ცოტა უცნაურია, როდესაც ფეხბურთელს ასეთი ფასი ადევს და მას საფეხბურთო მსოფლიო ნაკლებად იცნობს.
დარმიანი იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მეტწილად სამშობლოში იცნობენ, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ის მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს...
მაინც ვინ არის დარმიანი?
მატეო "მილანის" სკოლის აღზრდილია და წლების განმავლობაში სწორედ "როსონერის" ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. დარმიანი "მილანის"
საგულისხმოა, რომ მატეოს "როსონერის" მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც სათასო პაექრობისას კახა კალაძე შეცვალა. "მილანი" "ბრეშას" ეთამაშებოდა და ახალგაზრდა მცველმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.
იმავე წელს, დარმიანის დებიუტი უკვე სერია A-ში შედგა, სადაც ასევე კარგად წარმოჩინდა.
მატეო დარმიანზე იტალიური სპორტული პრესა ალაპარაკდა, მაგრამ შემდეგ, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - "მილანის" მწვრთნელ-მესვეურებმა ჩათვალეს, რომ დარმიანი არ პროგრესირებდა და "პადოვაში" გაუშვეს, რასაც მისი სიცილიაში მოგზაურობა და 2011 წელს, "ტორინოში" გადაბარგება მოჰყვა.
აი, ტურინულ გუნდში კი მატეო გაიხსნა და საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. დარმიანი მეტწილად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ირჯება, თუმცა იგივე წარმატებით შეუძლია მარცხნივ თამაშიც, "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში კი ხშირად ცენტრალურ მცველად ასპარეზობდა და საჭიროების შემთხვევაში, არც იქ შეირცხვენს თავს. 3-5-2 ტაქტიკის შემთხვევაში, რასაც ხშირად მიმართავს "ტორინოს" მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა, მატეო ნახევარდაცვაში იყო გამწესებული და მთელ ფლანგს აკონტროლებდა.
მოკლედ, დარმიანი უნივერსალია, ლუი ვან გაალს კი უყვარს ექსპერიმენტები და ფეხბურთელთა სხვადასხვა პოზიციაზე გამოცდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჰოლანდიელმა სპერციალისტმა სიამაყით აღნიშნა, რომ სწორედ მან შეუცვალა ამპლუა ედგარ დავიდსს, როდესაც გარემარბის პოზიციიდან, საყრდენ ნახევარმცველად გადაიყვანა და თუნდაც კლარენს ზეედორფს, რომელიც ასევე ფლანგზე ირჯებოდა და ცენტრში გაამწესა.
ვან გაალი არ მალავს, რომ მას დარმიანი ძირითად შემადგენლობაში სჭირდება და მართალია, მეტწილად მარჯვენა ფრთაზე უპირებს გამწესებას, პოზიციასაც ხშირად შეუცვლის.
"მანჩესტერ იუნაიტედს" დაცვის მარჯვენა ფრთაზე რაფაელ და სილვა და ანტონიო ვალენსია ჰყავს - რაფაელი ტრანსფერზეა დაყენებული და მას წასვლა მოუწევს, ვალენსია კი უკვე თამამად შეგვიძლია მოვიაზროთ სათადარიგოთა სკამზე.
მაინც, რა შეუძლია ასეთი დარმიანს, რომ მასში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს და მის გამო, რაფაელი ტრანსფერზე დააყენეს, ვალენსიას კი თადარიგში უპირებენ გამწესებას?
პირველ რიგში, დარმიანი ბრწყინვალე ჩამშლელია და ეს მისი საუკეთესო თვისებაა.
2012-2013 წლების სეზონში, ევროპის ტოპ-5 ლიგის გუნდების ფეხბურთელთა შორის, მეტოქეთა იერიშების ყველაზე მეტი ჩაშლა ჰქონდა. მატეო ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს და სწორედ ამის ხარჯზე შლის შეტევებს, თუმცა ასევე ძლიერია ერთი-ერთზე თამაშისას. ხსენებულ სეზონში, დარმიანი საუკეთესო იყო მეტოქეთა პასების ჩაჭრებშიც და ასევე პირველი ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით - მატეოს ანგარიშზე, ერთ თამაშში საშუალოდ 5.8 ჩაჭრა იყო.
დარმიანს უყვარს შეტევაში ჩართვა და მას ხშირად იხილავთ მეტოქის ნახევარზე - განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი გუნდი 3-5-2 ტაქტიკით თამაშობს და შესაბამისად, მატეო უფრო ნახევარმცველია, ვიდრე მცველი. თუმცა, 4-4-2 სქემის პირობებშიც, დარმიანი აუცილებლად ირბენს მთელს ფლანგზე და შეეცდება, რომ გუნდს სარგებელი შეტევაშიც მოუტანოს. თუმცა, ვიყოთ ობიექტურნი და აღვნიშნოთ, რომ მატეო დარმიანი არც რობერტო კარლოსია, არც დუგლას მაიკონი და არც კაფუ - ამიტომ, მის რეიდებს აკლია ბრაზილიური ტექნიკა და სიმწვავე.
თუმცა, დარმიანი მხოლოდ 25 წლისაა და შესაძლოა, ამ კომპონენტშიც მოუმატოს.
ერთი სიტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიმატა ბრწყინვალე ჩამშლელი, რომელიც უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, ორივე ფეხით თანაბარი წარმატებით თამაშობს და ეპიზოდებში, სახიფათოა შეტევებშიც. ამასთან, დარმიანი ფიზიკურად ძლიერია და მთელი 90 წუთი გაუჩერებლად დარბის.
გავრისკავთ და ვიტყვით, რომ დარმიანი აჯობებს ანტონიო ვალენსიას. აქვე ვთქვათ, რომ დარმიანი იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და ბოლო შეხვედრებში, მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია. "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მატეოს დიდი იმედი აქვს...
მატეო დარმიანს "რაი სპორტი" ესაუბრა და რამდენიმე საინტერესო კითხვა დაუსვა - ბოლოს, სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს მოვუსმინოთ...
- "მილანზე" გაბრაზებული ხართ?
- ფეხბურთის თამაში "მილანის" სკოლაში დავიწყე და წლების განმავლობაში მესმოდა, რომ ამ გუნდის ლეგენდა უნდა ვყოფილიყავი. მადარებდნენ ფრანკო ბარეზის და პაოლო მალდინის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, აღმოვაჩინე, რომ "მილანის" ფეხბურთელი აღარ ვიყავი. ეს მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ გულში ბოღმა არასდროს ჩამიდია. იმედი მაქვს, რომ "მილანი" დაიბრუნებს ძველ დიდებას.
- რა მოგცათ "ტორინომ"?
- "ტორინომ" დიდი ფეხბურთისკენ გამიხსნა გზა და ამის გამო, ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ევროთასებზე ვითამაშე, იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს და ჩემით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ. "ტორო" მუდამ ჩემს გულში იქნება და ამ გუნდს ყველაფერ კარგს ვუსურვებ.
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურა მოირგეთ?
- საოცარ გუნდში ვარ, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. მომდევნო სეზონში, ინგლისის პრემიერლიგის, ლიგის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებ, ეს კი ფანტასტიკური შეგრძნებაა. ინგლისური ფეხბურთი ძალიან მიმზიდველია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა.
- "მანჩესტერ იუნაიტედში" სხვა იტალიელმა ფეხბურთელებმა ვერ გაიბრწყინეს და ეს ხომ არ გაშინებთ?
- მასიმო ტაიბი და ლუიჯი სარტორი ძალიან კარი ფეხბურთელები იყვნენ, ფედერიკო მაკედა და ჯუზეპე როსი კი ნიჭიერი თავდამსხმელები არიან, თუმცა მანჩესტერში მათ არ გაუმართლათ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნავსი გავტეხო და "იუნაიტედის" ისტორიაში ჩემი კვალი დატოვო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"