"ლივერპული" კი, როგორც ჩანს, მზად არის, გარისკოს და ჯიბეზეც გაიკრას ხელი. თანაც, "ენფილდის" ბინადრებს "მონაკოსთან" სერიოზული საქმიანი კონტაქტის დამყარება სურთ, ფალკაოს გარდა, ისინი მონეგასკების 22 წლის ნახევარმცველით, ჟოფრუა კონდოგბიათი არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ კონდოგბია "ლუი მეორეზე" "სევილიადან" 17 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და სავარაუდოდ, არც "ლივერპულს" დაუჯდება იაფი.
ბრენდან როჯერსი ცდილობს, დაარწმუნოს უფროსობა, რომ "ლივერპულს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა სჭირდება, ხოლო ამჟამინდელ შემადგენლობას - შენარჩუნება.
უკვე ბევრი საუბარია იმაზე, რომ თუ "ლივერპული" ოთხეულში ვერ გავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, გუნდი შესაძლოა წამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვოს. ამაზე თავად ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმაც ისაუბრა. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ოთხეულში ვიქნებით თუ არა. "ლივერპული" დიდი გუნდია და მის შემადგენლობაში თამაში ყველას სურს, მაგრამ ამავდროულად, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზე სურთ ბურთის გორებაო.
მაგალითისთვის, ჯორდან ჰენდერსონისა და რაჰიმ სტერლინგის წასვლის შემთხვევაში, როჯერსს მათი შეცვლა დასჭირდება, რაც ძალიან ძნელი იქნება. თუნდაც დიდი თანხა ტრანსფერებს მოხმარდეს, საპოვნელი იქნება შესაბამისი სტილის ფეხბურთელები, რომლებიც ან გაამართლებენ, ან არა; სანამ მათ როჯერსი თავის იდეებს გააცნობს და სისტემას მოარგებს, დრო დაიკარგება და მომავალი სეზონიც შეიძლება ჩავარდეს.
ბრენდანს ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი რომ ესმის, ამიტომაც შეეცდება ხელმძღვანელობის დარწმუნებას, "პრობლემურ ფეხბურთელებთან" ფინანსურად მიზიდველი წინადადების გაკეთებით სცადონ სიტუაციის დალაგება და მათ იმდენი ხელფასი გადაუხადონ, რამდენსაც მოითხოვენ. თუმცა არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელზეც როჯერსი განაწყენებულ-გაბრაზებულია, რადგან როგორც კულუარებში ჩურჩულებენ, მას მიაჩნია, რომ ზოგიერთი მისი წინააღმდეგია და განგებ არ იხარჯება ბოლომდე და არ თამაშობს კარგად...
სხვათა შორის, უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თუ "ენფილდის" მკვიდრნი სტერლინგს დაკარგავენ, ისინი "ბარსელონადან" კატალონიელებისა და ესპანეთის ნაკრების 27 წლის ფლანგის შემტევის, პედროს გადმოყვანას ეცდებიან.
აქვე ვთქვათ, რომ "ლივერპული" "ბარნლის" დენი ინგსით, "სიტის" ჯეიმს მილნერითა და "ლიდსის" 20 წლის ფლანგის მცველით, სემ ბირამით არის დაინტერესებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"