ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: უცხოპლანეტელები?

AutoSharing Option
აგუერო ისევ თამაშგარეშია
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სერხიო აგუერო მოედანს დაუბრუნდა თუ არა, თითქოს არაფერი მომხდარაო, უცბად ათამაშდა. 25 წლის არგენტინელმა 5 არასრულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და სამწუხაროდ, ამჯერად ბარძაყის კუნთი იტკინა.

როდის შეძლებს თავდამსხმელი ვარჯიშის განახლებას, ეს დიაგნოზზეა დამოკიდებული.

"ჩელსისთან" აგუეროს თამაშის შანსი მიზერულია. თავად სერხიო ამტკიცებს, რომ მწვრთნელმა ის მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. მანუელ პელეგრინის თქმით კი, ფეხბურთელს მყესი აქვს დაზიანებული, რაც ნაკლებად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ჩილელი მხოლოდ იმედოვნებს, რომ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდება.

"ტოტენჰემთან" შეხვედრის შემდეგ
ძნელია "სიტიზე" რაღაც ახლის თქმა. ის, რომ თამაშის ხარისხის მიხედვით, "ქალაქელები" ჩემპიონატის უპირველეს ფავორიტებად უნდა ჩავთვალოთ, ამაზე მსჯელობა ზედმეტი გვგონია. სტატისტიკაც კი ამას მოწმობს: XXIII ტურის შემდეგ გუნდმა 8-ჯერ შეძლო 4 და მეტი გოლის გატანა.

"დეზების" თავკაცი ტიმ შერვუდი იმდენად იყო შეძრული მეტოქის ტოტალური უპირატესობით, რომ "სიტის" ფეხბურთელებს უცხოპლანეტელები უწოდა და მომავალ ჩემპიონად გამოაცხადა.

პელეგრინი კი მსგავს დამოკიდებულებას არ ეთანხმება. აი, რას ამბობს ის: "წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია. შესაბამისად, წინასწარ დასკვნების გაკეთება ნაადრევი მგონია. თუკი ასევე გავაგრძელებთ თამაშს, შანსი ნამდვილად გვექნება, მაგრამ, მოდი, ამაზე მსჯელობა სამომავლოდ გადავდოთ".

დამნაშავე ვესტ ჰემი
"სტემფორდ ბრიჯზე" უგოლო ლონდონური დერბის შემდეგ ჟოზე მოურინიო გაწბილებული დარჩა. მისი გაგება შეიძლება, რადგან "სიტისთან" სტუმრად შეხვედრამდე მას უკეთესი "ჩელსის" ნახვა სურდა.

კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, მასპინძელი ბოლოს ვერას გახდა. პორტუგალიელმა მთავარი დამნაშავე მალევე იპოვა - მეტოქის უმსგავსო ტაქტიკა, რომელიც მხოლოდ შეტევების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული.

"ძნელია ითამაშო ფეხბურთი, როცა მოწინააღმდეგეს ამის სურვილი არ გააჩნია, რადგან ამისთვის ორმხრივი ნებაა საჭირო"
, - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

დიდხანს არც სემ ელერდაისის რეაქციამ დაახანა:

"სასიამოვნოა იმის ყურება, მეტოქე ფეხბურთელები როგორ ცდილობენ მსაჯის დაშინებას, რადგან მოედანზე არაფერი გამოსდით; მათი გაბრაზებული მწვრთნელი კი როგორ ხტუნაობს ტექნიკური ზონის სიახლოვეს.

პასუხი იმაზე, თუ რატომ ავირჩიეთ ეს ტაქტიკა, ძალიან მარტივია: "ვესტ ჰემი" დასარჩენად იბრძვის და ვერ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, მეტოქეს თამაში გაუხსნას და სამი ბურთით დამარცხდეს"
.

XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები
ვიტო მანონე (სანდერლენდი)
მარტინ ოლსონი (ნორვიჩი), ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი), ჩიკო ფლორესი (სუონსი)
ჯონათან დე გუზმანი (სუონსი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფაბიან დელფი (ასტონ ვილა), ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი)
კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ლუის სუარესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური: სუფრის თავში "მანჩესტერ სიტია" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღადაობაა რა ჟოზე რო მაგას იტყვის რაც მაგან ინტერით ბარსასთან გააკეთა
papa
11:48 31-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული