რიო ფერდინანდი - "როლს როისივით" ფეხბურთელი

AutoSharing Option
რიო ფერდინანდი ფეხბურთიდან წავიდა. კარიერა დაასრულა თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც დიდოსტატური თამაშით მილიონობით ქომაგის გული დაიპყრო.

ფერდინანდი სერ ალექს ფერგიუსონის კაცი იყო. ფერგის უყვარდა რიო, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ხშირად კამათობდნენ. მაგალითად, ფერგიუსონს არ მოსწონდა ის, რომ ფერდინანდი მხოლოდ ფეხბურთზე არ იყო კონცენტრირებული. რიოს ჰქონდა და აქვს თავისი ტელეგადაცემა, რესტორნების ქსელი, ბიზნესი, ტვიტერი, რომელსაც ის ძალიან აქტიურად იყენებს.

ბოლოს და ბოლოს, "იუნაიტედი" და ფერდინანდის აგენტი შეთანხმდნენ - ფეხბურთელი ყოველთვის ჩააყენებდა საქმის კურსში გუნდს იმის თაობაზე, თუ რას გეგმავდა
იგი უახლოეს მომავალში. მიუხედავად ამისა, გადაცდომები შემდეგაც იყო.
ფერგი უკმაყოფილო კი იყო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რატომ აკეთებდა ამას რიო.
"ის ემზადება იმ ცხოვრებისათვის, რომელიც მას აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ელის. იყო დრო, მეც ასე ვიქცეოდი, მაგრამ ათას რეპერს არ ვხვდებოდი." - დაწერა სერ ალექსმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

თავის მხრივ, ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა რიო ფერდინანდმაც. მან ახსნა, რის გამო იყო ასე აქტიური საფეხბურთო ცხოვრების მიმდინარეობის ჟამს.

"აქ განსაკუთრებული მიზეზის ძიება საჭირო არ არის. ფეხბურთელის კარიერა როდესღაც რჩება და მე ძალიან მეშინოდა, რომ უსაქმოდ დავრჩებოდი. როგორც ყოველთვის, ფერგი აქაც მართალია." - თქვა ფერდინანდმა.

ამ წიგნში რიომ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამას იმსახურებდა - ოჯახის წევრებს, ცოლს, დიდ ფეხბურთში მის გზის გამკვლევს, ჰარი რედნაპს, რომელმაც მასზე თქვა "როლს როისივით" ფეხბურთელი იყოო, ქომაგებს, პარტნიორებსა და მეტოქეებს. მან ასევე მადლი მოახსენა აგენტებსა და საქმიან პარტნიორებს. დაიტოვა იმედი, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მათი თანამშრომლობა გაგრძელდება.

ის ის იყო, წიგნმა მზის სინათლე იხილა, რომ რიოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს - უკურნებელმა სენმა მას მეუღლე წაართვა. ფერდინანდი განადგურებული იყო:
"ჩემი გოგონა ახლა ზეცაშია და მე მასთან მივალ. აუცილებლად." - დაწერა ფერდინანდმა და იქვე დაამატა, რომ ცხოვრებაში ასეთი ტკივილი ჯერ არ განუცდია.

ვისაც ახსოვს ახალგაზრდა, დამწყები რიო ფერდინანდი, დაგვეთანხმება - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ წლების შემდეგ ეს გამხდარი, არცთუ სწრაფი და გამხდარი ჭაბუკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სახელს დაიგდებდა.

"შენ არ გაქვს იდეალური აგებულება დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი გაქვს და ჩვენ ვითამაშებთ დიდ ფეხბურთს." - უთხრა პირველი ნახვისას სერ ალექსმა რიოს. ითამაშა კიდეც.

რიოს ფეხბურთი დიეგო მარადონამ შეაყვარა. ძალიან უყვარდა ბიჭს პოლ გასკოინი. რიომ ნახევარდაცვაში დაიწყო, "ვესტ ჰემში" კი პირველად მცველის პოზიციაზე ითამაშა - იმ დღეს "ჩაქუჩებს" რამდენიმე წამყვანი უკანახაზელი დაშავებოდათ.
ფერდინანდმა აღიარა, რომ ბოლო დრომდე მას გული შეტევისაკენ მიუწევდა.

"ჩემს სტიქიად ბოლომდე დარჩა შეტევა. როცა გუნდი აგებდა, მე კი რაღაც გამომდიოდა მინდორზე, მაინც კმაყოფილი ვიყავი. მივიდოდი შინ, ჩავრთავდი ტელევიზორს და მეგობრებს ვეუბნებოდი: "ნახე, რა ვუქენი მას?" - იხსენებს ფერდინანდი "ვესტ ჰემში" გატარებულ პერიოდს.

ლონდონში რიო არ იყო ნაღდი პროფესიონალი. მას შეეძლო, თამაშისწინა ღამე რომელიმე ბარში გაეტარებინა და უგონოდ დამთვრალიყო. ბევრს გაუკვირდა ფეხბურთელის გადასვლა პროვინციულ "ლიდსში". არადა, ფერდინანდი მიილტვოდა იქ, სადაც მისი აზრით, არ იქნებოდა მჩქეფარე საკლუბო ცხოვრება.

"ვესტ ჰემის" აკადემიის ყოფილმა დირექტორმა, ტონი კარმა ფერდინანდზე თქვა: "ის თავიდანვე უდიდესი ტალანტი იყო. რიოს, უბრალოდ, სჭირდებოდა ადგილი, სადაც ბოლომდე გამოავლენდა შესაძლებლობებს."

2002 წლის მუნდიალი ინგლისის ეროვნული ნაკრებისათვის მეოთხედფინალში დასრულდა, თუმცა 23 წლის ცენტრალური მცველის დიდებულმა გარჯამ ყველა დაატყვევა. მასზე წერდნენ, რომ მსოფლიომ მიიღო ახალი ფრანც ბეკენბაუერი, რომ ფერდინანდს საკუთარი საჯარიმოდან შეუძლია მთელი თამაშის წაყვანა.

ფერგიუსონმა აიყვანა რიო. აიყვანა, ოდნავ შეზღუდა, თუმცა მეტად საიმედო გახადა. ვინ იცის, ფერგის რიო ლიბეროდ რომ ეთამაშებინა, დღეს მსოფლიო ფეხბურთი მნიშვნელოვნად შეცვლილიყო კიდეც. სერმა არ გარისკა.

ფერდინანს "იუნაიტედში" არ მოკლებია ტიტულები. საყოველთაო აზრით, ის იყო მეორე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სერ ალექსის კრებულში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს შემდეგ.

ტერი, კომპანი, კარაგერი... პრემიერლიგის თითქმის ყველა გამორჩეული მცველი, რომელმან ან მიაღწია ან გადააბიჯა ოცდაათ წელს, ტრავმებისაგან იტანჯება. რიო ბევრ ტრავმას აერიდა. გარდა ამისა, ბოლო წლებში მან შეცვალა თავისი სათამაშო სტილი - დაკარგა სისწრაფე, მაგრამ ფონს პოზიციის სწორად არჩევის ფონზე გადიოდა.

ყველაფერი უცებ და ცუდად მორჩა. "იუნაიტედში" სერ ალექსი დევიდ მოიესმა შეცვალა. მას და რიოს ურთიერთობა აერიათ. ფერდინანდი წავიდა "ქუინზ პარკში" და... ვერავინ იტყოდა მისი თამაშის შემხედვარე, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიოში სულ ცოტა ხნის წინ.

30 მაისს, "ქუინზ პარკთან" კონტრაქტის ამოწურვიდან რამდენიმე დღის შემდეგ რიო ფერდინანდმა დიდი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისურ ფეხბურთში დიდი ეპოქა დასრულდა.

მარადონა, მაიკ ტაისონი... - ესენი იყვნენ რიოს ბავშვობის გმირები. ყველა მათგანს გაუჭირდა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ. ზემოთაც დავწერეთ, ფერდინანდი დიდხანს ემზადებოდა ფეხბურთიდან წასასვლელად და წესით, დეპრესიას მასთან საქმე არ უნდა ჰქონდეს.

"ბევრმა ფეხბურთელმა, უბრალოდ, არ იცის, რა არის ცხოვრება. ისინი ამთავრებენ კარიერას და ირკვევა, რომ ფეხბურთის გარდა არაფრი იციან. არ მინდა, მათ რიგებში ვიყო." - თქვა ჩვენი წერილის გმირმა.

ფერდინანდი ძალიან პოპულარულია ინგლისში, თუმცა მას აკრიტიკებენ კიდეც.
"ჯანსაღ კრიტიკას მე არასოდეს გავურბივარ. ეს უკეთესს მხდის, მაგრამ არ მესმის იმ "კლავიატურის მებრძოლების", რომლებიც ათასგვარ ბოღმიან კომენტარებს წერენ, შეურაცხგყოფენ, მერე კი ავტოგრაფის სათხოვნელად მორბიან." - ამბობს ფერდინანდი.

ფეხბურთი მორჩა. წინ მთელი ცხოვრებაა. ცხოვრება, რომლისათვისაც რიო მზად უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული