ლონდონის "არსენალი": არსენი თეოს იმედით ელის

AutoSharing Option
არსენ ვენგერი ამბობს, რომ თეო უოლკოტთან ახალ კონტრაქტზე გაჯანჯლებული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები მალე სასურველ შეთანხმებას გააფორმებენ.

26 წლის შემტევს ისევ რთული პერიოდი ჰქონდა: ტრავმები, არასაკმარისი სათამაშო დრო... გარდა ამისა, უოლკოტს ახალ შეთანხმებაში რაღაც არ მოეწონა, სავარაუდოდ, კონტრაქტის ხანგრძლივობა ან ჯამაგირი. როგორც ჩანს, ცოტ-ცოტა ორივე მხარე წავიდა კომპრომისზე და ისინი საერთო ენის გამონახვასთან ძალიან ახლოს არიან.

"შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მაგრამ იმედია, მალე ყველაფერი მოგვარდება" - ოპტიმისტურად განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

უოლკოტმა "მეთოფეებთან" წინა კონტრაქტი 2013 წლის
იანვარში გააფორმა, მაშინაც ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ვაჭრობის შემდეგ. მაშინ თეომ ლონდონელებს მომავალი 2016 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა და ხელფასის სახით კვირაში 100 ათას გირვანქას გამოჰკრა ხელი. უოლკოტს ჩემპიონატსა და თასზე "არსენალის" მაისურით 302 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 76 გოლი გატანილი. მუხლის ტრავმის გამო მან წინა სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.

"ვოლფსბურგთან" ამხანაგური მატჩი "არსენალმა" უოლკოტის გოლით კი მოიგო, მაგრამ მას საუცხოო პასი ჯეფ რეინ-ადელაიდმა გაუკეთა, "ლანსიდან" ნაყიდმა 17 წლის ფეხბურთელმა. მისი გადაცემა ძალიან დახვეწილი გახლდათ და ახალბედამ მთლიანობაშიც ბრწყინვალედ ითამაშა. მისი დებიუტი "ლიონთან" შედგა, როდესაც შეცვლაზე შევიდა, ხოლო "მგლებთან" უკვე ძირითადში იყო.

"იგი მხოლოდ 17 წლისაა და ძალიან იმედისმომცემი ფეხბურთელი ჩანს. თუმცა მან კიდევ ერთი წელი პირველ გუნდთან ერთად უნდა იმუშაოს. ჯერ სრულწლოვანი უნდა გახდეს, 21-წლამდელთა გუნდში ჩაატაროს მატჩები. მას მართლაც ფანტასტიკური პოტენციალი აქვს და ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს, მოუმატოს. იგი ჩვენთან ერთად დარჩება" - განაცხადა ვენგერმა.

გავრცელებული ცნობით, "არსენალი" ახალი თავდამსხმელის ყიდვას აპირებდა. ლონდონელებს ხან ქარიმ ბენზემას უკავშირებდნენ, ხან ედინ ჯეკოს, ხან პიერ-ემერიკ ობამეიანგს და ასე შემდეგ. თუმცა ცოტა ხნის წინათ მუსიე არსენმა აღნიშნა, შესაძლოა, სულაც არ დაგვჭირდეს წინა ხაზში ახალი მოთამაშეო.

"მესმის, რომ ამ თემაზე კითხვას ხშირად მისვამთ, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. თუმცა გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი. არ მინდა ზედმეტად კატეგორიული ვიყო, მაგრამ უბრალოდ, უყურეთ ჩვენს თამაშს და ისიამოვნეთ იმით, რასაც ხედავთ" - ამაყად აღნიშნა ვენგერმა.

ბევრი სპეციალისტის აზრით, "მეთოფეებს" თავდამსხმელზე მეტად კარგი მეკარე აკლდათ, რომელიც შეიძინეს კიდეც პეტრ ჩეხის სახით, რომელმაც "ჩელსიში" 11 წელი გაატარა და 10 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ, 33 წლის გოლკიპერი "არსენალში" გადაბარგდა.

"მას უდიდესი გამოცდილება აქვს, წლებია, უმაღლეს დონეზე თამაშობს და კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი აქვს. იგი გუნდს სიმშვიდესა და საიმედოობას სძენს და მცველებს თავდაჯერებას მატებს" - განმარტა ლონდონელთა თავკაცმა.

"ემირატების" ბინადართა ბანაკში დიდი ყურადღება ექცევა სეზონის კარგად დაწყებასაც, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით "არსენალს" შეუძლია 2 აგვისტოს გადადგას, როდესაც "ჩელსის" სუპერთასისთვის შეეჭიდება და, თუ პრემიერლიგის გამარჯვებულს დერბიში მოუგებს, ეს განსაკუთრებულ თავდაჯერებასაც შემატებს "მეთოფეებს".

"რამდენად კარგ ფორმაში ვართ? ცუდად არ გამოვიყურებით, მაგრამ აჯობებს, ამ შეკითხვაზე ერთი თვის მერე გიპასუხოთ, იმ დროისთვის უკეთ გამოჩნდება. წინასასეზონო პერიოდის მთავარი მიზანი ახალი სეზონისთვის, პრემიერლიგისთვის საუკეთესოდ მომზადებაა. მზად უნდა ვიყოთ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. რამდენად გამოგვივა ეს, 9 აგვისტოს გამოჩნდება, როდესაც "ვესტ ჰემს" შევხვდებით. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის" - დაამატა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული