ლონდონის "არსენალი": არსენ ვენგერმა დაცვას მიხედა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" გასვლაზე მოუგო და ცხადია, ამან "მეთოფეების" ბანაკში დიდი ჟრიამული გამოიწვია, ხოლო საფეხბურთო სამყაროში - აურზაური. უცნაური და მოულოდნელი "არსენალის" მოგებაზე მეტად ის გახლდათ, რომ გუნდმა დაცვაში შეცდომები, ფაქტობრივად, არ დაუშვა და სანუკვარ შემტევ სტილზეც უარი თქვა.

არადა, ტრავმების გამო და ისედაც, მთელი სეზონის განმავლობაში "არსენალის" უკანა ხაზი ძალიან სუსტად გამოიყურება და კონტრშეტევიდან მოთამაშე არსენ ვენგერიც ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება...

"მეთოფეების" კარს კოლუმბიელი დავიდ ოსპინა იცავდა, დაცვაში კი შემდეგი ოთხეული ვიხილეთ - ბელერინი-მერტეზაკერი-კოშელნი-მონრეალი. ამას
მათ წინ მოთამაშე ფრანსუა კოკლენი ემატებოდა, რომელიც საჭიროების ჟამს უკანაც იხევდა, ისევე, როგორც მთელი გუნდი.

დიახ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხშირად "მეთოფეები" მთელი ამალით აბჯარასხმულნი იცავდნენ თავს და საბოლოოდ, ეს მშვენივრად გამოუვიდათ. ლონდონელებს ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 35% ჰქონდათ, მაგრამ "სიტიმ" მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა, "არსენალმა" კი - 3-ჯერ, სამაგიეროდ, აქედან ორჯერ გაიტანა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი დაცვის ხაზი ხშირად იყო განხილვისა და კრიტიკის საგანი. ჩვენი მიზანი გახლდათ, რომ ყველაფერი გამოგვესწორებინა, თავის ადგილას დაგვეყენებინა და გასვლაზე, რომელიმე კონკურენტთან დიდი მატჩი მოგვეგო, რაც აქამდე ამ სეზონში ვერ შევძელით. მინდა ბიჭები კარგი ბრძოლისა და გუნდური თამაშის გამოვლენისთვის შევაქო.

ხალხი შეფასებებს ნაადრევად აკეთებს ხოლმე. ყველას ავიწყდებოდა, რომ სეზონის განმავლობაში ბევრი მცველი გვაკლდა ტრავმების გამო. მწყობრში ჩადგომას, შეთამაშებასა და საჭირო სიმაღლეზე დაბრუნებას კი დრო უნდა. როგორც ხედავთ, ჩვენი ცენტრალური მცველები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ასეთ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ვენგერმა.

ტრევორ სინკლერი: "ისე გამოჩნდა, რომ "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა საბოლოოდ გაიაზრა, რომ ჩვეული ღია და შემტევი ფეხბურთით პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებთან საგარეო შეხვედრებში წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის სანაცვლოდ, "მეთოფეები" საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ გადართულნი და ძალიან უკან იხევდნენ. რამდენჯერმე 11 კაცითაც კი იცავდნენ თავს".

შეუდარებელი გახლდათ სანტი კასორლა, რომელმაც გოლს პლუს პასი მიითვალა და ერთი ისეთი სოლო-რეიდი გამოაცხო, რომ თვალმოუწყვეტლად შეგიძლია უყურო და ისიამოვნო. იგი მატჩის მსვლელობისას ბურთს 101-ჯერ შეეხო, ამაზე მეტი შეხება მხოლოდ "სიტის" მცველს და ექსარსენალელს, გაელ კლიშის ჰქონდა (110). კასორლას ბოლო 10 მატჩი შეუცვლელად აქვს ნათამაშები და "სიტისთან" მისი პასების 92% ზუსტი გახლდათ.

"მას მერე, რაც კასორლა ცენტრში თამაშობს, უმაღლეს დონეზე გამოიყურება. მას ამ ამპლუაში და პოზიციაზე ურჩევნია, იგი ასე ბევრად უფრო პროდუქტიულია. კიდევ ერთხელ ვხედავთ, რა მნიშვნელოვანია ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ორივე ფეხით კარგად თამაში. სანტი მართლაც ფანტასტიკურად გამოიყურება და ურთულესი სიტუაციებიდან შეუძლია გამოსვლა. იგი ყველაფერს შემართებით აკეთებს, რადგან უყვარს ეს თამაში" - დასძინა ვენგერმა.

"არსენალი" ოთხეულთან ქულაშია და ეს მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, მაგრამ ამით "მეთოფეების" ყველა პრობლემა არ მთავრდება და ფრანგ სპეციალისტს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2010 წლის ოქტომბრის მერე "მეთოფეებმა" "ქალაქელებს" სტუმრად პირველად მოუგეს. ასევე, ეს მხოლოდ მე-10 ქულა გახლდათ შესაძლებელი 51-დან "სიტისთან", "ჩელსისთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო შეხვედრებში.

ტურეთი თუ მის გარეშე
"მანჩესტერ სიტის" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა. "ქალაქელები" ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და მას მერე, რაც სერხიო აგუერო, ვენსან კომპანი და ედინ ჯეკო დაბრუნდნენ, წესით, კიდევ უფრო უკეთ უნდა ეთამაშათ, მაგრამ სამაგიეროდ, არ არის იაია ტურე, რომელიც აფრიკის ერთა თასზეა კოტ დ'ივუართან ერთად.

აი, იაიას გარეშე კი "სიტის" უშუალოდ პრემიერლიგის მატჩი წინა წლის აპრილის მერე არ მოუგია... 31 წლის ტურეს გარეშე "ქალაქელები" რომ ისე მძლავრად ვერ გამოიყურებიან, ეს ფაქტია, მაგრამ მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ ეს გამართლება არ არის და მისი აზრით, "სიტი" ამდენად დამოკიდებული არც ერთ ფეხბურთელზე არ არის.

"იაია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც მოგვიგია და უნდა ვიგებდეთ კიდეც. მარცხს გამართლება არ აქვს, ერთი და ორი ფეხბურთელის არყოფნა საპატიო მიზეზი არ გახლავთ" - აღნიშნა 61 წლის მწვრთნელმა.

ცუდ ამბებს ემატება ისიც, რომ პრესაში გრძელდება მითქმა-მოთქმა ტურეს შესაძლო წასვლის შესახებ. ახალ კონტრაქტზე არაფერი ისმის, ხოლო იაია რომ ერთი-ორჯერ ნაწყენი დარჩა, ეს ისედაც ვიცით, თუნდაც მისი აგენტის პირით. საქმე ისაა, რომ 31-ე დაბადების დღე მანჩესტერელთა ხელმძღვანელობამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ძალიან უღიმღამოდ მიულოცა და ტურეს ეს ეწყინა, ისევე, როგორც ის, რომ გარდაცვლილი ძმის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად არ გაუშვეს.

თუმცა იმავე პელეგრინის სიტყვებით, იგი დარწმუნებულია, რომ ტურეს მომავალი "სიტის" უკავშირდება, მაგრამ ჩილელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არაფრის გარანტია არ არის და ფანები მაინც ნერვიულობენ, რადგან გადამწყვეტი თავად ტურეს პოზიცია იქნება.

"სიტიმ" კი, რომელიც უკვე 5 ქულით ჩამორჩა "ჩელსის", მომავალ შეხვედრაზე უნდა იფიქროს და მოემზადოს. შემდეგი მატჩი "ქალაქელებს" 31 იანვარს სწორედაც ლიდერთან აქვთ, თანაც ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე". წაგების შემთხვევაში, სხვაობა უკვე 8 ქულა გახდება და მანჩესტერელთა შანსები ერთიორად შემცირდება.

"მატჩი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა ჩავატაროთ, გადამწყვეტი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, "არსენალთან" წაგებას მალევე დავივიწყებთ, მობილიზებას შევძლებთ და გავიმარჯვებთ, რადგან სხვაობის 2 ქულამდე შემცირებაა საჭირო" - ამბობს პელეგრინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული