ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური. შეჯამება და სიმბოლური: შეხვედრა წარსულთან "ენფილდზე"

AutoSharing Option
ჯილდო შეუპოვრობისთვის
"ევერტონი" "ჩელსისთან" ქულას, ალბათ, იმსახურებდა, თუმცა დამატებით დროში დაცვა შეცდა და დამარცხდა. სამმატჩიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ჯონ ტერიმ საკუთარ გუნდს ცხრილში პირველი ადგილი შეუნარჩუნა. ჟოზე მოურინიო რისი მოურინიო იქნებოდა, მატჩის შემდგომ შეგირდებისთვის ამის გამო განსაკუთრებული მადლობა არ ეთქვა. კაპიტნის წყალობით, "ლურჯები" "გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩს შესანიშნავ ხასიათზე შეხვდებიან.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "რთული თამაში აღმოჩნდა. უპირატესობას ხან ერთი გუნდი ფლობდა, ხან - მეორე. პირველი 20 წუთი უკეთ ვთამაშობდით, მერე კი შეხვედრაზე კონტროლი დავკარგეთ. მეტოქე ბურთს არაჩვეულებრივად
აკონტროლებდა. იძულებული გავხდი, პირველი შეცვლა გამომეყენებინა, რადგან მოედნის ცენტრში პრობლემები გვქონდა და რამირესს სწორედ ეს ევალებოდა.

ერთი გოლიც რომ გაგვეშვა, შეიძლებოდა, წაგვეგო, ვინაიდან შედეგიანობით მაინცდამაინც არ გამოვირჩევით. ბოლო 20 წუთში უპირატესობა ისევ მოვიპოვეთ. კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. შეიძლება ფრე ლოგიკურიც ყოფილიყო, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა და შეუპოვრობისთვის დაგვაჯილდოვა"
.

სტარიჯი, როგორც ზედმეტი ტვირთი
უქმეების მატჩი-მშვენება მერსისაიდში გაიმართა. "ლივერპულმა" და "სუონსიმ" ნამდვილი სპექტაკლი გვიჩვენეს. "ენფილდზე" საკუთარ წარსულს რამდენიმე ადამიანი შეხვდა. უპირველესად, ეს ბრენდან როჯერსზე ითქმის, ვინც სწორედ "გედების" თავკაცად მუშაობისას გაითქვა სახელი.

შეცვლაზე ითამაშა ჯო ალენმაც. უელსელმაც ამავე კლუბში დაიწყო პროფესიული კარიერა. "წითლებს" დაუპირისპირდა ჯონჯო შელვი. ნახევარმცველმა ულამაზესი გოლის შემდეგ დემონსტრაციულად ანიშნა თანაგუნდელებს, რომ მისალოცად არ მისულიყვნენ.

და კიდევ, მოურინიოს ფრაზის შემდეგ, შედეგიანობით არ გამოვირჩევითო, როგორ შეიძლება, არ გაგახსენდეს, რომ სწორედ "ჩელსიში" მიიჩნიეს მიმდინარე სეზონში 18 გოლის ავტორი დენიელ სტარიჯი... ზედმეტ ტვირთად.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ნამდვილი მებრძოლის ხასიათი გამოვავლინეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შემდეგ "სუონსი" კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდა და პრობლემები შეგვიქმნა, რისთვისაც ნამდვილად იმსახურებს კომპლიმენტებს. მართალია, ღია თამაში ჩვენს ხასიათში ზის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული შეცდომების აღმოფხვრაზე არ ვიმუშავებთ.

თავდასხმაში თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა უკანა ხაზმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. ბოლო თვეების განმავლობაში პროგრესი აშკარაა. ამ გზას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ"
.

ტურის ფაქტები
ფრენკ ლემპარდმა პრემიერლიგაში 572-ე თამაში ჩაატარა და გაუთანაბრდა დევიდ ჯეიმსს. პირველ ადგილზე რაიან გიგზია 631 მატჩით.
"ჩელსიმ" "ევერტონთან" მე-19 საშინაო წაუგებელი მატჩი ჩაატარა (10მ, 9ფ).
"ჩელსის" სეზონის სარეკორდო 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ჟოზე მოურინიოს საშინაო წაუგებელმა სერიამ პრემიერლიგაში 74 თამაშს უწია (58მ, 16ფ).

***
ოლივიე ჟირუმ "ემირეიტსზე" 5-მატჩიანი მშრალი სერია "სანდერლენდთან" დუბლით დაასრულა.
ტომაშ როსიცკიმ 2012 წლის თებერვლის შემდეგ "ემირეიტსზე" პირველად გაიტანა.
"არსენალისთვის" თებერვალი წარმატებული თვეა. უკანასკნელი 18 თამაშიდან "მეთოფეებს" 14 მოგება და 3 ფრე აქვთ.

***
"ჰალის" შემტევ ნიკიცა იელავიჩს შარშანდელი მარტის შემდეგ 21-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, ბოლო 3 შეხვედრაში კი 3 გოლი გაიტანა.
"ჰალმა" პირველად შეძლო სტუმრად 4 პრემიერლიგური გოლის გატანა.
"კარდიფმა" 27 ტურიდან 15-ში ვერ გაიტანა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატში.
"ვეფხვების" თავკაცმა სტივ ბრუსმა კარიერაში მე-100 პრემიერლიგური გამარჯვება იზეიმა.

***
იაია ტურემ სეზონში მე-13 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც წინა ორ სეზონში ერთად.
ალექსანდარ კოლაროვმა "სტოკთან" მე-5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც, პაბლო საბალეტასთან ერთად, საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.
"სიტიმ" "სტოკს" პრემიერლიგაში მეექვსედ უმასპინძლა და მეექვსედ დაამარცხა მშრალი ანგარიშით.

***
"ვესტ ბრომვიჩს" "ფულჰემთან" 7 მატჩია, არ მოუგია (3მ, 4ფ).
"ბრომვიჩმა" პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 13 ფრე ითამაშა.
"ვესტ ბრომვიჩის" თავკაც პეპე მელს პრემიერლიგაში 6 თამაშიდან ჯერ ერთიც არ მოუგია.
"ჰაუტორნსზე" მასპინძელმა ბოლო 6 შეხვედრაში 5-ჯერ ითამაშა 1:1.
"ფულჰემმა" ზედიზედ მე-13 შეხვედრაში გაუშვა გოლი.

***
ვესტჰემელმა კარლტონ კოულმა 50-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში.
"ვესტ ჰემს" ზედიზედ 4 თამაში 2007 წლის მაისის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.
"საუთჰემპტონმა" ზედიზედ მესამე გასვლითი შეხვედრა ვერ მოიგო, რაც მათთვის პირველი შემთხვევაა პრემიერლიგაში.

***
უეინ რუნი მეექვსე ფეხბურთელი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედში", ვისაც 300 თამაში აქვს ჩატარებული.
"კრისტალ პალასთან" რუნიმ 208-ე გოლი გაიტანა "იუნაიტედში". ყველა დროის ბომბარდირებში მე-3 ადგილის მფლობელ ჯეკ როულიმდე მას 3 გოლი აშორებს.
მაიკლ კერიკმა პრემიერლიგაში თავისი მე-400 თამაში ჩაატარა.
"პალასთან" კერიკმა 135 პასი გააკეთა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია.
დევიდ მოიესმა "იუნაიტედს" მე-40 შეხვედრაში უხელმძღვანელა და ჯერ არ ყოფილა, რომ ზედიზედ ორჯერ დაყრდნობოდა ერთსა და იმავე შემადგენლობას.

***
დენიელ სტარიჯი რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ პრემიერლიგის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ 8-ჯერ გამოიჩინა თავი. ჰოლანდიელს მსგავსი სერია 2-ჯერ ჰქონდა და 10-მატჩიანი რეკორდიც სწორედ მას ეკუთვნის.
"ლივერპულმა" პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა პირველ ტაიმებში გატანილი ბურთებით (46).
სუონსელმა ვილფრიდ ბონიმ პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში.
"სუონსისთან" მატჩის შემდეგ ლუის სუარესი პრემიერლიგის არა მარტო საუკეთესო ბომბარდირი, არამედ საუკეთესო მეპასეც გახდა.
სეზონში "ლივერპულის" თამაშებში ყველაზე მეტი (105) გოლი გავიდა.

***
"ნიუკასლმა" "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში 530-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
"ასტონ ვილას" ჩემპიონატში ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს, ბოლო 3 კი სულაც უგოლოდ დაასრულა.

***
"ნორვიჩმა" "კეროუ როუდზე" "ტოტენჰემს" პირველად სძლია (2ფ, 4წ).
რობერტ სნოდგრასმა დაასრულა "ნორვიჩის" 312-წუთიანი მშრალი სერია. შოტლანდიელის გოლი შეხვედრაში კარში პირველ ზუსტ დარტყმას მოჰყვა.
ტიმ შერვუდმა "ტოტენჰემის" თავკაცის რანგში პირველი თამაში წააგო სტუმრად და პირველად დაასრულა თამაში გოლის გარეშე.
"ნორვიჩმა" ზედიზედ მეოთხე საშინაო შეხვედრაში არ გაუშვა, რაც 1979 წლის შემდეგ არ მომხდარა.

XXVII ტურის სიმბოლური ნაკრები

დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) - სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი), ლორან კოშელნი (არსენალი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი) - ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), ჯეიკ ლივერმორი (ჰალი), ტომაშ როსიცკი (არსენალი) - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), ოლივიე ჟირუ (არსენალი)

სტატისტიკა XXVII ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
23 - ლუის სუარესი (ლივერპული)
18 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
13 - იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
12 - ედენ აზარი (ჩელსი), ლოიკ რემი (ნიუკასლი), ოლივიე ჟირუ (არსენალი)

საუკეთესო მეპასეები
9 - ლუის სუარესი (ლივერპული), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
8 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მესუთ იოზილი (არსენალი)
7 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ოლივიე ჟირუ (არსენალი)

გოლი+პასი
32 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 23+8
23 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 18+5
20 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 15+5
19 - ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 12+7

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
11 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)
10 - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი)
9 - მატიე დებუში (ნიუკასლი), მატიო ფლამინი (არსენალი), ვეს ბრაუნი (სანდერლენდი), იონას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული