ინგლისი. პრეიმერლიგა. XVIII ტური: არსენ ვენგერის ორმაგად საიუბილეო გამარჯვება

AutoSharing Option
26 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგაში XVIII ტურის მატჩები გაიმართა. "ბოქსინგ დეი" განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ლონდონის "არსენალისა" და მისი მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერისთვის. "მეთოფეებმა" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" უმასპინძლეს და ანგარიშით 2:1 მოიგეს.

65 წლის ვენგერისთვის, რომელიც ლონდონურ კლუბს 1996 წლიდან უდგას სათავეში, ეს გამარჯვება პრემიერლიგაში მე-400 იყო, ხოლო ყველა ტურნირში - მე-600.

პრემიერლიგაში მოგებების რაოდენობით ფრანგი სპეციალისტი მეორეა ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ. ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცის აქტივში ინგლისის პირველობაზე მოგებული 528 მატჩია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, "არსენალს" ანგარიშის გახსნა ჯერ
კიდევ მე-9 წუთზე შეეძლო, თუმცა ალექსის სანჩესმა პენალტის გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ ჩილელმა 37-ე წუთზე მაინც მიაღწია მიზანს.

53-ეზე ლონდონელები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ოლივიე ჟირუ გააძევა, თუმცა ქპრ-მა ამით ვერ ისარგებლა. პირიქით, 65-ე წუთზე ტომაშ როსიცკიმ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

დარჩენილ დროში "ქუინზ პარკმა" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოო ანგარიში ჩარლზ ოსტინმა 79-ე წუთზე, პენალტით დააფიქსირა.

* * *
თავისი მატჩი მოიგო სატურნირო ცხრილის ლიდერმა ლონდონის "ჩელსიმ", რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" "ვესტ ჰემს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ჯონ ტერიმ 31-ე წუთზე გახსნა, ხოლო დიეგო კოშტამ 62-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
მორიგი სამი ქულა მიითვალა "ჩელსის" მდევარმა "მანჩესტერ სიტიმაც", რომელმაც სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" ანგარიშით 3:1 სძლია.

ინგლისის მოქმედი ჩემპიონები უკვე მე-13 წუთისთვის ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ - გოლები ფერნანდომ და იაია ტურემ (პენალტით) გაიტანეს. 34-ე წუთზე თავი დავიდ სილვამაც გამოიჩინა, მასპინძლებმა კი მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბრაუნ იდეიემ დააფიქსირა.

სხვათა შორის, ეს "მანჩესტერ სიტის" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებაა.

* * *
ამავე ანგარიშით მოიგო მეორე მანჩესტერულმა კლუბმა. "იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში "ნიუკასლს" აჯობა და ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა. დუბლი უეინ რუნიმ შეასრულა, რომელმაც მონაგარს საგოლე პასიც მიუმატა - ამჯერად რობინ ვან პერსიმ გაიტანა. სტუმართაგან პენალტიდან ზუსტი დარტყმით პაპის დემბა სისე გამოირჩა.

* * *
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "ლივერპულის" მინიმალური ანგარიშით გამარჯვება "ბარნლისთან". ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.

"საუთჰემპტონმა" სტუმრად ანგარიშით 3:1 მოუგო "კრისტალ პალასს", ხოლო "ტოტენჰემმა" ასევე სტუმრად "ლესტერ სიტის" აჯობა - 2:1. სტუმრად მოიგო "სტოკმაც" "ევერტონთან" - 1:0.

"ჰალმა" 10-მატჩიანი მოუგებელი სერია "სანდერლენდთან" შეწყვიტა - 3:1, "სუონსიმ" კი შინ "ასტონ ვილას" მინიმალური ანგარიშით მოუგო.

პრემიერლიგის მორიგი ტური 28-29 დეკემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული