25 მილიონად "წმინდანებიდან" "ეშმაკებში"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთბაშად ორი ფეხბურთელის ტრანსფერს მისცა ოფიციალური სახე. სანამ წინა დღეებში ყველა ბასტიან შვაინშტაიგერზე საუბრობდა, "წითელი ეშმაკები" "საუთჰემპტონს" გაურიგდნენ მორგან შნაიდერლენის თაობაზე და ისიც დაიმატეს. "წმინდანები" აქამდე უარზე იყვნენ:

ცოტას იხდით, შნაიდერლენის "სულის" "წითელი ეშმაკებისთვის" მიყიდვას მეტი უნდაო და მანჩესტერელებმაც იმდენი გადაიხადეს, რამდენიც საჭირო იყო - გავრცელებული ცნობით, ლაპარაკი დაახლოებით 25 მილიონ გირვანქაზეა. 25 წლის ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა "იუნაიტედთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ამით, წესითა და რიგით, მოედნის ცენტრში ლუი ვან გაალის პრობლემები უნდა
გადაიჭრას.

"როდესაც "მანჩესტერის" დაინტერესების შესახებ გავიგე, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, ამას მოფიქრება არ უნდოდა. "საუთჰემპტონში" 7 ბედნიერი წელიწადი გავატარე და ეს გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. თუმცა შესაძლებლობას, ვიყო "იუნაიტედის" წევრი და ამ დიდ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო, ხელიდან ვერ გავუშვებდი" - განაცხადა შნაიდერლენმა.

ფრანგი "საუთჰემპტონმა" 2008 წელს "სტრასბურიდან" დაიმატა და ეს სულ რაღაც 1,2 მილიონი გირვანქა დაუჯდა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი სამშობლოს მოწყვეტილი იყო და მხოლოდ ნელ-ნელა პროგრესირებდა, საფრანგეთის ნაკრებს შნაიდერლენისკენ არასოდეს გაუხედავს. თუმცა ახლა იგი უკვე შედის "მამლების" გეგმებში - დიდიე დეშამი მორგანს კარგი თვალით უყურებს.

რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მაგრამ ბრიტანული პრესის სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ბასტი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს 14,4 მილიონი გირვანქა დაუჯდათ.

30 წლის გერმანელთან გუნდმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, მანჩესტერელებს შნაიდერლენში, შვაინშტაიგერში, მატეო დარმიანსა და მემფის დეპაიში უკვე 80 მილიონი გირვანქა აქვთ დახარჯული. ლუი ვან გაალი ასევე მცველების, თავდამსხმელისა და მეკარის ძიებაშია.

"დიდი სიამოვნება მივიღე "ბაიერნში" გატარებული წლებით, ეს დაუვიწყარი თავგადასავალი გახლდათ და წამოსვლა ადვილად გადასაწყვეტი არ იყო. თუმცა "მანჩესტერი" ერთადერთი გუნდია, რომლის გამოც მიუნხენს დავტოვებდი. მზად ვარ მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან ლიგაში სათამაშოდ და ამ ახალი ბრწყინვალე გამოწვევის მისაღებად. მიხარია, რომ ისევ ლუი ვან გაალთან ერთად ვიმუშავებ" - აღნიშნა შვაინშტაიგერმა.

ბასტის სიტყვებში სიყალბე არ უნდა იყოს და როგორც ჩანს, მას დიდი ხანია, სიმპათია აქვს "იუნაიტედისადმი", რაც არაერთგზის აღუნიშნავს. ინტერნეტში მისი ძველი ფოტოც გამოამზეურეს და გაიხსენეს, როდესაც ჯერ კიდევ 2001 წელს იგი ძმასთან, ტობიასთან ერთად "მანჩესტერის" ფორმაშია გამოწყობილი. "წითელი ეშმაკების" ახალწვეულებმა საჩქაროდ გაიარეს სამედიცინო შემოწმება; მერე, როგორც გითხარით, კონტრაქტებსაც მოაწერეს ხელი და გუნდს ამერიკულ ტურნეში გაჰყვნენ. გავრცელდა თვითმფრინავში გადაღებული ფოტოებიც.

ვან გაალის არმია სიეტლში დაბანაკდება და პარასკევს მექსიკურ "ამერიკასთან" პირველ მატჩსაც გამართავს. ტურნეს განაცხადშია დავიდ დე ხეაც, მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ესპანელ მეკარეს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალს" და მისი მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

შემადგენლობაში ვერ ვხედავთ 33 წლის ვიქტორ ვალდესს, რაც ცოტა მოულოდნელია. არც არგენტინელები - ანხელ დი მარია და მარკოს როხო არიან, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ მათ კოპა ამერიკაზე მოუხდათ თამაში და დასვენება სჭირდებათ. განაცხადში არ არის არც რაფაელი, რომელიც ტრანსფერზეა დაყენებული.

თავდამსხმელი ვახსენეთ და, ვან გაალს ძალიან სდომებია მისი კლუბის ბანაკში ედინსონ კავანის ხილვა და ისიც კი დაიწერა, ჰოლანდიელი მზად არის, დი მარიასადმი "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესი გამოიყენოს და ანხელის სანაცვლოდ პარიზელებს ურუგვაელი ფორვარდის საქმეში ჩართვა შესთავაზოსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული