სტივენ ჯერარდის წასვლაზე მნიშვნელოვანი რაღა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც აღვნიშნოთ, რომ კაპიტნის გარდა, რომლის წასვლაც დიდი ხანია გადაწყვეტილია, "ლივერპული", შესაძლოა, კიდევ ათმა ფეხბურთელმა დატოვოს...
რაჰიმ სტერლინგს კოჭებში ეტყობა, რომ წასვლაზე ფიქრობს და მას უკვე ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. ბოლო დიდი გუნდი, რომელიც სტერლინგს დაუკავშირეს, ტურინის "იუვენტუსია". კულუარული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" მზად არის, ახალგაზრდა
იტალიური გრანდი, შესაძლოა, პოლ პოგბას შეელიოს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს", "სიტის", "ჩელსის", მადრიდის "რეალს", "პარი სენ-ჟერმენს" და ვისღა აღარ უნდა. თუ 22 წლის ფრანგი წავა, "იუვე" დიდ ფულს გამოიმუშავებს და აქედან მსუყე ნაწილს სტერლინგში დააბანდებს.
გავაგრძელოთ... გლენ ჯონსონი, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა, მასთან ახალი შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. კლუბი მოიფიქრებს, რა ქნას კოლო ტურესთან მიმართებაშიც, რომელსაც ასევე უმთავრდება კონტრაქტი.
თუ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, წასვლას აპირებს მარტინ შკრტელი, რომლისთვისაც გერმანულ "ვოლფსბურგს" გაუმზადებია უკვე მიმზიდველი წინადადება.
ამბობენ, ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი დიდად კმაყოფილი არც ხავი მანკილიოთიაო და შესაძლოა, ესპანელიც წავიდეს.
ძნელი მისახვედრი არც ის არის, რომ მარიო ბალოტელის თამაშით "ენფილდის" ბინადრები კმაყოფილები ვერ არიან, მაგრამ გიჟმაჟი ბალოს სარფიანად გაყიდვა ახლა ძნელი იქნება, არადა, იგი კვირაში 90 ათას ფუნტს იღებს და ხელფასის დაკლებას არც "ლივერპულს" დაყაბულდება და არც ვინმე სხვას.
რადგან თავდასხმას მივადექით, ფაბიო ბორინისა და რიკი ლამბერტის ლივერპულური მომავალიც ძალიან ბუნდოვანია.
მოკლედ, მთელი შემადგენლობისა და ყველა რგოლის გადახალისება იგეგმება და გამონაკლისი არც მეკარეები არიან - სიმონ მინოლე შეიძლება კი დარჩეს, მაგრამ მისი არასტაბილურობით უკმაყოფილო ხელმძღვანელობა, სულ ცოტა, ბელგიელისთვის სერიოზული კონკურენტის მიყვანას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრედ ჯოუნსს მოუწევს წასვლა.
ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ინფორმაციამ გაჟონა, ჯორდან ჰენდერსონი რჩებაო. ახალ კონტრაქტს ცოცხალი თავით და არაფრის დიდებით არც ის აწერდა ხელს, მაგრამ მხარეები კონსესუსამდე მისულან - ჰენდერსონი კვირაში არა იქამდე შეთავაზებულ 80 ათას ფუნტს, არამედ 100 ათასს მიიღებს და გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მოგეხსენებათ, რომ ჯერარდის კაპიტნის სამკლავურის სრულფასოვნად გადაბარება სწორედ 24 წლის ნახევარმცველს და ამჟამინდელ ვიცე-კაპიტანს უწერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"