არადა, მომენტები მრავლად ჰქონდათ. "თეთრი გედების" მხრიდან საუკეთესო, ალბათ, ლუკაშ ფაბიანსკი გახლდათ, რომელმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. არსენ ვენგერმა კი აღნიშნა, რომ "სუონსის" "თამაში არ უნდოდა", მხოლოდ დაცვაზე იყო ორიენტირებული, ჩვენ კი არ გაგვიმართლაო. ამაში მას გარი მონკი არ ეთანხმება...
"საინტერესოა, როგორ მოვიპოვეთ 3 ქულა, თუ არ ვთამაშობდით. მთავარი და ძალიან სასიამოვნო გამარჯვებაა, ვინმეს აზრით, ვიმსახურებდით თუ არა მოგებას. შეიძლება სხვაგვარადაც გვეთამაშა და
არაერთხელ გვქონია უპირატესობა და შეტევაში გვითამაშია, მაგრამ ზოგჯერ სხვაგვარადაც იწევს თამაში" - თქვა მონკმა.
სათქმელია ისიც, რომ "სუონსი" მინდორზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გავიდა, მაგრამ ამაში დამნაშავე ტრავმებიც არის და არამხოლოდ, მონკის ტაქტიკა. ახალგაზრდა მწვრთნელს შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფორვარდი ჰყავდა - ბაფეტიმბი გომისი - ისიც ახლად მომჯობინებული. საბოლოოდ, "სუონსის" სწორედ შეცვლაზე შესულმა ფრანგმა მოაგებინა მატჩის მიწურულს გატანილი გოლით.
საინტერესოა, რომ "თეთრ გედებს" ამ გამარჯვებით ევროპალიგის ზონაში მოხვედრის შანსიც კი გაუჩნდათ. მათ "სიტისთან" საგარეო და "კრისტალ პალასთან" საშინაო მატჩები დარჩათ. უელსელები მე-6 ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" ოდენ 2 ქულით ჩამორჩებიან.
არსენ ვენგერი: "ისინი მხოლოდ თავდაცვისთვის იყვნენ მინდორზე გასულები, 4 მცველითა და 6 თავდამსხმელით. თამაში მხოლოდ ერთ გუნდს უნდოდა, მაგრამ ფაქტია, "სუონსიმ" მოიგო, ხოლო როდესაც იგებ, ეს ფანტასტიკურია. თუმცა ასე პასიურად ამ სეზონში, ალბათ, არავის უთამაშია. ისეთ უპირატესობას ვფლობდით, რომ მსგავსი 20 მატჩიდან 19 აუცილებლად ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შემთხვევა გამონაკლისი გამოდგა".
"არსენალმა" ამ წაგების გამო შესაძლოა მეორე ადგილი დაკარგოს. "მეთოფეებს" "სიტიზე" 3 ქულით ნაკლები აქვთ, მაგრამ მატჩით ნაკლებიც. თუმცა თანაბარქულიანობის შემთხვევაში, მანჩესტერელებისთვის ბურთების სხვაობით ჯობნა ძნელი იქნება, თანაც შემდეგ ტურში ვენგერის ბიჭები "ოლდ ტრაფორდს" სტუმრობენ და თუ იქაც დამარცხდებიან, შესაძლოა, მესამე ადგილშიც კი შეეცილონ "წითელი ეშმაკები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"