კრის რემზის "ქუინზ პარკის" გაწვრთნა უნდა

AutoSharing Option
"ქუინზ პარკ რეინჯერსს" ჰარი რედნაპის შემდეგ სამი დროებითი მწვრთნელი ჰყავს - კრის რემზი, კევინ ბონდი და ლეს ფერდინანდი. ეს სამეული პირველ ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ "ქუინზ პარკმა" "საუთჰემპტონისგან" ბოლო წუთზე გაუშვა გოლი.

ქპრ-ს აქტიურად უკავშირებენ ტიმ შერვუდს, რომელიც "ტოტენჰემის" მერე უმუშევარია და ამის შესახებაც გაუწყეთ. თუმცა რემზიმ საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მას კლუბი სრულფასოვნად ჩააბარონ. იგი მიიჩნევს, რომ გუნდის კრიზისიდან გამოყვანა და კარგად ათამაშება ხელეწიფება.

ბოლო დროს, დროებითი მწვრთნელების პოსტზე ხანგრძლივი ვადით დატოვება მოდაში შემოვიდა და ამის ნათელი მაგალითი სწორედ
ხსენებული შერვუდია. ასევე, "ნიუკასლში" ჯონ კარვერის ბოლო მაგალითი შეგვიძლია ვახსენოთ. მიანდობს თუ არა ტონი ფერნანდესი თავის გუნდს აკადემიის მწვრთნელ რემზის, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ბევრი რამ "სანდერლენდთან" დღევანდელ პრინციპულ შეხვედრაზეც არის დამოკიდებული. ქპრ-ს "ლაითზე" უწევს სტუმრობა და შეგახსენებთ, რომ გუნდი სრულ ანტირეკორდზე მიდის, აქამდელი 11-ივე საგარეო შეხვედრა წაგებული აქვს.

"თუ პრემიერლიგის გუნდის მწვრთნელობას შემოგთავაზებენ, გასაკვირი არ იქნება, რომ დათანხმდე და მეც სიამოვნებით ვიმუშავებდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თუმცა უმთავრესი ის არის, რომ გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოსტზე ვიქნები მე ან საერთოდ ვიქნები თუ არა ქპრ-ში. საგარეო მატჩებს რაც შეეხება, გასვლაზე თამაშის ერთგვარი კომპლექსი ჩამოგვიყალიბდა და მიმაჩნია, რომ დიდწილად ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც უნდა დავძლიოთ. ბიჭები ძალიან შემართულები არიან და იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ" - ამბობს რემზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული