აუტსაიდერული ისტორია: ყოფნა-არყოფნა? პასუხი ბენტეკეზეა

AutoSharing Option
პრემიერლიგის აუტსაიდერებმა - "ასტონ ვილამ" და "ქუინზ პარკმა" გადმოტანილ შეხვედრაში საოცარი ბრძოლა გააჩაღეს, რაზეც მოკლე და მარტივი აღწერაც მეტყველებს - ქპრ ჯერ იგებდა, მერე აგებდა, მერე ისევ იგებდა... და საბოლოოდ ფრე. ქულა რეალურად არცერთს არ აწყობდა, მაგრამ ასე გამოვიდა და ვთქვათ, რომ ობიექტური შედეგი იყო, რადგან წასაგებად ორივე ცოდო გახლდათ.

ბირმინგემელები 1987 წლის მერე პირველად არიან გავარდნის პირას და ახლა მათი მხსნელი ცოტა ხნის წინ მოსული ტიმ შერვუდი უნდა გახდეს, რომელმაც, როგორც ჩანს, კრისტიან ბენტეკე ხასიათზე მოიყვანა, რადგან ბელგიელმა წინა
მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედსაც" გაუტანა და ახლა ჰეთ-თრიქით გამოირჩა. სწორედ ბენტეკეს ხასათსა და თამაშზეა დიდწილად "ასტონ ვილას" ყოფნა-არყოფნა დამოკიდებული. თანაც, მან ყველა გემოვნებისთვის დამაკმაყოფილებელი სტილის გოლი გაიტანა - შორიდან ჯარიმით, ეფექტური და ეშმაკური დარტყმით დრიბლინგისა და სისწრაფის დემონსტრირებით და რიკოშეტის დახმარებით.

"ჩვენთან თამაში არავისთვის იქნება ადვილი. დარწმუნებული ვარ, მჯერა, რომ "ვილას" უმაღლეს ლიგაში დატოვებას მოვახერხებ", - ამბობს შერვუდი.

პრემიერლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ხოლო ბირმინგემელებისა და ქპრ-ს ამ დაპირისპირებას განსაკუთრებული დატვირთვა იმიტომაც ჰქონდა, რომ გარდა ცხრილში "ასტონ ვილას" სასარგებლოდ სამქულიანი სხვაობისა, ორივე გუნდს ძალან რთული კალენდარი აქვს.

მაგალითად, "ვილა პარკის" ბინადრები შემდეგ ტურში "უაით ჰართ ლეინზე" ითამაშებენ "ტოტენჰემთან". შერვუდი თავის ყოფილ გუნდს შეებმება და შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ იგი იქიდან ნაადრევად და უსამართლოდ გამოუშვეს. ამას "ევერტონთან", "საუთჰემპტონთან", "სიტისთან", "ვესტ ჰემთან" და "ბარნლისთან" შეხვედრები მოჰყვება.

"ჩვენ "ტოტენჰემთან" წარმატების რეალური შანსი გვაქვს და ეს უბრალო, ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის. ეს ქულა კი, რომელიც ქპრ-სთან ავიღეთ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს. ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა მატჩების მოგებაა საჭირო. თამაშით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება ვერ შევძელით, მეტოქემ კი ყველა თავისი შანსი გამოიყენა. ცოტა იღბალიც საჭიროა. სწორ გზას ვადგავართ", - დასძინა შერვუდმა.

რაც შეეხება "ქუინზ პარკს", კრის რემზის "ჩელსისთან", "ლივერპულთან", "ნიუკასლთან", "ვესტ ჰემთან", "სიტისთან" და "ლესტერთან" დარჩა მატჩები. ძალიან ცუდი სერიის მერე "ქუინზ პარკმა" მოახერხა და უკანასკნელ 2 ტურში 4 ქულა აიღო. ცხადია, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ წინსვლა შეინიშნება, თამაშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

ისევ გაიტანა ჩარლი ოსტინმა, თანაც ძალიან ეფექტური გოლი და იგი ნელ-ნელა ეპარება პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირებს - დიეგო კოშტასა და ჰარი კეინს, რომლებსაც 19-19 გოლი აქვთ, ოსტინს კი უკვე 17 მოუგროვდა. არ შეიძლება ცალკე არ გამოვყოთ მეტ ფილიპსის ბრწყინვალე თამაშიც. ინგლისში დაბადებული 24 წლის შოტლანდიელი ცოტა ხნის წინ საოცარი სილამაზის გოლით გამოირჩა, ხოლო "ასტონ ვილასთან" გაიტანა კიდეც და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"ბოლო ორი მატჩის წინ რომ შეგვეხედა, შესაძლებელი იყო თუ არა 4 ქულის აღება და უნდა აგვეღო თუ არა, რასაკვირველია, ვიტყოდით, რომ შესაძლებელი იყო და ეს გეგმაში გვქონდა კიდეც. თუმცა მთავარი ის არის, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და "ასტონ ვილასთანაც" ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იქნებოდა. თუმცა ახლა დარჩენილ შეხვედრებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ვიცით და თამაშითაც ვადასტურებთ, რომ დარჩენა შეგვიძლია", - განაცხადა რემზიმ.

ქუინზპარკელებს მთელი სეზონია გასვლაზე თამაში უჭირთ და ხსენებულ ორ შეხვედრამდე 1 მოგება და 13 წაგება ჰქონდათ. ახლა კი ჯერ "ვესტ ბრომვიჩს" მოუგეს 1:4, მერე კი "ასტონ ვილას" უგებდნენ ამ თრილერში და საბოლოოდ 3:3-ს დასჯერდნენ. ბოლო ორ საგარეო შეხვედრაში გუნდმა იმაზე მეტი ქულა აიღო, ვიდრე წინა 14-ში. თანაც, პროცესში 7 გოლი გაიტანა, არადა, იქამდელ 30 შეხვედრაში სულ რაღაც 31 ბურთი ჰქონდა. მთლიანობაში, შეგდებული 38 გოლიდან თითქმის ნახევარი ოსტინის ანგარიშზეა და პლუს, ჩარლის 4 საგოლე პასიც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული