ალან შირერი: "ნიუკასლში" ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედი", რომელიც კატასტროფულ ფორმაში იყო, გავარდნას ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვებით გადაურჩა. "კაჭკაჭებს" არც ისე კარგ ფორმაში მყოფ "ვესტ ჰემთან" უნდა მოეგოთ იმისთვის, რომ "ჰალის" შედეგზე დამოკიდებულნი აღარ ყოფილიყვნენ.

ჯორდები, პაპის დემბა სისესთან ერთად, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მუსა სისოკომ დააწინაურა. თუმცა 1:0 საიმედო ანგარიში არ გახლდათ, რადგან "ვესტ ჰემს" გატანა რომ მოეხერხებინა, პარალელურად, "ჰალს" ათკაციან "მანჩესტერთან" ერთი გოლიც ეყოფოდა. სიმბოლურია, რომ "კაჭკაჭები", საბოლოოდ, ხონას გუტიერესმა დაამშვიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაამარცხა და ახლა არგენტინელი "სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრებს მხსნელად
მოევლინა.

მატჩის შემდგომ ყურადღების ცენტრში სწორედ გუტიერესი გახლდათ, რომელმაც ფანები აღაფრთოვანა და მას ეხვეოდა ჯონ კარვერიც, რომელიც ძალიან ემოციური გახლდათ. ამ სპეციალისტს პოსტზე დარჩენა გულით უნდა და "ნიუკასლი" მართლაც ძალიან უყვარს, მაგრამ მისი მუშაობა დადებითად, ძნელია, შეფასდეს. თუმცა კლუბის მფლობელი და მმართველი მაიკ ეშლი ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და მისგან გამორიცხული არაფერია.

მეტიც, მოგეხსენებათ, ფანებს როგორ უნდათ ეშლის წასვლა, რა მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აწყობენ და ითხოვენ იმას, რომ მან გუნდი გაყიდოს და "ნიუკასლი" დაუყოვნებლივ დატოვოს, მაგრამ ეშლიმ ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ამას გულშემატკივრები, ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვერ მოესწრებიან...

"ჩემი მიზანია, "ნიუკასლმა" ტიტულების მოგება დაიწყოს. იქამდე კი არსად წასვლას არ ვაპირებ და გუნდს არანაირ ფასად არ გავყიდი" - აღნიშნა ეშლიმ.

ცხადია, ყოფილ გუნდზე გული შესტკივა "კაჭკაჭების" ლეგენდა ალან შირერსაც, რომელიც ფანებთან ერთად გვახსენებს იმას, რომ "ნიუკასლს" დაახლოებით 18 თვეა, ისეთი ტრანსფერი არ გაუკეთებია, რომ რომელიმე ფეხბურთელში ფული გადაიხადოს, ხმაურიან შენაძენზე საუბარი არ არის. მხოლოდ იჯარით თუ მოდიოდნენ მოთამაშეები. სამაგიეროდ, გაყიდვით კლუბმა არაერთი გამორჩეული მოთამაშე გაასხვისა და შესაძლოა, ზაფხულშიც გაუშვას რამდენიმე გამორჩეული სახე. შირერი მთავარ პრობლემას სწორედ ამაში ხედავს.

"ვერავინ იტყვის, რომ "ნიუკასლს" დარჩენა არ ეკუთვნოდა, თუმცა, თუ უფრო მეტზე ვისაუბრებთ, აშკარაა, რომ გუნდს წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და უფრო გაძლიერება სჭირდება. ფანებს სურთ, რომ კლუბში ფული ჩაიდოს. სულ მინიმუმ, გუნდმა გამორჩეული ფეხბურთელების გაყიდვა უნდა შეწყვიტოს, სხვაგვარად წარმატების მიღწევა არ მოხერხდება" - აღნიშნა შირერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული