ბრენდან როჯერსი: "ლივერპულისთვის" იდეალური ისევ მე ვარ

AutoSharing Option
სიმონ მინოლე ბოლო დროს არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ბელგიელი მეკარის სათადარიგოთა სკამზე დატოვებამ და შემადგენლობაში 32 წლის ბრედლი ჯონსის დაყენებამ მაინც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ისიც აღნიშნეს, ბრენდან როჯერსი უკვე სიტუაციას საერთოდ ვეღარ აკონტროლებსო.

თითქოს, ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა მართლაც დაკარგა თავი, ისევე, როგორც მინოლე კარგავს ხოლმე კარს გამოსვლებისას.

"ვიგრძენი, რომ ეს ცვლილება საჭირო იყო და უნდა გამეკეთებინა. ჩვენი მიზანი სიტუაციის გამოსწორება და ამ წუთას საუკეთესო შემადგენლობით თამაშია.

სიმონს ვესაუბრე და ყველაფერი ავუხსენი, ვუთხარი, რომ ეს ცვლილება გაურკვეველი პერიოდით მოხდა.

იგი
პროფესიონალია, ყველაფერი გაიგო და ღირსეულად მიიღო. ბრედლი შესანიშნავი მეკარეა და მასზე დაყრდნობა შეგვიძლია, მან "მანჩესტერთანაც" მშვენივრად ითამაშა", - აღნიშნა როჯერსმა.

ეს სიტყვები ცოტა სასაცილოდაც ჟღერს, როდესაც ვსაუბრობთ მატჩზე, რომელიც მერსისაიდელებმა 0:3 წააგეს, მაგრამ როჯერსს თავის გასამართლებლად შეუძლია ის სტატისტიკა მოიყვანოს, რომლის მიხედვითაც, "ლივერპულმა" 19 შანსი შექმნა, ხოლო "მანჩესტერმა" მხოლოდ 11. მერსისაიდელებს მომენტებიც ჰქონდათ და კარში 9-ჯერ დაარტყეს, მაგრამ... "ენფილდის" ბინადრების პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაც არის.

"ჩემი აზრით, 3:0 არანაირად არ ასახავს რეალობას. ამ მატჩში ცუდად არ გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, მომენტებს მრავლად ვქმნიდით. არადა, ეს მთელი სეზონია ჩვენი პრობლემაა.

ამჯერად, კრეატივთან დაკავშირებით პრობლემები არ გვქონია. ისიც ბევრ რამეზე მეტყველებს, რომ მეტოქის მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, დავიდ დე ხეამ ურთულესი ბურთები მოიგერია.

არგამართლებაზეც უნდა ვისაუბროთ. მდგომარეობა არასასიამოვნოა, მაგრამ ასეთივე მონდომებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და იმედია, თავდაჯერება დაგვიბრუნდება და შედეგიც მოვა", - განაცხადა ლივერპულელთა დამრიგებელმა.

პრესაში კი გრძელდება იმაზე საუბარი, რომ მერსისაიდელებმა შესაძლოა თავკაცი შეიცვალონ, მაგრამ როდესაც ამ საკითხზე საუბარი ჩამოვარდა, როჯერსმა ღიმილით აღნიშნა - "ლივერპულისთვის" საუკეთესო ვარიანტი მე ვარო.

ამასობაში, ჯეიმი კარაგერს გამოსავალი უპოვია. მართალია, ეს ადამიანი "ევერტონის" ფანია, მაგრამ "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელია და ცხადია, ამ გუნდზეც შესტკივა გული.

ჰოდა, მან როჯერსს ურჩია, იანვარში უილფრიდ ბონიში 20 მილიონი ფუნტი მაინც გაიმეტეთ, წესით, 26 წლის კოტდივუარელი "სუონსიმ" ამ თანხად უნდა დათმოსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული