"მანჩესტერ იუნაიტედი": პირველი აგური

AutoSharing Option
შაბათ საღამოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ხუან მატამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ეშმაკებმა" 25 წლის ესპანელ პლეიმეიკერში კლუბისთვის სარეკორდო თანხა, 37.1 მილიონი ფუნტი (45 მილიონ ევრომდე) გადაიხადა.

"ჩელსის" რიგებში მატა 2011 წლის ზაფხულში "ვალენსიადან" გადავიდა და "სტემფორდ ბრიჯზე" გატარებულ ორივე სრულფასოვან სეზონში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჟოზე მოურინიომ ის მაინც აითვალწუნა და სათადარიგოთა სკამზე დასვა. "ლურჯების" რიგებში 135 თამაშში ფეხბურთელმა 32 გოლი გაიტანა.

"იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ცოტა ვღელავ, რადგან ვაცნობიერებ, რომ უმდიდრესი
ისტორიის კლუბში მოვედი და რაღაც წილად უკვე გავხდი მისი ნაწილი. "ჩელსიში" გატარებული წლების შემდეგ ახალი გამოწვევის დრო დადგა. ლონდონში ბევრი მეგობარი დამრჩა, თუმცა, როცა თანამშრომლობას "იუნაიტედი" გთავაზობს, უარის თქმა წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს უახლოეს მომავალშივე დავეხმარები წარმატებულ ასპარეზობაში,
" - განაცხადა პრესკონფერენციაზე "ეშმაკების" ახალწვეულმა.

"ხუან მატა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელია და ცხადია, ბედნიერები ვართ, რომ ამიერიდან ჩვენს რიგებში ითამაშებს. ხუანი ერთ-ერთი უმთავრესი იყო, ვინც "ჩელსის" ბოლო წლების წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა თავისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით. სამომავლოდ უზარმაზარი გეგმები გვაქვს, რისთვისაც დიდი ფეხბურთელები დაგვჭირდება. შემიძლია ვთქვა, რომ მატას შეძენა პირველი ნაბიჯია სამომავლოდ დაგეგმილთაგან. ასე ვთქვათ, ის პირველი აგური უნდა გახდეს ჩვენს მომავალ გუნდში,
" - დასძინა დევიდ მოიესმა.

300 ათასი კვირაში
ბრიტანული გაზეთების ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" უეინ რუნის ზაფხულისთვის ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერას სთავაზობს, რომლის თანახმად, 28 წლის თავდამსხმელის ანაზღაურება კვირაში 50 ათასი ფუნტით გაიზრდება და 300 ათასს მიაღწევს. მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული