ფრანგი სპეციალისტი, რომელსაც კრიტიკოსები მოუმრავლდნენ და უკვე "მეთოფეების" ფანების ნაწილიც ითხოვს მის წასვლას, ოპტიმიზმს არ კარგავს.
"ხალხს ავიწყდება, რომ ჩვენი ამოცანა ახალი სტადიონის აშენება იყო, თან ისე, რომ პარალელურად ჩემპიონთა ლიგაში გვეთამაშა. ჩვენ ეს ყოველწლიურად გამოგვდის. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს "არსენალისთვის" ყველაზე რთული პერიოდი გახლდათ, მაგრამ ახლა გუნდი მყარად დგას ფეხზე. ადრე ძვირად ღირებული ტრანსფერების უფლებას
მოგება ყოველთვის გსურს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა გუნდებისგან არც ისე შორს ვიყავით და კონკურენციას ვუწევდით. არადა, მათი რესურსი გაცილებით დიდი იყო" - აღნიშნა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალი" "ემირატებზე" 2006 წლიდან გადაბარგდა, ამ სტადიონის მშენებლობა კი 470 მილიონი გირვანქა დაჯდა. ზუსტად დაემთხვა ისე, რომ "მეთოფეები" მას მერე ტიტულს ვერ იგებდნენ და 9-წლიანი პაუზა წინა სეზონში დაარღვიეს, როდესაც ასოციაციის თასი დაისაკუთრეს.
მიუხედავად იმისა, რომ "ჰაიბერიზე" ლონდონელები თამაშს მიჩვეულნი იყვნენ და ამ სპეციფიკურ სტადიონზე თამაში მათი ერთგვარი უპირატესობაც იყო სხვა გუნდებთან შედარებით, მათ მაინც ძალიან უნდოდათ ახალი, თანამედროვე სტადიონის აგება, რაც მომავალში ფინანსურ სარგებელსაც გაზრდიდა, მაგრამ თავიდან პირიქით, პრობლემებს შექმნიდა და შექმნა კიდეც. ახლა კი, თუ ვენგერს დავუჯერებთ, გუნდი ისევ აღმასვლის გზას ადგას.
"მეთოფეთა" თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზეც ჰკითხეს. მათ შორის კონფლიქტები ხშირი გახლდათ, რაც არც არის გასაკვირი, რადგან სცენაზე რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" შემოსვლამდე კონკურენცია სწორედ "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის იყო. როგორც ჩანს, მუსიე არსენსა და სერ ალექსს ახლა მშვენიერი ერთიერთობა აქვთ.
"ფერგიუსონი? ახლა ძალიან მიხარია, როდესაც მას ვხვდები, იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ადრე, რადგან ჩვენ გვქონდა ხოლმე რთული პერიოდები. თუმცა ბოლოს და ბოლოს მშვიდობამ დაისადგურა. ალექსი ყოველთვის ობიექტური არ იყო ხოლმე თავისი გუნდის დაცვისას; ალბათ, არც მე. ახლა კი ერთად ვტკბებით ხოლმე სადილით ან წითელ ღვინოს ვაგემოვნებთ" - განგვიცხადა ვენგერმა.
"მონაკოს" ყოფილი თავკაცი ახლა სწორედ ექსგუნდთან ორრაუნდიანი დუელის წაგებასთანაა ახლოს, მას მერე, რაც საშინაო შეხვედრა მონეგასკებთან 1:3 დათმო. პლუს, არც პრემიერლიგაში აქვს გარანტირებული ოთხეულში ადგილი, ჩემპიონობაზე ლაპარაკიც არ არის. ამიტომაც საუბრობენ მის შესაძლო გაშვებაზე, მაგრამ იგი ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს.
"ჩვენ არ ვიცით, რას გვიმზადებს მომავალი, ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო. მე, როგორც ყოველთვის, ვიქნები ამ საქმეში და ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის, რაც შემეძლება. მინდა გუნდი კარგ, ჯანმრთელ და მძლავრ კონდიციაში დავტოვო. ვგულისხმობ კარგ ფეხბურთელებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას, სამომავლო განვითარებისთვის. მე ამას გავაკეთებ, მერწმუნეთ.
მწვრთნელს, რომელიც ჩემ მერე მოვა "არსენალში", რაიმე სერიოზულის მიღწევის შესაძლებლობა ექნება" - პირობა დადო ვენგერმა.
ფრანგი "მეთოფეებს" სათავეში 1996 წლიდან უდგას. მან ამ პერიოდში გუნდს სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა, 5-ჯერ ასოციაციის თასი და 5-ჯერაც სუპერთასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"