რიო ფერდინანდმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
რიო ფერდინანდის ცხოვრებაში ტრაგიკული და სევდიანი პერიოდია. 1-ელ მაისს მისი მეუღლე რებეკა ელისონი გარდაიცვალა სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ხოლო თვის ბოლოს გავარდნილ "ქუინზ პარკ რეინჯერსში" განუცხადეს, აღარ გვჭირდებიო. ინგლისის ნაკრების ექსკაპიტანს ახალი გუნდის პოვნა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ საერთოდ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში 18-წლიანი კარიერის მერე ვგრძნობ, რომ ახლა შესაბამისი და სწორი დროა იმ თამაშიდან წასვლისთვის, რომელიც მიყვარს.

12 წლის ასაკში, როდესაც ქუჩაში ბურთს ვაგორებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვობის საყვარელ გუნდში, "ვესტ ჰემში" მოვხვდებოდი, ვუკაპიტნებდი "ლიდსს", მოვიგებდი ჩემპიონთა
ლიგას "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად და ბოლოს "ქუინზ პარკ რეინჯერსში" შევუერთდებოდი ჩემს პირველ მწვრთნელს, ჰარი რედნაპს. ყოველთვის დიდი სიამაყით გავიხსენებ იმ 81-ივე შემთხვევას, როდესაც ინგლისის ნაკრების ღირსება დავიცავი. ეს სამუდამო და შთამბეჭდავი მოგონებებია", - თქვა ფერდინანდმა.

დიახ, მისი კარიერა რედნაპის ხელმძღვანელობით დაიწყო "ვესტ ჰემში", საიდანაც "ბორნმუთშიც" გახლდათ განათხოვრებული. შემდეგ იგი "ლიდსის" "ცუდ ბიჭებში" აღმოჩნდა, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 12 წელი და უამრავი ტიტული მოჰყვა. ბოლოს კი იყო უფერული პერიოდი ქპრ-ში, რაც უიღბლობის ბრალიცაა, ასაკისაც, პირადი პრობლემებისაც და თავად კლუბისაც. აი, რიოს ოსტატობა კი არავის ავიწყდება.

"ის დიდი ფეხბურთელი იყო. ულაპარაკოდ საუკეთესო ცენტრალური მცველი გახლდათ, რომელთან ერთადაც მითამაშია და ვიტყოდი, რომ იმ პერიოდში თავის პოზიციაზე მოფლიოშიც საუკეთესო იყო. მასთან ერთად და მის წინ თამაში ერთი სიამოვნება გახლდათ. ეს საქმეს ძალიან გვიადვილებდა", - განაცხადა ექსმანჩესტერელმა პოლ სქოულზმა.

მაიკლ ოუენმა კი, რომელსაც ასევე ნათამაშები აქვს რიოსთან ერთად, სოციალურ ქსელში დაწერა: "რა ფეხბურთელი იყო... ნამდვილი როლს როისი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული