არის სტერლინგი "მანჩესტერ სიტიში"!

AutoSharing Option
ინგლისური პრესის უკანასკნელი ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა", ბოლოს და ბოლოს, შეათანხმეს რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის პირობები და ცხადია, "ქალაქელები" პირადი კონტრაქტის დეტალებზე თავად 20 წლის შემტევსაც გაურიგდნენ.

დეტალები ცნობილი, ალბათ, ცოტა უფრო მოგვიანებით გახდება. ერთადერთი, ითქვა ის, რომ მანჩესტერელები 49 მილიონ გირვანქას გადაიხდიან. ასე რომ, გარკვეულ დათმობაზე ორივე მხარე წავიდა - "სიტი" იმ კუთხით, რომ რამდენიმე მილიონი დაამატა და თავის მხრივ, "ლივერპული", რომელიც დაყაბულდა სტერლინგის გაყიდვას.

ერთადერთი ჯიუტი და შეუვალი თავად რაჰიმი იყო. როგორც იცით, მერსისაიდელებს და კერძოდ, მათ მთავარ
მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს სტერლინგის წასვლა ძალიან არ უნდოდა. ჩრდილოირლანდიელს ეიმედებოდა, რომ ახალგაზრდა ტალანტს ნელ-ნელა დაიყოლიებდა და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებინებდა გუნდთან. თუმცა რთული ხასიათის მქონე რაჰიმმა ჯერ კვირაში 100 ათას ფუნტზე თქვა უარი, მერე ვარჯიში გააცდინა და ისიც ითქვა, კონკრეტულად როჯერსიც ამოიჩემა და მასთან ერთად მუშაობა აღარ სურსო.

მართალია, სტერლინგი ტაილანდი-ავსტრალია-მალაიზიის ტურნეს განაცხადში კლუბმა მაინც შეიყვანა, მაგრამ მოგვიანებით სიიდან ამოშალა, რადგან ნორჩი ტალანტი არსად წასვლას არ აპირებდა და, როგორც ჩანს, მან საბოლოოდ გაიტანა თავისი. როჯერსსა და კომპანიას სხვა გზა აღარ დარჩათ, სტერლინგი სარფიანად უნდა გაეყიდათ.

ამრიგად, რაჰიმი, ბრიტანელი ფეხბურთელების ტრანსფერებს თუ ავიღებთ, უელსელი გარეთ ბეილის მერე უძვირფასესი მოთამაშე ხდება და შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებულ ინგლისელად იქცევა, ასწრებს რა ენდი ქეროლს, ვისშიც 2011 წელს "ლივერპულმა" "ნიუკასლს" 35 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ხოლო ბეილი "ტოტენჰემმა" რეალში 85 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გაყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული