"დეზები" ორჯერ აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულა აიღეს და "წმინდანებზე" წინ დარჩნენ. საქმე ის არის, რომ თუ "ასტონ ვილამ" ასოციაციის თასის ფინალში "არსენალს" მოუგო, პრემიერლიგიდან მე-7 ადგილი ევროპალიგაზე ვეღარ გავა და დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მე-6 იქნება და ვინ მე-7.
"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი: "ცოტა დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ მხოლოდ ქულა
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "ტოტენჰემის" ფანებს, რომლებიც ბრწყინვალედ გვქომაგობდნენ, მათი მხარდაჭერა იგრძნობოდა. ჩემთვის ძალიან ემოციური შეხვედრა გამოდგა. როდესაც მათ ჩემი სახელისა და გვარის სიმღერა დაიწყეს, ავღელდი, რადგან ეს პირველად მოხდა და ამას ვაფასებ. რასაკვირველია, მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული, მაგრამ მართლაც ამაღელვებელი მატჩი გამოვიდა. ეს ადვილი არ გახლდათ, რადგან საუთჰემპტონი" მიყვარს, მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს" - აღნიშნა პოჩეტინომ.
არგენტინელმა სპეციალისტმა უკვე ღიად დაიწყო იმაზე საუბარიც, რომ მის გუნდს სერიოზული გაძლიერება სჭირდება და "დიდი ზაფხულისთვის" უნდა მოვემზადოთო. "ტოტენჰემში" რომ გვარიანი ცვლილებები იგეგმება, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ პოჩეტინო აქედანვე იწყებს უფროსობისთვის მესიჯების გაგზავნას, რომ მათ გემრიელად გაიკრან ჯიბეზე ხელი და კარგი ფეხბურთელები მოიყვანონ.
"დიდი ზაფხულისთვის უნდა მოვემზადოთ და ძლიერი გუნდი ავაშენოთ, რომელიც ოთხეულისთვის იბრძოლებს. ჩვენი და ფანების ოცნება სწორედ ეს არის და ისინი იმსახურებენ, რომ საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იხილონ".
ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ევროპალიგის მოგებითაც შეეძლოთ, მაგრამ ამ ტურნირზე კარგად ვერ გამოვიდნენ და პოჩეტინო ცდილობს, ყველას აუხსნას, თუ როგორი ძნელია რამდენიმე ფრონტზე თანაბრად ძლიერად გამოსვლა.
"ევროპალიგაზე თამაში ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა მირჩევნია, მაგრამ ამ წუთას ეს უკვე ძნელი იქნება და თუ ისევ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ეს გუნდისთვის კარგი იქნება. მომავალ სეზონში უნდა ვცადოთ, რომ ამ ტურნირზე უკეთ გამოვიდეთ და მისი მოგებისთვის ვიბრძოლოთ. მთავარი მიზანი და ოცნება კი, ცხადია, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოთხეულში მოვხვდეთ" - დასძინა ახალგაზრდა სპეციალისტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"