგება და აქედან 9-ჯერ ზედიზედ, ბოლო 12 მატჩში კი "კაჭკაჭები" მინიმუმ 2 გოლს (და მეტს) უშვებენ.
"მანჩესტერ სიტი" ერთადერთია პრემიერლიგაში, რომელსაც საწყის 15 წუთში ჯერ არ გაუშვია. სეზონის განმავლობაში "ქალაქელებს" მატჩის საწყის წუთებში მხოლოდ სამი გოლი აქვთ გაშვებული და სამჯერვე "ბაიერნისგან" - ერთხელ "ეტიჰადზე", ორჯერ - "ალიანს არენაზე".
თავის მხრივ, "სიტის" უკვე 14 გოლი დაუგროვდა სადებიუტო 15 წუთში.
"სიტი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც სეზონში ზედიზედ 6-ჯერ მოიგო.

***
"სტოკმა" დაასრულა "ლივერპულთან" 5-თამაშიანი საშინაო წაუგებელი სერია (3 მ, 2 ფ) და სეზონში საკუთარ არენაზე პირველად გაუშვა 2 გოლზე მეტი.
"სტოკმა" დაასრულა "ბრიტანიაზე" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია.
ლუის სუარესს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში 7 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.
39-ე წუთზე პიტერ კრაუჩის გოლის შემდეგ ერთადერთი გუნდი, რომელსაც თავურით ჯერ კიდევ არ აქვს გატანილი, "ვესტ ჰემია".

***
ბირმინგემის "ვილა პარკზე" "არსენალის" წაუგებელი სერია 15 მატჩამდე გაიზარდა (8 მ, 7 ფ).
"არსენალმა" მე-16 შეხვედრაში მოახერხა ანგარიშის გახსნა, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.

XXI ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
სტატისტიკა XXI ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
22 - ლუის სუარესი (ლივერპული)
13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
10 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

საუკეთესო მეპასეები
8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7 - მესუთ იოზილი (არსენალი)
6 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი), ხესუს ნავასი (მანჩესტერ სიტი)

გოლი+პასი
27 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 22+5
17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 13+4, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 9+8
14 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+6, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 9+5, ედენ აზარი (ჩელსი) - 9+5

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
10 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)
9 - მატიე დებუში (ნიუკასლი)
8 - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: "სიტი" პირველზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული