"ლივერპული": აქვს თუ არა ბრენდან როჯერსს სანერვიულო

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსმა "ასტონ ვილასთან" სათასო მარცხი (1:2) ნერვიულობას დააბრალა, სანერვიულო კი ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს თავადაც ბევრი აქვს, რადგან მის შესაძლო გაშვებაზე ლაპარაკი ისევ განახლდა.

1950-იანი წლების მერე როჯერსი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც "ლივერპულთან" ერთად საწყის სამ სეზონში ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო.

ასოციაციის თასი კარგი შანსი იყო და თანაც, სტივენ ჯერარდს თავის 35-ე დაბადების დღეზე "უემბლიზე" მშვენიერი გამომშვიდობება გამოუვიდოდა, მაგრამ მერსისაიდელები ბირმინგემელებთან დამარცხდნენ. მათ არც იმან უშველა, რომ იგებდნენ და არც იმან, რომ აშკარა ფავორიტები იყვნენ.

"რატომღაც, ძალიან ვნერვიულობდით და ეს
თამაშზე აისახა. შესაძლოა, როდესაც რომელიმე მატჩის მოგება ძალიან გინდა, ეს ფსიქოლოგიურად დიდ ზეწოლას ახდენს და ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს. ამ სეზონში ყოფილა დიდი მატჩები, რომლებიც კარგად, თავდაჯერებულად და მშვიდად ჩაგვიტარებია, მაგრამ იყო პირიქითაც. ამასთან გამკლავება და ბალანსის დაჭერა უნდა ვისწავლოთ", - ამბობს როჯერსი.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, "ასტონ ვილამ" დამსახურებულად მოიგოო, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მატჩის მიწურულს მერსისაიდელებს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. მარიო ბალოტელიმ ჯერარდის პასის მერე გაიტანა, მაგრამ ეს გოლი არარსებული თამაშგარეს მოტივით გაუქმდა.

"ეს უხეში შეცდომა იყო და დასანანია, რომ ასე დაგვაზარალა. გარდა ამისა, ჯერარდის დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანეს. თუმცა, მთლიანობაში, ზედმეტად პასიურები ვიყავით", - განმარტა როჯერსმა.

ახლა "ლივერპული" პრემიერლიგაზე უნდა კონცენტრირდეს, სადაც მანჩესტერულ გუნდებს მისდევს და ოთხეულში "შეძრომის" იმედი აქვს. როჯერსის ბიჭები "სიტის" 7, ხოლო "იუნაიტედს" 8 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მათთან შედარებით, "ლივერპულს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ახლა დარჩენილ მატჩებზეა სრული მობილიზაცია საჭირო. თუ ნორმალურად, ძველებურად ათამაშებას შევძლებთ, მოგებებიც იქნება. მთავარია, ასე აღარ ვითამაშოთ, როგორც "ასტონ ვილასთან". "ლივერპული" ბრწყინვალე კლუბია და მეტს იმსახურებს, ოთხეულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ", - დაამატა როჯერსმა.

გალტიე "ენფილდზე"?
როჯერსი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ "ლივერპულში" აპირებენ მოსვლას... მერსისაიდელთა მომავალი თავკაცის კანდიდატთა სიას კიდევ ერთი სპეციალისტი, კრისტოფ გალტიე დაემატა.

47 წლის ტაქტიკოსი ამჟამად იმისთვის იბრძვის, რომ "სენტ ეტიენს" ჩემპიონთა ლიგის სანუკვარი საგზური მოუტანოს, რაც 2009 წლიდან მოყოლებული, ვერაფრით შეძლო, მაგრამ რასაც ეს ადამიანი არსებული რესურსით ახერხებს, ესეც საქმეა და იგი ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მოიაზრება.

თითქოს, გალტიე "მწვანეებისთვის" გადაიზარდა კიდეც და ამბიციები მოეძალა. მას აქტიურად უკავშირებენ "მარსელს", ბოლოს კი "ნიუკასლის" ჩაბარება უწინასწარმეტყველეს, მაგრამ მუსიე კრისტოფის ოცნება თურმე სულ სხვა რამ ყოფილა:

"მე რომ ვირჩევდე, "ლივერპულში" წავიდოდი. ეს ჩემი ოცნებაა. რაც შეეხება "მარსელს", ამ კლუბს რომ მიკავშირებენ, ეს ნორმალურია, რადგან იქ ვთამაშობდი, ცოტა ხანი მწვრთნელადაც ვმუშაობდი, ასისტენტიც ვიყავი... ასე რომ, გალტიე "მარსელის" თავკაცად ადვილი წარმოსადგენია", - აღნიშნა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული