"მანჩესტერმა" მეხუთე ახალწვეული გაიფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სერხიო რომერო ოფიციალურად გაიფორმა. არგენტინელი მეკარე "ოლდ ტრაფორდზე" ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მივიდა.

ესპანელს ლუი ვან გაალთან უთანხმოების გამო "წითელი ეშმაკებიდან" წასვლა მოუწევს. გარდა ამისა, დავიდ დე ხეას "იუნაიტედთან" ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა და მას მადრიდის "რეალი" ეპოტინება. დიდი შანსია, რომ ამ ზაფხულს თუ აღარ, დე ხეა მომავალ ზაფხულს მაინც გადავა "სამეფო გუნდში".

ამიტომაც მანჩესტერელებს თავის დაზღვევა სჭირდებოდათ, რომერო კი მშვენიერი მეკარეა, რაც საკლუბო დონეზე ბოლო წლების წარუმატებლობების მიუხედავად, სანაკრებო დონეზე დაადასტურა, როდესაც არგენტინის ნაკრებს ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლაში
დაეხმარა, მერე კი კოპა ამერიკაზე. თანაც, რომეროს ვან გაალთან ერთად, 2008/09 წლების სეზონში ერედივიზიონი აქვს მოგებული "ალკმაარში".

"ჩვენ მზადება იმ შიშით უნდა დავიწყოთ, რომ დავიდ დე ხეა მადრიდის "რეალში" წავა. თუ ის დარჩება, ჯანსაღი კონკურენცია იქნება და ეს კარგია, ყოველთვის საჭიროა. როდესაც ვხედავ, რომ სათადარიგო სკამზე დატოვებული ფეხბურთელი უკეთესია, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში მყოფი, იგი შემდეგ შეხვედრას სასტარტოში დაიწყებს" - ამბობს ვან გაალი.

28 წლის რომერო ბოლოს "სამპდორიის" საკუთრებაში იყო და გენუელები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გავიხსენოთ ისიც, რომ 2014 წლის მუნდიალზე არგენტინამ სწორედ ვან გაალის ჰოლანდიას აჯობა, რომერომ პენალტების სერიაში 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია...

მემფის დეპაის, მატეო დარმიანის, ბასტიან შვაინშტაიგერისა და მორგან შნედერლენის შემდეგ, რომერო "წითელი ეშმაკების" მეხუთე ახალი ფეხბურთელი გახდა.

"მისი სტილი ძალიან მომწონს. რომერო 60-მეტრიან დისტანციაზე დომინირებს, იგი სიტუაციას აკონტროლებს და თანაგუნდელებს თავდაჯერებას მატებს. რა თქმა უნდა, მას ინგლისური ენის სწავლა მოუწევს, რადგან ლეგიონერებთან მიმართებაში ეს ბარიერი ჩნდება ხოლმე. იგი ფეხზე მყარად დგას, თავდაჯერებულია და ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იმედია, მოლოდინს გაამართლებს" - დასძინა ვან გაალმა.

63 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რომელიც 8 აგვისტოს 64 წლის ხდება, საკუთარ მომავალზეც ისაუბრა და თუ ადრე ისე ჩანდა, რომ იგი დიდი ხნით აპირებდა "ოლდ ტრაფორდზე" გაჩერებას, ახლა ვან გაალი ამბობს, რომ "იუნაიტედთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ანუ ორი სეზონის მერე, 2017 წლის ზაფხულში სამწვრთნელო კარიერას, სავარაუდოდ, დაასრულებს.

"მე ამას ჩემს მეუღლეს შევპირდი. ერთად ბევრი წელი არ დაგვრჩა და ამ დროის მაქსიმალურად გამოყენება გვსურს. ჩემს კარიერაში ყველაფერი გავაკეთე, პრემიერლიგაში მუშაობა რჩებოდა ოცნებად და ახლა აქ ვარ. როდესაც მას შევხვდი და ურთიერთობა ავაწყვეთ, შევპირდი, რომ 55 წლის ასაკში მწვრთნელობას თავს დავანებებდი, მაგრამ ისევ ვმუშაობ და მალე 64 წლის ვხდები... რა დარჩა? ყატარში წავიდე, რომ მეტი ფული გამოვიმუშავო? არა მგონია. საკუთარი ცხოვრებით და მეუღლესთან ურთიერთობითაც უნდა დატკბე" - განაცხადა ვან გაალმა.

როდესაც ჟურნალისტებმა შეაპარეს, ეგებ მომავალში მაინც გადაიფიქროთ, რას იტყვით ამაზეო, ლუიმ აღნიშნა, ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, ეს რომ ტრუუსს (მისი მეუღლე) ვუთხრა, ძალიან გაბრაზდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული