"ლივერპული": სტერლინგის და სუპერმარიოს ამბავი ისევ გაურკვეველია

AutoSharing Option
"ლივერპულში" რომ ბევრი ცვლილება იქნებოდა, ეს ვიცოდით, მაგრამ თუ გუნდი თავიდანვე ასე იაქტიურებდა, ალბათ, ბევრს არ ეგონა. ახლა წამსვლელების ჯერიც მოვიდა - ფაბიო ბორინიმ პირდაპირ განაცხადა, რომ დარჩენა არ სურს.

ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ იტალიელი თავდამსხმელი "ენფილდის" ბინადრებს ერჩის. უბრალოდ, ფაქტია, ის ამ გუნდში ბოლომდე ვერ გაიხსნა ან მიაჩნია, რომ გახსნისთვის საკმარის სათამაშო დროს არ აძლევენ და მიუხედავად იმისა, რომ ბრენდან როჯერსის ძველი და კარგი ნაცნობია, წასვლა გადაუწყვეტია.

თანაც, ბორინი ისეთ ასაკშია, სწორედ ახლა ესაჭიროება სათამაშო პრაქტიკა,
მას ნაკრებში დაბრუნებაც აქვს გეგმაში. გადასაწყვეტია მისი თანამემამულის, მარიო ბალოტელის ბედიც. კლუბი ჯიუტად ირწმუნება, რომ სუპერმარიო არსად მიდის, მაგრამ სულ სხვა ცნობები აქვს პრესას.

წამსვლელებს მაშინ დავუბრუნდებით, როდესაც რამე კონკრეტული მოხდება და ახლა მომსვლელებზეც ვთქვათ. ჭორი და ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც უამრავია, მაგრამ რაც უკვე ვიცით, "ლივერპულმა" მშვენიერი შევსება მიიღო.

პირველი დანამატი "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმავალი ჯეიმს მილნერი გახლდათ. ამას დაემატა "ბარნლიდან" დენი ინგსის მიყვანა, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, თავდამსხმელი გუნდს სჭირდებოდა. ამას მოჰყვა "ბოლტონიდან" 27 წლის მეკარის, ადამ ბოგდანის მიყვანა. მეოთხე შენაძენი "ჩარლტონიდან" გადმობარგებული ჯოი გომესია.

18 წლის პერსპექტიული მცველის შეძენა გუნდს 3,5 მილიონი ფუნტი დაუჯდა. იგი გახარებულია და ეიმედება, რომ როჯერსს თავს მოაწონებს. მოსამზადებელი პერიოდიც გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ ჩრდილოირლანდიელი გომესს, სავარაუდოდ, გაანათხოვრებს, რათა მას სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

რასაკვირველია, ვერ და არ გავექცევით რაჰიმ სტერლინგის თემასაც. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა ისევ არ გამოსწორებულა - "ლივერპულს" უნდა, რომ სტერლინგი დარჩეს და ახალი კონტაქტი გააფორმოს, მაგრამ ნორჩ ტალანტს წასვლაზე უჭირავს თვალი. შედეგად, მერსისაიდელები ათეულობით მილიონი ფუნტის ზარალის რისკის წინაშე არიან.

მათ უკვე უარყვეს "სიტის" ორი წინადადება - "ქალაქელებმა" მეორე შეთავაზებისას "ენფილდზე" 35,5-მილიონფუნტიანი ჩეკი გადაგზავნეს და ბონუსებით რაჰიმის ფასი სადღაც 40 მილიონამდე გაიზრდებოდა, მაგრამ "ლივერპულმა" ამხელა თანხაზე თქვა უარი, თუ გაყიდვაა, ბარემ 50 მილიონი იყოსო. სტერლინგით მადრიდის "რეალიც" დაინტერესებულია და თითქოს, თავად რაჰიმსაც გული სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" მიუწევს, მაგრამ გადაიხდის კი ამდენს "სამეფო გუნდი“?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული