ლონდონის "არსენალმა" უცხოპლანეტელებს მოუგო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" შეუძლია ზედიზედ მეორედ მოიგოს მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირი - ინგლისის ასოციაციის თასი. ასეთი რამ აქამდე მხოლოდ 7-ჯერ მომხდარა და შეგვიძლია ამის მომხერხებლები გავიხსენოთ.

ესენია: "უონდერერსი" - 1871/72, 1872/73; "ბლექბერნი" - 1889/90, 1890/91; "ნიუკასლი" - 1950/51, 1951/52; "ტოტენჰემი" - 1960/61, 1961/62; "ტოტენჰემი" - 1980/81, 1981/82; "ჩელსი" - 2008/09, 2009/10; "არსენალი" - 2001/02.

როგორც ხედავთ, მსგავსი რამ ორჯერ მხოლოდ ერთ გუნდს, "არსენალის" თანაქალაქელსა და მოსისხლე მტერს, "ტოტენჰემს" აქვს გაკეთებული და "მეთოფეებს" შეუძლიათ გახდნენ მეორენი, ხოლო თუ შემდეგ სეზონში კიდევ ერთხელ
ჩაიხუტებენ ასოციაციის თასს, სულაც რეკორდი დაამყარონ.

წინა სეზონისა არ იყოს, "არსენალს" ამჯერადაც ქვედალიგელი მეტოქე ჰყავდა ნახევარფინალში და ამჯერადაც ძალიან გაუჭირდა. თუ წინა წელს "მეთოფეებმა" "უიგანს" პენალტების სერიაში აჯობეს, "რედინგი" დამატებით დროში გატანილი გოლით დაამარცხეს და არავინ იცის, რა მოხდებოდა, მეკარე ადამ ფედერიჩის შეცდომა რომ არა, რომელმაც ალექსის სანჩესის დარტყმული ბუთი ვერ შეიმაგრა და ფეხებშუა გაუძვრა. არსენ ვენგერი კი რედინგელთა შემართებით აღფრთოვანდა.

"ისინი სხვა პლანეტაზე იყვნენ, შემართების მხრივ, არაამქვეყნიურად კარგად იყვნენ მომზადებულნი. საოცრად მოტივირებულად თამაშობდნენ, რასაც ჩანაწერში თუ კარგად დააკვირდებით, კიდევ უფრო უკეთ დაინახავთ. ისინი მზად იყვნენ, მინდორზე დახოცილიყვნენ, ოღონდ კი ფინალის საგზური მოეპოვებინათ. ეს მათი ცხოვრების შანსი იყო.

ბოლომდე არ დანებდნენ და ვულოცავ ამ გუნდს ასეთ კარგ თამაშს. ჩვენ კი ფინალში ვართ, მაგრამ იქამდე ჩემპიონატის მაქსიმალურად კარგად ჩამთავრება გვმართებს, რის შემდეგაც "უემბლიზე" დავბრუნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად" - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

"რედინგს" ორივე გოლი სანჩესმა გაუტანა და ეს მნიშვნელოვანი იმ მხრივაც გახლდათ, რომ ჩილელი ტრავმის მერე მძიმედ თამაშობდა, მაგრამ ბოლო მატჩებში ისევ მოუმატა და ვენგერმა იგი შეაქო კიდეც. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი აზრი თეო უოლკოტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ მხარეები, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდებიან და უოლკოტი "არსენალში" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული