თეო უოლკოტი: ახალი "არსენალი" ძველს სჯობს

AutoSharing Option
არსენ ვენგერი ჟენევაში ცნობილი სპორტსმენების სპეციალურ გალა-ცერემონიალს დაესწრო.

იქვე იმყოფებოდა ოტმარ ჰიტცფელდიც და ამ ორ ბრწყინვალე მწვრთნელთან ერთად სურათი სიამოვნებით გადაიღო ფორმულა 1-ის ცნობილმა პილოტმა ნიკო როსბერგმა, რომელიც "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე სიამაყით გამოამზეურა. "როგორც ყოველ წელს, არაერთ დიდ ადამიანს შევხვდი" - მიაწერა როსბერგმა.

"ტვიტერზეც" და "ინსტაგრამზეც" სიხარულით გამოფინა ვენგერთან ერთად 9 წლის წინ გადაღებული ფოტო თეო უოლკოტმა, რომელიც მაშინ, 2006 წელს, 16 წლის ასაკში "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა "მეთოფეებს". "9 წლის წინ..." - მიაწერა უოლკოტმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას საკამათო და თამამი განცხადება
გააკეთა - აქაოდა, ჩვენ ახლა უკეთესი თავდამსხმელები და შემტევები გვყავს, ვიდრე გუნდს 2006-ში ჰყავდაო.

"წმინდანების" აღზრდილმა შემტევმა თავად გაიხსენა ის დიდი ფეხბურთელები, რომლებიც იმ დროისთვის ბურთაობდნენ მაშინ ჯერ კიდევ "ჰაიბერიზე" - ტიერი ანრი, დენის ბერხკამპი, რობერ პირესი, ფრედი ლიუნგბერგი, ხოსე ანტონიო რეიესი...

უოლკოტმა ეს ფეხბურთელები აქო, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, "არსენალს" ისტორიაში საუკეთესო თავდასხმა სწორედ ახლა ჰყავს - თავად იგი, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი, სანტი კასორლა, მესუთ იოზილი, ალექსის სანჩესი, ოლივიე ჟირუ... ოღონდ უოლკოტმა ერთიც დაამატა, ამის დასამტკიცებლად ტიტულები უნდა მოვიგოთო. ასე რომ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული