ფარულმა კამერამ ჟოზე მოურინიო გამოიჭირა - ეტო'ო 32 წლის არის, შეიძლება 35-ისაც...

AutoSharing Option
"გალათასარაისთან" თამაშამდე ფრანგულმა "კანალ პლუსმა" ჟოზე მოურინიოსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც პორტუგალიელი უჩვეულოდ გულახდილად საუბრობს "ჩელსიში" შექმნილ პრობლემებზე.

ტელეარხმა "ჩელსის" თავკაცთან საუბარი უკვე გაუშვა ეთერში.

"განსაკუთრებული კაცი" ისეთ თემებზე მსჯელობს და ისეთი ტონით, რომ მას განსაკუთრებული ძალისხმევაც კი აღარ ეყოფა გუნდში მშვიდი ატმოსფეროს აღსადგენად. ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ არის გაკეთებული ნიონში, სადაც მოურინიო რიგით მარკეტინგულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ვიდრე ინტერვიუ დაიწყებოდა, ის კომპანია "ჰუბლოტის" წარმომადგენლებს ხვდებოდა და სწორედ მათთან ალაპარაკდა ის ყველაფერზე.

ასე რომ, ფრანგი ჟურნალისტების მხრიდან პროვოკაციის სუნი აშკარაა, ჟოზეს ხომ
ამ თემებზე მათთან არ ულაპარაკია. ის ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი სიტყვები ოდესმე ღია ეთერში გავიდოდა.

ინტერვიუს ტექსტური ვერსია "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა. გამოცემამ მოიპოვა "ჩელსის" წარმომადგენელთა კომენტარიც. ლონდონელთა თქმით, "კანალ პლუსის" წარმომადგენლებმა მოურინიო, უბრალოდ, მოატყუეს.

მაინც რას ლაპარაკობს "ჩელსის" დამრიგებელი? თავად განსაჯეთ:

"ჩელსის" მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას ნამდვილი თავდამსხმელები არ ჰყოფნის. ჩვენ მხოლოდ სამუელ ეტო'ო გვყავს, რომელიც 32 წლის არის, შეიძლება 35-ისაც, წარმოდგენა არ მაქვს.

ჩვენ არ გვყავს ფალკაო, ის კიდევ ნორმალურ კლუბში არ თამაშობს. აბა, ვის უნდა კვირაში ერთხელ სამი ათასი გულშემატკივრის წინაშე თამაში? იძულებული რომ ვიყო, "მონაკოში" მეთამაშა, ვიტყოდი, რომ კარიერის დასრულებას ვაპირებ".


მკითხველის ფანტაზიისთვის მიგვინდვია, თუ რა რეაქცია მოჰყვება ინტერვიუს ამ ნაწილს უშუალოდ "ჩელსის" ფეხბურთელებში. ის, რომ აფრიკელ და არამარტო აფრიკელ ფეხბურთელებს პასპორტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ, ახალი არავისთვის არის. შეიძლება მკითხველს ახსოვდეს კიდეც "აიაქსის" გარემარბი ტიჯანი ბაბანგიდა.

ნიგერიელზე წერდნენ, რომ ის რამდენიმე წლით უფროსი იყო, ვიდრე საბუთებში ეწერა. მთლად კურიოზულია ჯოზეფ მინალას ცინცხალი მაგალითიც, ვინც "ლაციომ" 2014 წლის იანვარში გადაიბირა და ვისზეც დაიწერა, რომ ის 17-ის კი არა, 41-ის (!) იყო.

ერთია, როცა აღნიშნულ თემაზე გაზეთები ნახევრად ხუმრობით წერენ, მაგრამ მეორეა, როცა მასზე მსჯელობას უკვე მწვრთნელი იწყებს. ამ დროს გაითვალისწინეთ ეტო'ოს ხასიათიც, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ "ტკბილი და მურაბა" ადამიანია. მსგავსი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ასევე ფერნანდო ტორესისა და დემბა ბასთვისაც, რომლებსაც, როგორც ირკვევა, მოურინიო თავდამსხმელებად საერთოდ არ მიიჩნევს.

პორტუგალიელს არასოდეს დაუმალავს, რომ საკუთარი თავდამსხმელების თამაშით უკმაყოფილოა. ჟოზე ამ თემაზე უქმეებზე "ევერტონთან" ბოლო წუთზე მოგებული თამაშის შემდეგაც ალაპარაკდა, თუმცა მას დიპლომატიური ეტიკეტი არასდროს ავიწყდებოდა და ყოველთვის ამატებდა, რომ მათ გუნდის წარმატებებში მაინც შეჰქონდათ თავიანთი წვლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული