ედენ აზარი ალბიონის საუკეთესოა - პრემიერლიგის საუკეთესოები და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ფოტოზე: ედენ აზარი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია
როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერლიგის წლის მოთამაშედ ედენ აზარი დასახელდა. ბელგიელს წინა წელს საუკეთესო ახალგაზრდის სტატუსი ჰქონდა მოპოვებული და ახლა ეს პრიზი მან ჰარი კეინს გადაულოცა.

ასე რომ, მიმდინარე სეზონის ორი, ალბათ, მართლაც ყველაზე გამორჩეული მოთამაშე შესაბამისად დაფასდა. ისინი მათმა კოლეგებმა გამოარჩიეს. მოგეხსენებათ, რომ ხმის მიცემაში სწორედ ფეხბურთელები მონაწილეობენ.

24 წლის ედენ აზარმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა. აზარის კარგი თამაში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ "ჩელსი" დამაჯერებლად არის პირველ ადგილზე. ბელგიელის აქტივში 13 გოლი და
8 საგოლე გადაცემაა.

სტატისტიკას კიდევ უფრო თუ ჩავეძიებით, მას ასევე ყველაზე მეტი საგოლე შანსი აქვს შექმნილი (88), ყველაზე მეტი დრიბლინგის მცდელობა (254), ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი (155) და ედენის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად დაირღვა თამაშის წესი (100).

"ძალიან ბედნიერი ვარ. მინდოდა ერთ დღეს საუკეთესო გავმხდარიყავი. ამ სეზონში მართლაც კარგად გამომდის თამაში, "ჩელსი" თამაშობს კარგად. არ ვიცი, რამდენად დავიმსახურე ეს აღიარება, მაგრამ სასიამოვნო და კარგია ჩემთვის.

ორმაგად სასიხარულოა, რომ ფეხბურთელებმა ამირჩიეს, რომლებმაც ამ თამაშზე ყველაფერი იციან.

პერსონალურად მართლაც კარგი სეზონი გამომდის, მნიშვნელოვან მატჩებში გამოვიჩინე თავი, არაერთი საჭირო გოლი გავიტანე და ამიტომაც მიმაჩნია, რომ პროგრესი მაქვს", - აღნიშნა აზარმა.

გადავინაცვლოთ ჰარი კეინზე. "ტოტენჰემის" ახალგაზრდა თავდამსხმელი ჩვენ წინა სეზონშიც კარგად გავიცანით, მაგრამ მიმდინარეში მართლაც ქარიშხალივით შემოიჭრა საფეხბურთო სამყაროში და 21 წლის ფორვარდი პრემიერლიგაში უკვე ბომბარდირობისთვის იბრძვის, ხოლო ინგლისის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაშივე გამოიჩინა თავი.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჰარი კეინი
21 წლის კეინს სულ 30 გოლი აქვს გატანილი, თვით გარი ლინეკერის მერე, ანუ 1991/92 წლების სეზონიდან მოყოლებული, "დეზების" მაისურით ასეთი რამ არავის გამოსვლია, არადა, ამ გუნდში გამორჩეულ ფორვარდებს უთამაშიათ.

უშუალოდ პრემიერლიგაში მან 30 მატჩი ჩაატარა (აქედან 24-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო) და 20 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 25 საგოლე შანსი შექმნა. მას საშუალოდ 111.35 წუთი სჭირდება გოლისთვის.

"ეს საოცრებაა, ძალიან ამაყი ვარ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უბედნიერესი მომენტია და იმედია, კიდევ არაერთ მსგავს ჯილდოს მოვიპოვებ.

მუშაობას ძველებური მონდომებით და დიდი დატვირთვით გავაგრძელებ. შენი კოლეგების მხრიდან აღიარება რაღაც განსაკუთრებულია და ეს არასოდეს დამავიწყდება. შანსი მომეცა და მისი გამოყენება მოვახერხე. დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი სეზონით", - განაცხადა გაბადრულმა ჰარიმ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ქალთა შორის წლის საუკეთესო მოთამაშე ასევე "ჩელსის" ნახევარმცველი ჟი სო იუნი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - "არსენალის" ლეა უილიამსონი.

ძალიან სევდიანი და ცრემლნარევი გახლდათ სპეციალური ჯილდო, რომელიც დამსახურებისთვის გადაცემული "ოსკარის" ანალოგია და ის დამსახურებულად გაუყვეს სტივენ ჯერარდსა და ფრენკ ლამპარდს, ერთი თაობის და ერთი ამპლუის ორ ლეგენდას, რომელთა პრემიერლიგური კარიერაც დასასრულს უახლოვდება, სტივი ჯი "ლოს ანჯელესში" მიდის, ხოლო ფრენკი ისედაც "ნიუ იორკ სიტის" საკუთრებაშია და "სიტიში" იჯარით თამაშობს.

"მე პატარა ბიჭი ვარ, რომელიც დიდ კომპანიაში მუშაობას იწყებს და დიდი შრომა უწევს იმისთვის, რომ წინ წავიდეს. მე ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ახლა აქ ვყოფილიყავი. გამიმართლა, ფანტასტიკური კარიერა მქონდა, რომელიც ბევრი აღმართითა და დაღმართით გახლდათ დახუნძლული.

თუმცა ზოგიერთი აღმასვლა იმდენად დიდი იყო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ბევრი ოცნება ავიხდინე "ლივერპულთან" და ინგლისის ნაკრებთან ერთად.

ფრენკი საოცრად კარგი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის მოთამაშე და ამ ჯილდოს უკეთესთან ვერავისთან გავიყოფდი", - თქვა ჯერარდმა.

"გამიმართლა და ბედნიერი ვარ იმით, რომ პრემიერლიგაში დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი სტივენთან ერთად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო იმ მოთამაშის გვერდით, რომელმაც ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენთვის ეს დიდი აღიარებაა და ვფიქრობ, ჩემთვის იდეალური დასასრულია", - ეს კი ლამპარდის სიტყვებია.

ახლა კი წლის გუნდზეც ვთქვათ ორი სიტყვა, სადაც "ჩელსის" 6 ფეხბურთელი გვხვდება. გამოსარჩევია ისიც, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა რაიან ბერტრანი, რომელიც "საუთჰემპტონში" მართლაც ძალიან კარგ სეზონს ატარებს. იგი "წმინდანებმა" სწორედ "ლურჯებისგან" ინათხოვრეს და ზამთარში გამოისყიდეს.

სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" ვერც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის, ვერც სერხიო აგუერო. არადა, ამჟამად კუნი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

მეკარე: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი), გარი კეჰილი (ჩელსი), რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი)
ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), ედენ აზარი (ჩელსი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), დიეგო კოშტა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოშტას ნაცვლად ოსტინი უნდა დაეყენებინათ წინ... დაცვაში კეჰილი ზედმეტია, მაგის ნაცვლადაც აირჩეოდა სხვა
0
კეჰილი აიცულებლად უნდა ყოფილიყო. საუკეთესო ცენტრალური მცველია. კომპანიმ წელი ჩააგდო ასე რომ კეჰილი დამსახურებულადაა. ოსტინი ქპრს ფეხბურთელია, თითქმის გავარდნილი გუნდის ასე რომ მაგის აქ ყოფნა სირცხვილია. კოშტა კია ჩემპიონი გუნდის მოთამაშე მარა როგორც ფეხბურთელი გულისამრევია სუ ტრავმა ან დისკვალიპიკაცია აქ. აგუეროსთან ვერ მოვა. კუნი უნდა იყოს აქ
coco
18:31 28-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული