ფანტასტიკური ჩარლი ოსტინი - ვინ ქაჩავს აუტსაიდერ "ქუინზ პარკს"

AutoSharing Option
ბოლო ტურში "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

მართალია, "ვესტ ბრომვიჩი" "ლოფტუს როუდზე" 2:0-ს იგებდა და "ალბიონის" მთავარ მწვრთნელს, ალან ირვინს მიაჩნია, რომ დიდი უსამართლობა მოხდა, რადგან მისმა გუნდმა ვერ იმარჯვა, მაგრამ ფაქტია, ჰარი რედნაპის ბიჭებმა, უფრო სწორად, ბიჭმა ჩარლი ოსტინმა, დიდებული შემოტრიალება შემოგვთავაზა.

მან პრემიერლიგაში თავისი პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და უკვე 11 გოლი დაუგროვდა. იგი ჩემპიონატის საუკეთესო ინგლისელი ბომბარდირია.

რედნაპმა ამ მოგებას, თავის გუნდს და პირადად ოსტინს სულ ფანტასტიკური ეძახა და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გამოცდილ მწვრთნელს მშვენივრად
ესმის, რომ მარტო ოსტინი ყოველთვის ვერ მოიგებს თამაშებს და იგი იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. ერთ-ერთ ვარიანტად რედნაპი ანდროს თაუნსენდს განიხილავს, რომელსაც "ტოტენჰემში" საერთოდ აღარ აქვს სათამაშო დრო.

"ქუინზპარკელთა" თავკაცს იმედი აქვს, რომ მისი ყოფილი კლუბი 23 წლის გარემარბს მას იჯარის წესით დაუთმობს. ისიც გავიხსენოთ, რომ 2012/13 წლების სეზონში თაუნსენდი უკვე იყო ქპრ-ში განათხოვრებული და მშვენივრად ითამაშა.

თავად ოსტინმა ის ბურთი დაისაკუთრა და სამახსოვროდ შეინახა, რომლითაც "ვესტ ბრომვიჩს" 3 გოლი გაუტანა და მასთან ერთად სურათიც გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა და ყველას წინასწარ მიულოცა შობა.

ახლა ოსტინს, "ბარნლიდან" ქპრ-ში გადასვლის მერე, 52 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.

"ჩარლის შეუდარებელი ისტორია აქვს. წლების მანძილზე იგი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და არანაირი პირობა არ ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა და აი, ახლა სად არის.

მას ჩინებული თვისებები აქვს და უკეთესს ამ ბიჭში ვერც ვერაფერს ინატრებ. იგი ყველასთვის სამაგალითოა", - განაცხადა რედნაპმა.

"ნახეთ, სად იყო ადრე და სად არის ახლა. მისი გოლის ალღო შეუდარებელია, ოსტინი კარგი დამგვირგვინებელია, მაგრამ ჩარლის ასევე ძალიან ეხმარება გვერდზე მყოფი ბობი ზამორა, რომელიც უფრო უკან იხევს და შავ სამუშაოს ასრულებს", - თქვა ალან შირერმა.

ფილ ნევილი: "ჩარლი ოსტინმა მარტომ ამოიყვანა "ქუინზ პარკი" გასავარდნი ზონიდან.

სიმართლე ითქვას, თავიდან ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რამდენად კარგად ითამაშებდა იგი პრემიერლიგაში, მაგრამ ჩინებულად გამოიყურება და ერთ-ერთი საუკეთესო, სათამაშო ფორმის მხრივ, ფორვარდებს შორის. მისი მაჩვენებლები ფანტასტიკურია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული