ინგლისის ლიგის თასი: კურტუას გადარჩენილი "ჩელსი"

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასის გამორჩეულ ნახევარფინალში "ლივერპული" და "ჩელსი" ერთმანეთს დაუზავდნენ.

"ენფილდზე" ნათამაშები ფრე "სტემფორდ ბრიჯზე" საპასუხო მატჩის წინ ამ დუელში ფავორიტად "ჩელსის" ტოვებს, მაგრამ საინტერესოა, რომ ლიგის თასის ნახევარფინალში "ლურჯები" 11-ჯერ არიან ნამყოფნი, მაგრამ ფინალს აქედან მხოლოდ 6-ჯერ უწიეს. მატჩის მერე ჟოზე მოურინიომაც ამაზე ისაუბრა:

"ფავორიტები არანაირად არ ვართ, უმძიმესი მატჩი გველოდება. შანსები თანაბარია, უნდა ვიბრძოლოთ და ყურადღებით უნდა ვიყოთ". პორტუგალიელი უშუალოდ ბრენდან როჯერსის "ლივერპულთან" ჯერჯერობით წაუგებელია - 3 მოგება და 1 ფრე.

ლონდონელები ედენ აზარის პენალტით იგებდნენ, ეს მათი
ერთადერთი ზუსტი დარტყმა გახლდათ მთელი მატჩის განმავლობაში. ბელგიელმა ამ სეზონში მე-4 თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, მის აქტივში უკვე 12 გოლია. რაჰიმ სტერლინგის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ლივერპულელებმა გაათანაბრეს და მოგებაც შეეძლოთ.

როჯერსი სწორედ ამაზე წუწუნებდა და წუხდა, არ გაგვიმართლა, რომ ვერ ვიმარჯვეთ, თორემ თამაშით მშვენივრად გამოვიყურებოდით და მეტოქეს ვაჯობეთო.

უიღბლობასთან ერთად, იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რომ მერსისაიდელებმა ეს შეხვედრა ვერ მოიგეს, ტიბო კურტუა ჰქვია - ახალგაზრდა ბელგიელმა მეკარემ საოცარი "სეივები" შემოგვთავაზა. "ლივერპულმა" მეტოქის კარისკენ 20-ჯერ(!) დაარტყა, ხოლო "ჩელსიმ" მხოლოდ 2-ჯერ...

მარიო ბალოტელი კვლავ არ იყო, სუპერმარიო გაციებულია. ამ ოფიციალური ვერსიის ბევრს არ სჯერა, ბალოტელიმ შესაძლოა, "ლივერპული" მალე დატოვოს. 24 წლის თავდამსხმელი მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული