ლივერპული-ტოტენჰემის გამოხმაურება: დიდი მატჩი უცნაური გმირით

AutoSharing Option
AUTO PLAY
* "ტოტენჰემს" ვერ უშველა ჰარი კეინის მორიგმა გაბრწყინებამ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

* მარიო ბალოტელიმ 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად გაიტანა პრემიერლიგაში.

"ენფილდზე" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიმართა, რომელმაც ადრენალინის, გოლებისა და სანახაობის მოზღვავება არ მოგვაკლო. მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულს" ტრავმის გამო რაჰიმ სტერლინგი გამოაკლდა, მერსისაიდელები შეტევაში ამჯერად მშვენივრად თამაშობდნენ და ბრენდან როჯერსმა გუნდი მინდორზე მოსაგებად გაიყვანა.

უკან არც მაურისიო პოჩეტინოს "დეზები" იხევდნენ და ერთი სიტყვით, "ენფილდზე" დიდი ამბავი იყო.

ჰარი კეინი პატარა სასწაულების მოხდენას აგრძელებს, მან ამჯერად
გოლს პლუს პასი მიითვალა, მაგრამ ლოონდონელთა სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ გამოდგა. კეინს პრემიერლიგაში უკვე 13 გოლი აქვს, მთლიანად სეზონში კი - 23. 2015 წელს მას პრემიერლიგაში 8 ბურთი აქვს გატანილი და ჯერჯერობით ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ მესისთან ერთად.

"ლივერპულის" მხრიდან დანიელ სტარიჯი გამოვარჩიოთ. ახლადმოშუშებულ თავდამსხმელს თავად არ გაუტანია, მაგრამ ლაზარ მარკოვიჩის პირველ გოლშიც შეიტანა თავისი წვლილი, ის პენალტი მოიპოვა, რომელიც სტივენ ჯერარდმა გარდასახა და შუალედში ქუსლით ულამაზესი გოლიც გაჰქონდა, მაგრამ ცოტა არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოხვდა.

პირველ რიგში, კი მაინც მარიო ბალოტელიზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ამ თრილერის მთავარ გმირად იქცა. ბალო სტარიჯის ნაცვლად შევიდა და აქედან 9 წუთში გამარჯვებისა შეაგდო ადამ ლალანას პასით. როგორც იქნა, იტალიელმა "ლივერპულის" მაისურით პრემიერლიგაში გაიტანა.

ეს მისი პირველი ბურთია ინგლისის ჩემპიონატში "სიტის" პერიოდის მერე, 2012 წლის ნოემბრის შემდეგ. მერსისაიდელთა რიგებში თავის გამოსაჩენად სუპერმარიოს 48 დარტყმა დასჭირდა. ბალომ გოლი არ აღნიშნა, ბრაზიანად და თავდაჯერებულად მიმოიხედა, ეს იყო და ეს.

ამ გოლისა და გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბარიც ზედმეტია. "ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" სხვაობა ქულამდე შეამცირა და ჩემპიონთა ლიგის ზონისკენ სწრაფვას აგრძელებს. შესაძლოა, ეს 3 ქულა გარდამტეხიც კი იყოს როჯერსის ბიჭებისთვის.

სხვათა შორის, მატჩს კენი დალგლიშისა და სხვა პატივსაცემი და ტრადიციული სტუმრების გარდა, "ლივერპულის" ამერიკიდან ჩამობრძანებული პრეზიდენტი ჯონ ჰენრი და მისი მეუღლე ლინდა პიცუტი ესწრებოდნენ.

"ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. მარიო ყოველთვის ძალიან ბევრს შრომობს ვარჯიშებზე. ბოლო პერიოდში მას გაციება და მიკროტრავმა აწუხებდა, მაგრამ იგივე შემართებით გააგრძელა მზადება და ეს გოლი დაიმსახურა.

მან გამაჯვების გოლი გაიტანა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბედნიერია. იცოდა, რომ თავისი წვლილის შეტანა შეეძლო და ეს მოახერხა. შეტევაში მომენტებს ყოველთვის ვქმნით და მით უმეტეს, დანიელ სტარიჯის დაბრუნების მერე ეს საქმე კარგად გამოგვდის. პარალელურად, დაცვაშიც ყურადღებაა საჭირო. ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. შემდეგ ტურში "საუთჰემპტონთანაც" მოსაგები გვაქვს" - განაცხადა როჯერსის ასისტენტმა კოლინ პასკოუმ.

მაურისიო პოჩეტინო: "დიდებული მატჩი იყო. შედეგით გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ვამაყობ ბიჭებით, რომლებმაც ცდა არ დააკლეს. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და საკუთარი შესაძლებლობების და თამაშის გვჯერა. კარგად გამოვიყურებოდით, მოსაგებად ვთამაშობდით და ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით".

თაღლითობა მერსისაიდულად
ლივერპულში ორი ადამინი დააკავეს, რომლებიც ყალბი ბილეთების გაყიდვაში არიან ბრალდებულნი. 27 და 29 წლის პირები "ენფილდზე" დასასწრებ "ბილეთებს" ინტერნეტითაც ყიდდნენ და ხელზეც, მათი მსხვერპლი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი გამხდარა. ინტერნეტში შეძენილი ბილეთები შემსყიდველებს არასდროს მისდიოდათ, ხოლო ხელზე ნაყიდი ყალბი ბილეთებით კონტროლიორები არ უშვებდნენ სტადიონზე.

"თაღლითობის მსხვერპლები ძირითადად უიქენდის მატჩებზე იყვნენ ხოლმე. ადამიანები, რომლებიც არდადეგებზე ჩამოდიოდნენ და ისედაც დიდ თანხას ხარჯავდნენ, ხოლო თმაშის დღეს კიდევ უფრო მეტის გადახდა უწევდათ ყალბ ბილთებში. ბევრი ამერიკიდან და ვეროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანიც მოტყუვდა, გაძარცვული და იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც "ენფილდზე" არ შეუშვეს" - თქვა მერსისაიდის პოლიციის ინსპექტორმა ჰელენ ბენეტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული