მაგრამ დროის დიდი ნაწილი სასტუმროში ტელევიზორის წინ ვიჯექი და იქაურ კერძებს მივირთმევდი. იმის გამო, რომ "ბრიტანეთის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ვიყავი, რესტორანში სადილი უამრავ დისკომფორტს ქმნიდა.
აღმოვაჩინე, რომ მიჭირდა პოპულარობასთან გამკლავება, რომელიც ტვირთად აწვება
"იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებს ცოლები, ოჯახი ან მეგობრები ჰყავდათ. და იმის გამო, რომ არ მინდოდა, ვინმეს გადმოებიჯებინა ჩემს ტერიტორიაზე, ვცდილობდი, სხვების გზა არ გადამეკვეთა. შესაძლოა, აქედან მოდის მითი ჩემი ჩაკეტილობის შესახებ. სისულელე და სიამაყე არ მაძლევდა საშუალებას, პირველი ნაბიჯი გადამედგა მეგობრობისკენ.
ოჯახის წევრები და მეგობრები ხშირად ჩამოდიოდნენ კორკიდან მანჩესტერში "იუნაიტედის" მატჩების სანახავად. პარასკევს საღამოს მათ აეროპორტში ვხვდებოდი და სასტუმროებში ვარიგებდი. შემდეგ ვფიქრობდი, როგორ მეშოვნა მათთვის თამაშის ბილეთები, რათა ყველა კმაყოფილი ყოფილიყო. ბილეთები! "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი ცხოვრობდა "ბილეთების" კოშმარით. ჩემი შემთხვევა ყველაზე მძიმე იყო კინების ოჯახის ზომისა და მეგობრების რაოდენობის გამო. კორკში ყველამ იცოდა: როი არავის აწყენინებდა!
მეც მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი არ შემერცხვინა და იმ ადამიანის რეპუტაცია შემენარჩუნებინა, რომელსაც არ ავიწყდება ძველი მეგობრები. და კვირის მნიშვნელოვანი ნაწილი ბილეთების მოძიებით ვიყავი დაკავებული.
ამაში ბრაიან რობსონი მეხმარებოდა. როგორც გუნდის კაპიტანი, ფეხბურთელებს შორის ბილეთებს ის ანაწილებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ ოთახის ბილეთები, რომელშიც ფეხბურთელები ისვენებდნენ და შესაძლებელი იყო მატჩის შემდეგ მათთან შეხვედრა. რობსონს უმოწყალოდ ვუტევდი. ის, უბრალოდ, "სუპერი" იყო. რა რაოდენობაც არ უნდა მომეთხოვა, არ მახსოვს, ერთხელ მაინც გაეცრუებინოს ჩემთვის იმედი.
წესით, თითოეულს გვერგებოდა ოთხი ბილეთი მატჩზე და ორი დასასვენებელ ოთახში. ბრაიანს ვუხსნიდი, რომ ჩემმა მეგობრებმა კორკიდან გრძელი გზა გამოიარეს, ამიტომაც ექვს ან შვიდ ბილეთს მაძლევდა. ხანდახან ჩემთან 15 კაცი ჩამოდიოდა და ყველას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თავად მიწევდა ბილეთების ყიდვა. პრობლემა გადაწყვეტილია? სულაც არა!
ბილეთები მოსასვენებელი ოთახის საშვის გარეშე ჩემი მხრიდან უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნეოდა. ისევ რობსონთან მივდიოდი: "ოთახში შესასვლელი ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვს?" მოთამაშეთა ოთახი "ოლდ ტრაფორდზე" არც ისე დიდია და ის დაახლოებით 40 ადამიანს იტევს. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ იქ 18 ჩემი ნათესავი და მეგობარი დავითვალე! ხანდახან ბილეთების პრობლემას წყობიდან გამოვყავდი.
თავიდან მომწონდა ნაცნობი სახეების დანახვა. თამაშის შემდეგ დასალევად მივდიოდით. ყველას აინტერესებდა ჩემი ცხოვრება, მე კი მსურდა ახლობელ ადამიანად დავრჩენილიყავი იმათთვის, ვისაც "ვარსკვლავობამდე" ვიცნობდი.
სტივ ბრიუსი, რომელიც მეორე კაცი იყო გუნდში ბრაიან რობსონის შემდეგ, ხანდახან ჩვენს გართობას უერთდებოდა. თავისი გამოცდილებით მან კარგად იცოდა ის სირთულეები, რომლებსაც ახალბედა ფეხბურთელი "იუნაიტედში" მისვლისას აწყდებოდა.
განსაკუთრებით კი იმ მოთამაშის პრობლემები, რომელშიც ბევრი ფული იყო გადახდილი და რომელსაც ტვირთად აწვა პასუხისმგებლობა, რაც მასზე გაცემული ავანსების გამართლებაში მდგომარეობდა. ამას ემატებოდა სასტუმროში ცხოვრება და ახალი გარემო, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც აქამდე იყავი მიჩვეული. ამ ყველაფერის გამო, შესაძლოა, აუტანელი გამხდარიყო ცხოვრება ისეთ კლუბშიც კი, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედია".
სტივ ბრიუსსა და ბრაიან რობსონს ესმოდათ ეს და მეხმარებოდნენ მანჩესტერულ ცხოვრებასთან შეგუებაში. თავს კლუბის ნაწილად ვგრძნობდი, რომელსაც პატივს სცემდნენ და საჭირო ადამიანად მიიჩნევდნენ. იმას, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ფეხბურთთან, სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა გააჩნდა. დამაჯერებლობა იმ ყურადღების წყალობით მოვიპოვე, რომელსაც ჩემ მიმართ ბრიუსი და რობსონი იჩენდნენ. ეს კი მეხმარებოდა საკუთარი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში.
* * *
ჩვეულებრივ, უქმეებზე გართობის შემდეგ ორშაბათს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.
"ირლანდიური უქმეები, როი?" - მეკითხებოდა მწვრთნელი, როცა სრულიად "დანგრეული" საწვრთნელ მოედანზე გავიდოდი.
"უბრალოდ, რამდენიმე მეგობარი და ოჯახი", - მშვიდად ვპასუხობდი.
ალექს ფერგიუსონი მკაცრი იყო, მაგრამ ხშირად ცვლიდა მრისხანებას კეთილგანწყობაზე. თუ კითხვით მიმართავდი, ყოველთვის მზად იყო, ბოლომდე მოესმინა შენთვის. ბრაიან კიდსაც შეეძლო დახმარების გაწევა. ის ყოველთვის ხედავდა, რომ ოდნავ გიჭირდა, ამიტომაც ვარჯიშზე დიდად არ გტვირთავდა.
"დღეს დილას არ ვიქნები თქვენ მიმართ ძალიან მკაცრი". თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ მას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც ძალიან ვინდომებდი მოედანზე საერთო წარმატების მისაღწევად.
მწვრთნელი გრძნობდა, რომ წინა დღეს სერიოზული სმა მიდიოდა. მალე გავიგე, რომ ალექს ფერგიუსონს აგენტების ქსელი ჰქონდა მანჩესტერში, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა მას - როგორ იქცეოდნენ საზოგადოებაში მისი ფეხბურთელები. მანჩესტერი დიდი სოფელი იყო და ნაბიჯს ვერ გადადგამდი ისე, მწვრთნელს რომ არ შეეტყო.
"როი, - ხანდახან მიმიხმობდა ის დილით. - გუშინ ღამით ხომ არ გაისეირნე?"
"დიახ, სულ რამდენიმე ჭიქა".
"სახლში რომელ საათზე მიხვედი?"
"არ მგონია, რომ ძალიან გვიან", - ვპასუხობდი მე და უიმედოდ მჯეროდა საკუთარი სიტყვებით წარმატების.
"არც ისე გვიან... შენ არ იყავი ტაქსით დილის სამის ნახევარზე დინსგეიტში?" შემდეგ ის ასახელებდა კლუბს, რომელსაც ვსტუმრობდი და სახლში მისვლის ზუსტ დროს.
მალე დავნებდი და მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი დავიწყე. პატიოსნება და გულწრფელობა საუკეთესო პოლიტიკა იყო. მრავალი წლის განმავლობაში ეს თეზისი ჩემ სასარგებლოდ მუშაობდა. გულახდილად ვაღიარებდი, როცა არ ვიყავი საუკეთესო მდგომარეობაში, ტაბლოიდები კი ბეჭდავდნენ რაღაც სტატიებს ჩემი "ღამის სირცხვილის" შესახებ. არადა, მასში იოტისოდენა სიმართლეც კი არ იყო. ალექს ფერგიუსონს მხოლოდ მოვლენათა ჩემი ვერსია სჯეროდა.
ლოთობა და სმის ე. წ. კულტურა "მანჩესტერ იუნაიტედში" მეტად მგრძნობიარე საკითხი იყო მწვრთნელთან ურთიერთობაში. კარგად ვიცოდი, რომ კლუბში მოსვლისთანავე ის ლოთობას ებრძოდა. პოლ მაკგრაფისა და ნორმან უაიტსაიდის გაყიდვა ნაწილობრივ იმით აიხსნებოდა, რომ მწვრთნელს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა - ალკოჰოლით ზედმეტად გართობას ვერ აიტანდა.
ჩვენს დღეებში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ახლა საკვები რაციონი ზედმიწევნით ირჩევა. რეკომენდებულია წვენი, ხილი და მაკარონი. უცხოელმა მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და დიეტოლოგებმა, რომლის სამსახურს მიმართავს ყველა წამყვანი კლუბი, დაგვარწმუნა საკუთარი მდგომარეობისთვის თვალის მიდევნებაში. ამ რწმენით შთაგონებულმა, შემიძლია ვთქვა, რომ იმ მკაცრმა ცხოვრების წესმა, რომელსაც ახლა მივდევთ, გამოიწვია ჩვენი მდგომარეობისა და თამაშის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ინგლისური ფეხბურთი უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს ეჭვგარეშეა.
დღეს შიშით ვიხსენებ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ პირველ წლებს, არადა, იმ პერიოდიდან ყველაზე თბილი მოგონებები დამრჩა. ახალგაზრდა ბედნიერი ვიყავი და ქვეყნის საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი. მიმაჩნდა, რომ ამაში იყო ჩადებული ცხოვრების აზრი. სასტუმროში ცხოვრების პირველი დღეების შემდეგ დაკარგულის ანაზღაურება დავიწყე. ერთფეროვანი გრაფიკით დავიწყე ცხოვრება, რომელიც სმის გარშემო ტრიალებდა.
შაბათის მატჩის შემდეგ მთელი გუნდი ბარში იკრიბებოდა. გასვლითი მატჩების წინ საკლუბო ავტობუსი იქიდან კრეფდა მოთამაშეებს, რომლებიც მანქანებს სასტუმროს გვერდით ტოვებდნენ. სამუშაოს შემდეგ ავტობუსი ისევ ირლანდიურ ბარში - "მალიგანსში" გვაბრუნებდა, რომელიც მოდური იყო იმ დროს. ჩემთვის ის იდეალური ადგილი იყო - ლიფტამდე მიღწევა მჭირდებოდა, რომ ლოგინში ჩავმხტარიყავი.
საინტერესოა, რომ მაშინ ჩვენს გუნდში არ იყვნენ ჩაკეტილი ფეხბურთელები, რომლებსაც დალევა არ უნდოდათ. იშვიათად, მოთამაშე ისე წასულიყო შინ, რომ ერთი-ორი ჭიქა არ დაელია. რა თქმა უნდა, არსებობდა გამონაკლისი გარემოებები, როცა თანაგუნდელებს სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ შინ წასვლა, მაგრამ ჩვეულებრივ, თამამი ადამიანი უნდა ყოფილიყავი, რომ უარი გეთქვა ჩვენს მატჩისშემდგომ "საღამოზე". ამისთვის სერიოზული მტკიცებულება იყო საჭირო.
როცა ბარი იკეტებოდა, ღამის კლუბში გადავდიოდით, რომელიც იქვე მდებარეობდა და დილის სამ ან ოთხ საათზე, ხანდახან უფრო გვიან ვბრუნდებოდი შინ.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"