რომ არა ლუი... მემფის დეპაის ტრანსფერის ისტორია

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, "მანჩესტერ იუნაიტედი", უბრალოდ, "იძულებული იყო", მემფის დეპაი ნაადრევად შეეძინა, რადგან მისი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ყოფილა. ჰოლანდიელით "ლივერპულიც" დაინტერესებული გახლდათ, მაგრამ პსჟ-ს უკეთ უმუშავია და სწორედ აქ ჩაერთო საქმეში ლუი ვან გაალი და მისი პირადი ურთიერთობები.

არადა, "წითელი ეშმაკების" მწვრთნელს ზაფხულამდე სურდა დაცდა და ამ ტრანსფერის, როგორც წესი და რიგია, ისე განხორციელება, რადგან უწესრიგობა და ნაჩქარევი ნაბიჯები მას არ უყვარს.

"სხვა გზა არ მქონდა, ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, თორემ მემფისი პარიზში წავიდოდა. პსჟ მის შეძენასთან ძალიან ახლოს
გახლდათ და ჩვენ უნდა გვემოქმედა. ნაადრევი ტრანსფერი არასასურველია ხოლმე, რადგან ამან შესაძლოა, შენი მოთამაშეების კონცენტრაციაზე უარყოფითად იმოქმედოს და მათ გრძნობებსა და ფსიქოლოგიურ მხარეზეც უნდა იფიქრო.

ბიჭებთან ამ საკითზე ჯერ არ მისაუბრია, ამას სეზონის ბოლოს გავაკეთებ. დეპაი, შესაძლოა, თავადაც აპირებდა "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მე ჯერ არ მქონდა ნალაპარაკები. ყველაფრის შეთანხმებაში პსვ-სთან ჩემი კარგი ურთიერთობაც დამეხმარა" - განაცხადა ვან გაალმა.

"ცოტა რთული იყო ამდენი სპეკულაციის მოსმენა ჩემს მომავალთან დაკავშირებით და მიხარია, რომ ამ მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა. მე "მანჩესტერ იუნაიტედი" ავირჩიე და ჩემი ოცნება ახდა" - ამბობს "ოცნებების თეატრზე" გადასული დეპაი.

21 წლის მემფისი, რომელმაც პსვ-ს ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო, ეინდჰოვენელებს სეზონის ბოლოს დატოვებს და "იუნაიტედში" ოფიციალურად ივნისში ჩაირიცხება, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ. მისი ფასი, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 25-30 მილიონი ფუნტია.

კარგი ამბავი "მანჩესტერისთვის" ისიც არის, რომ გუნდმა, ფაქტობრივად, გაინაღდა მე-4 ადგილი. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა ორივე მატჩი რომც წააგონ, რაც ალბათ არ მოხდება, ისიც საკითხავია, მოიგებს თუ არა ორივე შეხვედრას "ლივერპული" და გარდა ამისა, მანჩესტერელთა ბურთების სხვაობა ამჟამად +25-ია, ხოლო მერსისაიდელების +11.

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ვან გაალის ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "კრისტალ პალასთან" მატჩი და მისი მოგება, რაც გუნდმა მძიმე ბრძოლაში მოახერხა. დავიდ დე ხეა და მისი მორიგი ფანტასტიკური "სეივები" რომ არა, "მანჩესტერს" შეიძლება, საერთოდ წაეგო. "არწივების" თავკაცი ალან პარდიუც ძალიან გულდაწყვეტილი იყო და ამბობდა - სულ ცოტა, ფრე გვეკუთვნოდა და მოგებაც გვმართებდაო.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ქულა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური გავინაღდოთ. თუმცა წინ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ბევრი ვიმუშავეთ და ბიჭებმა მებრძოლი სული გამოავლინეს.

ძალიან ამაყი ვარ და ყოველ მატჩში ისევე რომ ვიბრძოლოთ, როგორც ეს "კრისტალ პალასთან" იყო, ჩვენი დამარცხება ძალიან რთული იქნება. დე ხეამ ბრწყინვალე "სეივები" ამ სეზონში რამდენჯერმე გააკეთა და განსაკუთრებით მიხარია, რომ მარეის დარტყმული მოიგერია, რადგან ის ბურთი რომ გასულიყო, მეტოქე 2:1-ს გახდიდა" - თქვა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

"იუნაიტედს" ისევ ვან გაალის ჯოკერმა მარუან ფელაინიმ მოაგებინა, იქამდე კი ხუან მატამ გაიტანა პენალტით. აქვე შეგვიძლია გითხრათ, რომ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი "ლივერპულს" აქვს გატანილი (102), მეორეზე "ჩელსია" (100), მერე "არსენალი" (94) და "მანჩესტერი" (90) მოდიან, ხოლო ამ სიაში მეხუთეზე "ნიუკასლია" (89).

გოლის ავტორები და დე ხეას "სეივები" იქით იყოს და საქებარი სიტყვები დამსახურებულად ერგო ეშლი იანგსაც, რომელმაც პენალტი მოიპოვა და ფელაინის უპასა. იგი ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია.

სამაგიეროდ, ფორმაში კი არა, საერთოდ არ არის მწყობრში "წითელი ეშმაკებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი და მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ამ სეზონისთვის იგი დაბრუნებას ვეღარ მოასწრებს. "არწივებთან" შეხვედრაში დაშავდა უეინ რუნიც, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული არ ჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული