მოურინიო VS ვენგერი ეშხში შედის

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის სტარტი კარს მოგვადგა. იქამდე კი მთავარი თემა "არსენალისა" და "ჩელსის" სუპერთასის დაპირისპირებაა, რომელიც "მეთოფეებმა" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ერთადერთი გოლით მოიგეს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მთავარი სალაპარაკო თემა არსენ ვენგერისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებაა, ფრანგმა ხომ კარიერაში პირველად მოახერხა "განსაკუთრებულის" დამარცხება.

"იქნება თუ არა "არსენალი" ჩვენი მთავარი კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, არ ვიცი, მაგრამ კონკურენტი რომ იქნება, ფაქტია. ამ გუნდს მშვენიერი წინასასეზონო პერიოდი ჰქონდა და, როგორც დავაკვირდი, ფეხბურთელები მხნედ და შემართულად გამოიყურებიან. "არსენალს" ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს და, რასაკვირველია, ჩემპიონობის კანდიდატთა შორის
იქნება" - აღნიშნა კეჰილმა.

"ჩელსიმ" მოსამზადებელი პერიოდი სხვებზე ცოტა გვიან დაიწყო და უფრო გვიან მორჩა. ჟოზე მოურინიო ამბობდა კიდეც, ჯერ ბოლომდე მზად არ ვართო. სუპერთასის მატჩს ბევრი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ხოლმე, მაგრამ კეჰილი მარცხის ამ დამოკიდებულებით გამართლებას სულაც არ აპირებს.

"სუპერთასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც "უემბლიზე" თამაშობ, მატჩი უკვე დიდია, თანაც, დერბი "არსენალის" წინააღმდეგ. თუმცა ტურნედან ცოტა გვიან დავბრუნდით, ვიდრე სხვა გუნდები და ჯერ ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ. მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ მწყობრში რაც შეიძლება მალე ჩავდგეთ. ამ მარცხმა გული დაგვწყვიტა და ის რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ" - დასძინა კეჰილმა.

"არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემზი: "ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და გაგვიხარდა, რომ მოვიგეთ. თუმცა ეს არც პირველი გამარჯვებაა და არც უკანასკნელი. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვიყავით და ეს მოგება თავდაჯერებას უფრო გაგვიძლიერებს. წარმატებების მიღწევა გვინდა და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ".

ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერს ხან "ფეილების სპეციალისტი" ეძახა, ხან "ვუაიერისტი", ხან მრავალწლიანი უტიტულობა და პრემიერლიგის ჩემპიონობის გარეშე ყოფნა ახსენა... ფრანგი პერიოდულად გამოდიოდა ხოლმე წყობიდან, მაგრამ ძირითადად, თავშეკავებული იყო. ახლაც, როდესაც მატჩის მერე მოურინიომ თქვა, უკეთესმა გუნდმა წააგოო, მუსიე არსენი მაქსიმალურად მოზომილი გახლდათ.

"ყველას თავისი აზრი აქვს. ვფიქრობ, თუ მატჩის ფრაგმენტებს გადავხედავთ და სახიფათო მომენტებს დავაკვირდებით... ის სუბიექტურია. მწვრთნელობა ძალიან რთული საქმეა და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ასევე, სხვებს" - განაცხადა ვენგერმა.

მოურინიო ერთ რამეში ნამდვილად მართალია, კერძოდ კი, იმაში, რომ "არსენალმა" თავისი საყვარელი სათამაშო სტილი დაივიწყა და უფრო დაცვით ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი. ამის შესახებ საუბრისას პორტუგალიელი, ტრადიციულად, ცინიკური იყო და სიმართლის მარცვლებგარეულ მწარე რეპლიკებს ისროდა... "ჩელსის" თუ აკრიტიკებთ დაცვიდან თამაშის გამო, როდესაც სხვები იმავეს აკეთებენ, მაშინ რატომ არ იღებთ ხმასო.

ფილოსოფია და "არსენალი"
"მე ვამბობ, რომ უკეთესმა გუნდმა წააგო, ხოლო დაცვითმა ფეხბურთმა მოიგო. როგორც მახსოვს, ჩვეულებრივ, თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ გუნდი, რომელიც თავს იცავს, არ იმსახურებს გამარჯვებას. ასე რომ, ამ მიმართულებით მოვდივარ და მიმაჩნია, რომ უკეთესმა წააგო, ხოლო დაცვითმა მოიგო. გაუთავებლად საუბრობენ ხოლმე თავიანთ ფილოსოფიაზე და შემდეგ მას სათადარიგოთა სკამზე ტოვებენ.

თუმცა ასევე მიმაჩნია, რომ გუნდი, რომელიც 10 კაცით საჯარიმოს მისადგომებთან დგას და სულ ცოტა, 9 მოთამაშეს ტოვებს ხოლმე საკუთარ საჯარიმოსთან, თუ ამას კარგად აკეთებს და ორგანიზებულია, მოგებას იმსახურებს. ასე რომ, ვულოცავ მეტოქეს. ეს ფეხბურთია და თუ რა ტაქტიკით სჯობს თამაში, მწვრთნელი წყვეტს" - ამბობს მოურინიო.

პორტუგალიელმა ისიც თქვა - ასეა, შეცდომებზე სწავლობენ, მერე ფილოსოფიას ივიწყებენ და თუ სჭირდებათ, დაცვიდანაც მშვენივრად თამაშობენო. შეგახსენებთ, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ვენგერმა მოუ დაამარცხა და ამ ერთი მარცხის გამო მის მაკრიტიკებლებს "ჩელსის" ფანების უფრო დიდი ნაწილი ამ სპეციალისტების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას ახსენებს - 7 მოგება მოურინიოს, 6 ფრე და ერთადერთი გამარჯვება ვენგერს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ეს მას დიდად არ აწუხებდა და გავლენას არ ახდენდა მის მუშაობაზე, მაგრამ შესაძლოა, ეს ფებურთელებისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი.

"გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩემზე გავლენას არ ახდენდა და ამაზე ზედმეტად ნამდვილად არ ვფიქრობდი, ყველა შეხვედრისთვის დამოუკიდებლად და ჩვეულებრივი შემართებით ვემზადებოდი. შესაძლოა, ეს ზოგიერთი ფეხბურთელისთვის და შესაბამისად, გუნდისთვის იყოს მნიშვნელოვანი და დამატებითი მოტივაციის მომცემი. ალბათ, სწორედ ამ ფსიქოლოგიურმა მომენტმა ითამაშა და ფეხბურთელები უფრო ანგარიშის შენარჩუნებასა და თავდაცვაზე ფიქრობდნენ, ვიდრე შეტევაზე, მაგრამ ჩვენ საკუთარი ფილოსოფია არ შეგვიცვლია და არც ვაპირებთ ამას. გამარჯვება კი დავიმსახურეთ და უნდა ვიამაყოთ ამით" - დაამატა ვენგერმა.

როგორ "ასცდა" ვენგერი მოუს
მოურინიო-ვენგერის საგა ამით არ დამთავრებულა და "სიტყვების ომითა" თუ mind games-ით არ შემოფარგლულა. ინციდენტი მინდორზეც მოხდა. საფინალო სასტვენის შემდეგ მოურინიო "არსენალის" ფეხბურთელებს დაელოდა, ზეიმის პირველი ტალღა აცადა, ტრიბუნიდან ჩამობრუნებულებს იქვე დახვდა, სათითაოდ მიესალმა მათ და მიულოცა.

აი, ვენგერმა კი მას თავი აარიდა, ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდა და მოურინიოც დარწმუნებულია, რომ ფრანგი მას გაურბოდა, რადგან ხელის ჩამორთმევა არ სურდა. თუმცა თავად ვენგერმა აღნიშნა, რომ თავი არავისთვის აურიდებია.

"მატჩის შემდეგ იმას ვაკეთებდი, რაც ჩემს და ჩემი კლუბის სტატუსს შეეფერება. ვფიქრობ, მწვრთნელი ასე უნდა იქცეოდეს. "არსენალის" ყველა ფეხბურთელი წამოვიდა ჩემი მიმართულებით, რადგან ეს ყველაზე ადვილი გზა იყო, იქ ვიდექი. ამცდებოდა მხოლოდ ის, ვისაც ენდომებოდა, რომ ამცდენოდა" - განაცხადა მოურინიომ.

ვერცხლის მედლის ამბავი
პორტუგალიელი კიდევ ერთი ფაქტით გამოირჩა. გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში შესვლამდე მან კუთვნილი ვერცხლის მედალი მოიხსნა და ტრიბუნისკენ ისროლა. ის 10 წლის ფანმა ბობი ჯილმა დაიჭირა. სანამ მოუ ამას გააკეთებდა, თითქოს, მისი მისამართით რაღაც ისროლეს და ძნელი სათქმელია, ეს გაბრაზებული ჟოზეს რეაქცია და ერთგვარი პასუხი გახლდათ თუ უბრალოდ, ასე მოუნდა ან პუბლიკაზე ითამაშა. მისეული ახსნაც საინტერესოა.

"ვერცხლის მედალი ლუზერის მედალია... ამ ბიჭუნასთვის სასიამოვნო საჩუქარი და მოსაგონარი იქნება" - გვითხრა მოუმ.

პორტუგალიელმა ისაუბრა იმაზეც, რომ მისი გუნდი ნელ-ნელა აუცილებლად მოუმატებს და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ სეზონის სტარტი კარგი გამოუვიდეს. დიეგო კოშტას დაბრუნებაც სულ მალეა მოსალოდნელი. "არსენალს" კი მალე დასვენებული ალექსის სანჩესი შეემატება და, რაც მთავარია, ჯეკ უილშირის დაზიანება არ გამოდგა სერიოზული.

დაბოლოს, ვენგერს მადრიდის "რეალიდან" ქარიმ ბენზემას შესაძლო შეძენაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ არაფერი არ ხდება და ისიც კი არ ვიცი, ამ ჭორებს ინგლისური პრესა ავრცელებს თუ ესპანურიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული