ბაფეტიმბი გომისი გადარჩა, მაგრამ სტრესი რჩება

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტოტენჰემისა" და "სუონსის" შეხვედრა უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა და "დეზების" გამარჯვებით (3:2) დასრულდა, მაგრამ იყო ერთი უსიამოვნო მომენტი, რომელზეც პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ.

მატჩის დებიუტში ბაფეტიმბი გომისმა გონება დაკარგა. იგი უმალვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.

გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე სერიოზულადაა, როგორც თავიდან ჩანდა, მაგრამ საქმე არც სახუმაროდ არის, ფრანგს მეთვალყურეობა სჭირდება.

მსგავსი რამ ბაფეს 2009 წელს სამჯერ დაემართა. ექიმები ამბობენ, რომ ეს მისი სისხლის მიმოქცევის ბრალია. 29 წლის თავდამსხმელს სტრესი ჰქონია, რადგან მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად
გაუარესდა.

"დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი, რადგან მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვნერვიულობ. რაღაც პერიოდი საფრანგეთში დაბრუნება მომიწევს. მინდა ყველას ვუთხრა, ვინც ჩემზე ნერვიულობს, რომ ეს ყველაფერი უფრო ვიზუალურად იყო საშიში. ძალიან გული დამწყდა, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე ვერ დავეხმარე, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა" - თქვა "სუონსის" ფორვარდმა.

გასულ ზაფხულს "ლიონიდან" "თეთრ გედებში" გადასული გომისი იმედოვნებს, რომ მინდორზე მალე დაბრუნდება, მაგრამ ვნახოთ, რას იტყვიან საბოლოოდ ექიმები.

"ჩვენ გვესმის მისი მდგომარეობის, ეს ბაფეს ცხოვრების ნაწილია.

მსგავსი ინციდენტები მას უკვე გამოვლილი აქვს. ცხადია, ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და ტესტი ჩაბარებული ჰქონდა და ყველაფერი რიგზე იყო" - განაცხადა უელსური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარი მონკმა.

ორივე გუნდის ფეხბურთელები ძალიან განერვიულდნენ ამ ინციდენტის გამო. ნაბილ ბენთალებმა სახეზე ხელები აიფარა და მომხდარს ვეღარც უყურებდა. აღსანიშნავია, რომ "უაით ჰართ ლეინზე" 2012 წელს "ბოლტონის" ყოფილ ფეხბურთელს, ფაბრის მუამბას გულის შეტევა დაემართა. საბედნიეროდ, ისიც გადარჩა და 26 წლის მუამბას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ მას მერე ფეხბურთი არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული