აღსანიშნავია, რომ "არსენალს" ასოციაციის თასი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ აქვს მოგებული და ახლა ლონდონელებს შეუძლიათ ამ მხრივ რეკორდსმენები გახდნენ. ხსენებული გუნდების მდევრები 8 ტიტულით "ტოტენჰემი" და 7-7-ით სწორედ "ასტონ ვილა", "ჩელსი" და "ლივერპული" მოდიან. თუმცა ბირმინგემელებს უკანასკნელად
"ასტონ ვილას" ნახევარმცველი ეშლი ვესტვუდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და პირველ რიგში, კრისტიან ბენტეკეს იმედი აქვს, რომელიც ტიმ შერვუდის მოსვლის მერე, ბრწყინვალედ ათამაშდა და ახლა ბოლო 12 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.
"კრისტიანი ყველასთვის სასარგებლო ფეხბურთელია და თანაც, მან ტრავმა მოიშუშა და ახლა ოპტიმალურ ფორმაშია. არც ერთი გუნდის მცველებს არ სურთ მის წინააღმდეგ თამაში. ასე რომ, არა მგონია, "არსენალის" ფეხბურთელებს მშვიდად დაეძინოთ თუ კი საერთოდ დაეძინებათ" - ღიმილით აღნიშნა ვესტვუდმა.
ტრადიციულად ომახიანია შერვუდიც და მას ბენტეკეს გარდა სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავს, რომლებისაც ეიმედება. ვესტვუდმაც გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ "ასტონ ვილა" გუნდურად თამაშობს და მარტო ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული.
"ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერები ვართ და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, ნებისმიერის დამარცხება ხელგვეწიფება. ბენტეკე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, მაგრამ მარტო მასზე არ ვართ დამოკიდებულნი. გვყავს ფაბიან დელფი, თომას კლევერლი, საოცარი ტალანტი ჯეკ გრილიში და ასე შემდეგ" - დასძინა ვესტვუდმა.
ვენგერს კი უფრო ის აღელვებს, რომ ფეხბურთელებს ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ფიფა ამას არ ითვალისწინებს. წინა ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, ხოლო ახლა კოპა ამერიკაა, რომელიც შემდეგ ზაფხულსაც ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატის არ იყოს... "არსენალიდან" კოპა ამერიკაზე მეკარე დავიდ ოსპინა და ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ითამაშებენ.
"რასაკვირველია ამ ტიტულის შენარჩუნება გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. მეტოქე სერიოზულია და რთული შეხვედრა გველოდება. რაც შეეხება კოპა ამერიკას, რასაკვირველია, ამ ტურნირს ვუყურებ, მაგრამ ცოტა შიშით, რადგან ტრავმიანობის რისკიც იზრდება და ფეხბურთელები იფიტებიან. ცუდია რომ ფიფა ამას არ ითვალისწინებს და კალენდარს ასე ადგენს. მაგალითად, ალექსის სანჩესმა ამ სეზონში 50 მატჩი ჩაატარა და ახლა კიდევ თამაში უწევს".
30 მაისი. ლონდონი. "უემბლი". 20:30
არსენალი-ასტონ ვილა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"