ხელსაყრელი სიტუაცია ორჯერვე დენიელ სტარიჯმა გაანიავა. "წითლებს" სიჩქარეები არც მერე დაუგდიათ, ოღონდ ტემპერატურამ ლუკაშ ფაბიანსკის კართან ნელ-ნელა მაინც იკლო. თავის მხრივ, "არსენალმა" პირველივე მომენტი გამოიყენა. მარტინ შკრტელმა საჯარიმოში იაია სანოგოსთან მაღალ ბურთზე ბრძოლა წააგო. თავდამსხმელმა ბურთი დაუმუშავებლად დასცხო, თუმცა ლუკას პოდოლსკის
უკანასკნელისთვის საბოლოო დარტყმაში ხელი აღარავის შეუშლია. "მეთოფეები" ტაიმის ბოლომდე კიდევ რამდენჯერმე გადარჩნენ, შესვენების შემდეგ კი სხვაობა სწრაფადვე გაზარდეს. ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მესუთ იოზილისგან მიიღო გადაცემა და ცენტრისკენ პოდოლსკის დაუგორა. ჯო ფლენაგანმა ცენტრალური მცველები დროულად ვერ დააზღვია. "ლივერპულმა" ერთადერთი გოლი პენალტიდან გაიტანა. წესი პოდოლსკიმ დაარღვია, ვინც ლუის სუარესს ფეხებში მისცხო.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია. ასე რომ, მომდევნო ეტაპზე გასვლით ბედნიერები ვართ. მომეწონა ჩემი ფეხბურთელების ენერგიულობა და მიზანმიმართულობა. აშკარაა, რომ დღეს ყოველმა მათგანმა მაქსიმუმი გააკეთა წარმატებისთვის.
"ლივერპული" ძლიერი გუნდია. მან რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა გოლების გარდა, სხვა შანსები ჩვენც გვქონდა. მოვისმინე მოსაზრება, თითქოს "არსენალს" თებერვალში ტრადიციულად ეწყება ჩავარდნა და ჩვენი წარუმატებლობები ამის ბრალია. მტკიცებულებას სერიოზულად ვერ მივიღებ. შესაძლოა, გარკვეული პრობლემები გვქონდა, ნამდვილად იყო იმედის გაცრუებებიც, მაგრამ მე ჩავარდნას სხვა რამეს ვუწოდებ".
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ვფიქრობ, რომ დღეს უფრო ძლიერი გუნდი დამარცხდა. დღევანდელი თამაშით, მინიმუმ, განმეორებით მატჩს მაინც ვიმსახურებდით. შეტევაში, უბრალოდ, ძალიან ძლიერები ვიყავით, მარტივ სიტუაციებში გაშვებული ბურთები კი ოპტიმიზმს ნამდვილად ვერ შეგვმატებს. "ემირეიტსზე" სეზონის დასაწყისშიც დავმარცხდით (0:2), მაგრამ სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ მას მერე უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ და ეს მოედანზეც გვეტყობოდა.
დღეს ჩემს გუნდს საკუთარი ძალების ბოლომდე სწამდა. რაკი თასიდან გამოვვარდით, შეგვიძლია მთელი ყურადღება პრემიერლიგაზე გადავიტანოთ. წინ კიდევ 12 ტურია, ასე რომ, მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა გვმართებს".
კოლეგების შეფასება
მატჩის მიმდინარეობისას ჰოვარდ ვების მიერ დაშვებულ რამდენიმე შეცდომას მისი ყოფილი კოლეგა მარკ ჰალსი გამოეხმაურა და პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრს კარიერაში გარკვეული პაუზის აღება ურჩია. ჰალსის შეფასებით, 2:1-ზე ოქსლეიდ-ჩემბერლენის მიერ სუარესზე თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო:
"აღნიშნულ ეპიზოდში ჰოვარდი უხეშად შეცდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარე სეზონში ის შორს არის საუკეთესო ფორმისგან. ვები არ ჰგავს იმ ძველ მსაჯს, რომელსაც გულშემატკივარი წლების განმავლობაში ენდობოდა. შესაძლოა, მას მცირე პაუზამაც კი უშველოს, რადგან მეტისმეტად არის გადატვირთული არასაფეხბურთო საქმეებითაც. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე და ეს ალბათ ხელს უშლის კონკრეტულ საქმეზე კონცენტრაციაში.
ვებმა უნდა ჩაიხედოს სარკეში და გამოუტყდეს საკუთარ თავს, ამ ეტაპზე რომელი საქმიანობაა მისთვის პრიორიტეტული. უმჯობესი იქნება, დაივიწყოს ყველაფერი, რაც ფეხბურთთან არ არის დაკავშირებული".
იმავე აზრზეა კიდევ ერთი ავტორიტეტული ვეტერანი არბიტრი გრემ პოლიც: "ლივერპულს" მეორედაც ეკუთვნოდა პენალტი, რადგან წესის დარღვევა თვალშისაცემი იყო. ვები კი ამ ეპიზოდში ისეთ პოზიციაში იდგა, რომ შეუძლებელი იყო, ვერ დაენახა. სუარესის ვარდნა აშკარად თეატრალური გახლდათ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რაც ზემოთ ვთქვი. უმრავლესობისგან განსხვავებით, მშვენივრად მესმის, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ უწევს ასეთი დონის შეხვედრის მსაჯს მუშაობა, მაგრამ გამოცდილი არბიტრი ამას უნდა გაუმკლავდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"