არსენ ვენგერს დღეები დაუთვალეს

AutoSharing Option
მას მერე, რაც სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავიდა, წარმოუდგენელი თანამედროვე ფეხბურთში აღარაფერია, მათ შორის, არც არსენ ვენგერის და "არსენალის" განშორება, მაგრამ თუ ფრანგი სპეციალისტისა და ლონდონური გუნდის გზები გაიყარა, ეს მაინც მოულოდნელი და გულდასაწყვეტი იქნება.

ასეა თუ ისე, ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, მოვიდა დრო, როდესაც მუსიე არსენმა თავისი საყვარელი კლუბი უნდა დატოვოს. ბრიტანულ პრესაში უკვე მისი შემცვლელიც შეურჩევიათ - იურგენ კლოპი.

თუმცა ჟურნალ-გაზეთები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, კლოპი "არსენალში" მიდის თუ "ლივერპულში", რომელსაც
ასევე უკავშირებენ გერმანელ სპეციალისტს. თავის მხრივ, კლოპს "დორტმუნდში" საქმეები აერია და დიდია შანსი იმისა, რომ ატმოსფერო გამოიცვალოს. მას საკმაო ხანია, პრემიერლიგას უწინასწარმეტყველებენ.

ის, რომ "არსენალი" ბოლო წლებში უპერსპექტივოა და სიმპათიურ, მაგრამ ისეთ კლუბად რჩება, რომელსაც სერიოზული წარმატების მიღწევის და მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების რეალური შანსი არ აქვს, უბრალო ფაქტებითა და რიცხვებითაც კარგად დასტურდება.

ჩემპიონთა ლიგას, რომელზეც მომავალ სეზონში ლონდონელთა მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამჯერად საერთოდ მოვეშვათ და ინგლისის პრემიერლიგაზე ვისაუბროთ.

მას მერე, რაც "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" უპრინციპულესი დაპირისპირება დათმო, უკვე 1304 დღეა, "მეთოფეებს" "წითელი ეშმაკები" არ დაუმარცხებია.

თანაქალაქელ "ჩელსისთან" ვენგერს 1124 დღეა არ მოუგია, ხოლო მეორე მანჩესტერულ კლუბთან, "სიტისთან" იგი 840 დღეა, გამარჯვებას ვერ ახერხებს.

იმ საუცხოო სეზონის მერე, როდესაც "არსენალმა" ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა, "ხელშეუხებელნი" შეერქვა და ლამაზ სტილში გახდა ჩემპიონი, ათი წელი გავიდა. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა კარგად აჩენს იმას, თუ რატომ არის "არსენალი" თითქმის მუდამ მეოთხე და ახლა ეს ადგილიც სათუოა.

უკანასკნელი დეკადის განმავლობაში სამი უმთავრესი კონკურენტის წინააღმდეგ "არსენალმა" 63 მატჩი ჩაატარა, 17 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 29 წააგო, გაიტანა 65 გოლი და გაუშვა 99. 189 შესაძლებლიდან "მეთოფეებმა" 68 ქულა აიღეს. ამას ემატება ისიც, რომ 30 წელიწადზე მეტია, 12 ტურის მერე "არსენალს" ისეთი ცუდი შედეგი არ ჰქონია, როგორიც ახლა აქვს. არსენ ვენგერს, უბრალოდ, (აღ)არ შეუძლია ტოპ-გუნდებთან მოგება. რას ფიქრობთ თქვენ? მოვიდა მისი წასვლის დრო?

გაზას არსენი და "არსენალი" დაეხმარნენ
პოლ გასკოინი, რომელიც ისევ ალკოჰოლიზმს ებრძვის და მთელი თავისი ქონება დიდი ხანია, გაანიავა, იხსენებს, რომ მისი მკურნალობის ფული, კერძოდ კი, 50 ათასი ფუნტი, ერთ-ერთ ჯერზე ლონდონის "არსენალმა" და "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაფარეს.

"თავს ცუდად ვგრძნობდი, "არსენალის" ფიზიოთერაპევტს, გარი ლევინს დავურეკე და ვუთხარი, რომ დახმარება მჭირდებოდა. მან ჰოსპიტალში გამგზავნა, შეეშინდა, ეჭვი გაუჩნდა, რომ პნევმონია მქონდა. ვენგერი ჩემი მკურნალობისთვის 28 ათასი ფუნტის გადახდას დათანხმდა, ხოლო "არსენალმა" დარჩენილი 22 ათასი დაამატა" - თქვა გაზამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭეშმარიტად ეს სეზონი არსენალმა შეიძლება ათეულშიც ვერ დაამთავროს!
brola
13:08 26-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული