ტურინიდან ტორონტოში: სებასტიან ჯოვინკო მიდის

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "იუვენტუსმა" "ვერონა" გაანადგურა და უმთავრეს მდევართან სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. გასულ კვირას, "ვეკია სენიორამ" ვერონული გუნდი ორჯერ დაიბრიყვა და ჯერ თასზე მოუგო 6:1, ხოლო შემდეგ ჩემპიონატის ეგიდით - 4:0.

ორ თამაშში ათი გოლი ბრწყინვალე მაჩვენებელია და ისიც აღვნიშნოთ, რომ თუ სათასო პაექრობაში ყველაზე უკეთ სებასტიან ჯოვინკო წარმოჩინდა, სერია A-ს მატჩში კარლოს ტევესმა გაიბრწყინა.

ქვემოთ ორივე მათგანს მივუბრუნდებით, იქამდე კი ერთ არანაკლებ საინტერესო თემას შევეხოთ.

ჯერ იუვე, მერე სხვები
"სასუოლოს" 23 წლის ფორვარდი სიმონე ძაძა ევროპული გრანდების ყურადღების
ცენტრშია მოქცეული, რაც არაა გასაკვირი, რადგან შესანიშნავად ასპარეზობს და გოლებიც ბლომად გააქვს.

ამასთან, სიმონემ იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი და თანაც, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. ბოლო დღეებში არაერთი ცნობა გავრცელდა იმის შესახებ, რომ ძაძას გადაბირება ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს სურთ, განსაკუთრებით კი, თურმე "ტოტენჰემი" აქტიურობს. თუმცა, როგორც "სასუოლოს" გენერალური დირექტორი ჯოვანი კარნევალე ამბობს, სიმონეს გადაბირების პრიორიტეტული უფლებით "იუვენტუსი" სარგებლობს:

"ვიცი, რომ ძაძას გადაბირება ინგლისურ გუნდებს სურთ, მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსფერის პრიორიტეტული უფლებით "იუვენტუსი" სარგებლობს. ჩემი ინფორმაციით, ტურინელებს სიმონეს გამოსყიდვა ზაფხულში სურთ, იქამდე კი ფეხბურთელი "სასუოლოში" დარჩება. სხვა კლუბებს შანსი მხოლოდ მაშინ მიეცემათ, თუ ტურინული გრანდი ტრანსფერზე უარს იტყვის".

ტევესი: მინდა, მართალი ვიყო
30 წლის კარლოს ტევესი "იუვენტუსის" მთავარი დამრტყმელი ძალაა და არაა გასაკვირი, რომ ტურინულმა კლუბმა მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, არგენტინელმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა და ამით ტურინში ბევრი გაანაწყენა. ამ თემაზე კარლიტომ საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"ტურინულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ 1.5 წლით მაკავშირებს, ეს კი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დღეს ახალ ხელშეკრულებაზე არ ვიფიქრო. არ მინდა კლუბს კიდევ 3 წლით დავუკავშირო ბედი და შემდეგ იმაზე ვიფიქრო, რომ შეიძლება მისი დარღვევა მომიხდეს. მირჩევნია, მართალი ვიყო როგორც საკუთარ თავთან, ისე "იუვენტუსთან". ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ და შესაძლოა, აქ კიდევ 5 წლით დავრჩე, მაგრამ დღეს შორეული მომავლის დაგეგმვა არ მსურს. დიახ, ჩემი ოცნება კარიერის "ბოკა ხუნიორსში" დასრულებაა, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერ არ ვიცი".

ჯოვინკო ტორონტოში
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ სებასტიან ჯოვინკო კანადურ "ტორონტოში" გააგრძელებს ასპარეზობას. 27 წლის თავდამსხმელს ტურინულ გრანდში სათამაშო პრაქტიკა აკლია და გუნდის გამოცვლა თავადაც სურს, თუმცა მისი კანადაში გადაბარგება ალბათ არა იმდენად მეტი სათამაშო დროით, არამედ ფინანსური მოტივაციითაა განპირობებული.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ახალ კლუბში ჯოვინკო წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ითქვა ისიც, რომ სება 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გამოდის, რომ ამ პერიოდში პრემიების გარეშე 30 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული